ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან, ქალაქის მერიის სამსახურებმა სუვენირებით მოვაჭრეთა ჯიხურები აიღეს.
პროცესი სამართალდამცველების თანხლებით მიმდინარეობდა, რადგან ჯიხურების აღებას მოვაჭრეთა უკმაყოფილება მოჰყვა.
ისინი მერიამ რამდენიმე თვის წინ გააფრთხილა და სანაცვლოდ სავაჭრო ადგილებიც შესთავაზა, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ მერია 60 ადამიანს 25 ჯიხურს და მორიგეობით ვაჭრობას სთავაზობს, რაც მათთვის მიუღებელია.
მერიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მოვაჭრეები ერთი პირის ბიზნესით არიან დაკავებული, რომელსაც ისინი არალეგალურად დაქირავებული ჰყავს.
მისივე თქმით, „ვაჭრობა არის უკანონო, ჯიხურები კი უსახური და სწორედ ამიტომაც მოხდა მათი გადატანა“.
ის ჯიხურები, რომელიც წუხელ აიღეს, ბათუმის მერიამ ჯერ კიდევ სამი წლის წინ აიღო, თუმცა მოვაჭრეთა პროტესტის შემდეგ უკანვე დააბრუნა.
ჯიხურების გადატანას მაშინ პროტესტი საზოგადოების მხრიდანაც მოჰყვა, რადგან მათ თავი მოუყარეს და ქალაქის ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილზე, ნავსადგურის შესასვლელში ერთად დაალაგეს. საზოგადოებამ მაშინ ჯიხურებს „ერმაკოვის ბუტკები“ უწოდა.