ბორჯომის სოფელ ქვაბისხევში, ექსკურსიაზე მყოფი მესამე საჯაროს სკოლის მათემატიკის მასწავლებელი კლდიდან დაგორდა და ადგილზევე გარდაიცვალა. რა მოხდა ექსკურსიის დროს? ამის შესახებ „მეტრონომს“ შემთხვევის ადგილზე მყოფმა სკოლის დირექტორმა ვახტანგ სუხიტაშვილმა ესაუბრა.
მისი ინფორმაციით, გორის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგებმა, შოთა რუსთაველის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ქვაბისხევში იმ ეკლესიის მონახულება გადაწყვიტეს, სადაც, სავარაუდოდ, შოთა რუსთაველისა და დედამისის ფრესკებია გამოსახული.
დირექტორის განცხადებით, ეს იყო მასწავლებლების ექსკურსია, სადაც ბავშვები არ იმყოფებოდნენ. მისი თქმით, მათ ბორჯომში ყველა სალოცავი ადგილი მოილოცეს, ხოლო ბოლოს, წმინდა გიორგის ეკლესიის მოსანახულებლად გაჩერდნენ. ეკლესია 200-250 მეტრზე იმყოფება, სადაც მასწავლებლების ნაწილმა საცალფეხო ბილიკით ასვლა გადაწყვიტეს. დირექტორის განცხადებით, ის და სხვა რამდენიმე პედაგოგი დაბლა სადილის გასაშლელად დარჩნენ.
სწორედ ეკლესიიდან უკან დაბრუნების დროს, მოხდა უბედური შემთხვევა. მათემატიკის მასწავლებელს, რომელიც სხვა თავის კოლეგასთან ერთად ბილიკზე ფეხით ჩამოდიოდა, მოულოდნელად წაბორძიკდა, ფეხი დაუცდა და 50 მეტრის სიმაღლის კლდიდან დაგორდა. მისი დახმარება ვერავინ შეძლო და ის მიღებული მძიმე ტრამვების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.
„გამოძიება მიმდინარეობს, ზუსტად არავინ იცის სინამდვილეში რა მოხდა. რამ უმტყუნა მასწავლებელს. ერთი ვერსიით, შესაძლოა მას წნევამ აუწია და წონასწორობის დაკარგვის შედეგად თავი ვეღარ შეიკავა და კლდიდან გადავარდა. როგორც მასთან ერთად თანმხლები მასწავლებელი ყვება, გარდაცვლილი ბილიკზე მასზე წინ მიდიოდა. იმდენად ვიწრო ბილიკი იყო, რომ მასწავლებლები ერთმანეთს საკმაოდ დაშორებულები იყვნენ. მან დაინახა, რომ ქალბატონი შეფერხდა და აღარ მიდიოდა.
დაუძახა ცუდად ხომ არ ხარო, მაგრამ მას ხმა არ გაუცია. ამის შემდეგ კი წინ წაბორძიკებულა და კლდიდან დაგორებულა. სამწუხაროდ ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მისმა კოლეგამ დახმარება ვეღარ მოასწრო.
თანაც იმდენად ვიწრო ბილიკო იყო, რომ იქ სწრაფად მოძრაობაც შეუძლებელი იყო. პოლიცია და სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ.
საწყალს, ზემოდან ვარდნის შედეგად იმდენად მძიმე ტრამვები ჰქონდა მიღებული, რომ ის ადგილზევე გარდაცვლილი დაგვხვდა. საკმაოდ გამოცდილი და ღვაწლმოსილი მასწავლებელი იყო.
მას თაობები ჰყავს აღზრდილი. ასეთ ლაშქრობაშიც პირველად არ ყოფილა და შესაბამისად ვერც იმას ვიტყვით, რომ გამოუცდელი იყო და უსაფრთხოების ზომები არ დაიცვა.
ასეთ ადგილებში ხშირად დადიოდა და არ მგონია, მას ეს გამოუცდელობის გამო მოსვლოდა. უფრო იმ ვერსიას ვეყრდნობით, რომ მას წნევამ აუწია და წონასწორობა დაკარგა“, – ამბობს სკოლის დირექტორი „მეტრონომთან“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ელზა პაპოშვილი