ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 300-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეტყობინებები შევიდა როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან, მათ შორის იყო სურამი, ხაშური, ადიგენი და ახალციხე.
აღნიშნულ რეგიონებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები. უწყების ცნობით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ამ წუთებშიც მუშაობენ შემთხვევის ადგილებზე.
დღის განმავლობაში, ძლიერი წვიმის გამო დაფიქსირდა მიწის მცირე მასების ჩამოშლის ფაქტები, ერთ-ერთი იყო ბორჯომთან, სადაც სპეცტექნიკა მუშაობდა და ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. გარდა ამისა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, წვიმამ პრობლემები შექმნა სურამში, სადაც ადიდდა მდინარე სურამულა და დატბორა მიმდებარე ტერიტორია.