„მეტრონომი“: სასამართლოდან
ავტორი: ნინი ცხადაია
ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლი პროცესზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ სასამართლო პრაქტიკაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრალდების მხარე ბრალდებულს ემუქრება პერსონალური ინფორმაციით.
”ეს არის პირველი შემთხვევა სასამართლო პრაქტიკაში, როდესაც სასამართლო პროცესზე ბრალდება ბრალდებულს ემუქრება პერსონალური ინფორმაციით.
ეს არის შანტაჟი, მომიყვანოს ერთი მაგალითი, როდესაც ბრალდება ბრალდებულს ასე საჯაროდ ასანტაჟებდეს. თუ ბრალში მოხსენიებულია საერთოდ სატელეფონო და კომპიუტერული მიმოწერა, არის თუ არა ეს დანაშაულის მომზადებაში და ანგარებასთან კავშირში?”- განაცხადა სასამართლო პროცესზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
მას მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიმართა, რომ მან გადაწყვეტილება შუამდგომლობების მოსმენის შემდგომ უნდა მიიღოს სამართლებრივი საფუძველით და არა ემოციურ ნიადაგზე. შესაბამისად, მან ადვოკატს მოუწოდა, რომ ბრალდების მხარის მსგავსად სამართლებრივი არგუმენტებით ისაუბროს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებით, მას დასამალი არაფერი აქვს და მზად არის მისი პირადი მიმოწერა გასაჯაროვდეს.
”მე ვეთანხმები ადვოკატებს. მე მინდა ვთქვა, რომ დასამალი არაფერი მაქვს. მინდა კითხვა დავსვა – ჩვენ განვიხილავთ აქ ჩემი როგორც მოქალაქის თუ სასულიერო პირის საქმეს, მკვლელობის მცდელობას თუ ჩემს პირად მიმოწერას? მზად ვარ გასაჯაროვდეს ჩემი პირადი მიმოწერა რომელიც საქმესთან შემხებლობაშია. რატომ უნდა გასაჯაროვდეს მიმოწერა თუ საქმესთან შემხებლობაში არ არის? მე მოვითხოვ რომ სასამართლო სხდომები, რომლებიც ეხება ბრალდებას – მკვლელობის მომზადებას და იარაღის შენახვას იყოს ღია და საჯარო”- განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგონლობის დახურულ სხდომაზე განხილვა არ დააკმაყოფილა, შესაბამისად პროკურორმა შუამდგონლობა სხდომის დახურვის თაობაზე საჯარო სხდომაზე დააყენა.
პროკურორი როგორც აღნიშნავს, საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ ბრალდებულის პირადი მობილური ტელეფონიდან და პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებული მიმოწერა შეეხება ბრალდებულის შესახებ ინტიმურ დეტალებს და დაუშვებელია მისი საჯაროდ განხილვა.
ასევე, ინტიმურ დეტალებს შეიცავს სხვა მტკიცებულებებიც, შესაბამისად პროკურორი თვლის, რომ ამ მტკიცებულებებში მონაწილე მესამე პირების ინტერესები შეილახება საქმის საჯარო განხილვით.