ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ადასტურებენ, რომ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინჭებასთან დაკავშირებით განხილვა დაიწყო.
როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, ეს პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და ამ პერიოდში სახელმწიფო ვერ გადასცემს ჩაბუქს თურქეთს.
„შესწავლა გულისხმობს შემდეგს, რამდენად შეესაბამება მის მიერ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა საერთაშორისო კონვენციას, საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე საქართველოს კანონმდებლობას. ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ამისთვის საჭიროა, მისმა ადვოკატებმა წარმოადგინოს ის საბუთები, რომელიც ცხადყოფს, რამდენად ჯდება კონვენციის დაფარვის ქვეშ,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
მისი ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ედება ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა. სოსო ბარათაშვილის შეფასებით, ბრალდების დასაბუთება კრიტიკას ვერ უძლებს. მისივე თქმით, აღნიშნული საქმე ეხება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ექსტრადირების საკითხს, არამედ საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო რეპუტაციასაც.
მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. დღეს, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, ჩაბუქის მეგობრები, თანამშრომლები და ნათესავები. ისინი კანცელარიიდან პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ, სადაც მშვიდობიანი აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, რომ არ გადასცეს თურქეთის მხარეს ჩაბუქი. ისინი მის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფებოდნენ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლი და შვილები.