ე.წ. მატროსოვის ციხეში „ციანიდის საქმეზე“ ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმყოფება. მისი თქმით, ის დეკანოზთან გარკვეულ საკითხებზე სასაუბროდ მივიდა.
რამიშვილის განცხადებით, ის მამა გიორგისთან საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე აპირებს საუბარს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დეკანოზი 50 მილიონი ევროს გათეთრების მცდელობაში დაადანაშაულა.
„ბევრ საკითხზე გვაქვს საუბარი. ერთ-ერთი იქნება საპატრიარქოს იურისტის მიერ გაკეთებული განცხადება. ეს ჩემთვის გაუგებარია, არანაირ შემხებლობაში არ არის საქმესთან იმ ე.წ. 50 მილიონიანი გათეთრებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.
ეს არის აბსურდული და მინდა ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოება გავარკვიოთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე და რატომ ხდება საპატრიარქოს მხრიდან არარსებული საკითხების წინ წამოწევა. ბევრი კითხვის ნიშანია საქმეში და აუცილებელია მალე გაირკვეს . მამა გიორგის რომ ჰქონოდა შეხება ამ თანხასთან, მას ყველაფერი უზრუნველყოფილი ექნებოდა”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას თქმით, “ციანიდის საქმეში” ბრალდებული, დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე, ეკლესიის სახელით, ესპანეთიდან საქართველოში 50 მილიონი ევროს უკანონო ტრანზაქციას აპირებდა. ამის შესახებ იურისტმა “განსხვავებულ აქცენტებში” განაცხადა.