“მეტრონომი” ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესიდან
სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმის არსებით განხილვას დღეიდან იწყებს. სხდომას ბრალდებული ადვოკატებთან ერთად დაესწრება. პროცესი დახურულია. როგორც “მეტრონომის” კორესპონდენტი სასამართლო შენობიდან იუწყება, პროცესს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უნდა დასწრებოდა, რადგან, მისი თქმით, მას ამის უფლებამოსილება გააჩნია, თუმცა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ის პროცესზე არ დაუშვა:
“მოსამართლე ამიხსნა რომ მას არ აქვს საფუძველი იმისთვის რომ რომელიმე ნორმა მიუთითოს დახურულ პროცესზე სხვა პირის დასასწრებად. ამიტომ შემომთავაზა მეორე პროცესისთვის შევთანხმდეთ, თუ რა ფორმით დაესწრება პროცესს სახალხო დამცველი. მსგავსს პროცესზე სახალხო დამცველის დასწრება არსად აკრძალული არ არის. დახურულ პროცესზე სახალხო დამცველის დასწრებასთან დაკავშირებით რაიმე ჩანაწერი არ არსებობს. სახალხო დამცველს გააჩნია ის უფლებამოსილება, რომ ჰქონდეს წვდომა მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოზე. მივცემ შანსს სასამართლოს რომ შედგეს თანამშრომლობა და სახალხო დამცველი შემდეგ სხდომაზე დაესწროს პროცესს”-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სამართლებრივი დარღვევა იყო:
“არსებობს ორგანული კანონი, სადაც დეტალურად არის გაწერილი, თუ რა უფლებამოსილება აქვს სახალხო დამცველს. მგონი, სასამართლოსთვის არ უნდა გვჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ კანონი ბევრად უფრო მაღალ იერარქიას წარმოადგენს იურისპრუდენციაში, ვიდრე საპროცესო კანონმდებლობა. ეს გამოდის სამართლებრივი დარღვევა. არ იფიქროთ, რომ სასამართლოში ვინმემ შესაბამისი კანონი არ იცის. მათ, ალბათ, უნდათ ზემდგომებიდან აიღონ ნებართვა, დაუშვან თუ არა უჩა ნანუაშვილი. ეს დღეები, ალბათ, იქნება ზემდგომ თანამდებობებში სასამართლოს კუთხით, დაუშვან თუ არა ომბუდსმენი. ეს არის ნების გამოხატვა, იყოს თუ არა სასამართლო საჯარო, ესწრებოდეს თუ არა სახალხო დამცველი, იყოს თუ არა მონიტორინგი… აქ არის ერთადერთი რამ: მათ ეშინიათ და გაურბიან სიართლეს.”-განაცხადა ფანცულაიამ.
ბრალდებული დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, პროცესს დეკანოზი დაესწრება:
“აუცილებლად დაესწრება მამა გიორგი დღევანდელ პროცესს. ამავდროულად პროცესზე იქნებიან სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატები და მათი მონაწილეობის საკითხი დღეს გადაწყდება. “-განაცხადა რამიშვილმა.
რაც შეეხება პროკურორ ჯარჯი წიკლაურს, მან როგორც ჟურნალისტებთან განაცხადა, სახალხო დამცველის სხდომაზე დასწრების საკითხს გადაწყვეტს მოსამართლე:
“წარვსდგებით შესავალი სიტყვით. ამისთვის წინა პროცესზეც ვიყავით მზად, მაგრამ ადვოკატებმა არასათანადო ქცევით ჩაშალეს სხდომა და ბრალდებულის მოწოდებაზე დატოვეს სასამართლო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ადამიანებიდ აბრუნებიან სამართლებრივ სივრცეში და ბრალდებულის ყოველ მოწოდებაზე არ დატოვებენ პროცესს. ჩვენ მოვახდენთ მტკიცებულებების დემონსტრირებას. ამ ეტაპზე სხდომა დახურულია და მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უცა ნანუაშვილი დაესწრება თუ არა პროცესს. “-განაცხადა წიკლაურმა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციას, რომ მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ასევე ჩართული იყო პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში, პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს:
“არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიას გადაამოწმებს.”-განაცხადა პროკურორმა.
დეკანოზის მეორე ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებები შორენა თეთრუაშვილის სცენარია.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, მეუფე პეტრე ცაავა დაინტერესებული იყო პატრიარქის ჩამოშორებით და მას ამის მტკიცებულებები გააჩნია.
ავტორი: ნინო ცხადაია