ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები, ფარცხალაძესთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მის შესწავლას პროკურატურაში მოითხოვენ. როგორც ადვოკატებმა განმარტეს, როგორც კი მასალები გამოქვეყნდება, მისი შესწავლის მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ.
„მოვუწოდებთ მთავარ აუდიტორს – ამ ატეხილი აჟიოტაჟის მთავარ პერსონას, დროულად გამოაქვეყნოს ის დასკვნა, რომელზეც უკვე დღეებია, რაც მიდის საუბარი, თუმცა დასკვნა არ ქვეყნდება. საზოგადოებისაგან ბატონ ოთარს არაფერი აქვს დასამალი და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, თხოვნით შეისწავლონ დასკვნა და საზოგადებას ამცნონ სრული სიმართლე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბატონი თორდია არ გამოაქვეყნებს დასკვნას, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს ბატონი ოთარ ფარცხალაძის პატივისა და ღირსების შელახვისათვის“, – განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.
ადვოკატ გაგი მოსიაშვილის თქმით კი, როდესაც თორდია გამოძიების მუხლის გადაკვალიდიცირებას მოითხოვს, „კანონში უნდა ჩაიხედოს“.
„რაც შეეხება ბატონ თორდიას, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რომ თითქოსდა, გამოძიება უნდა დაკვალიფიცირებულიყო სსსკ-ის 325-ე ან 353-ე მუხლით, საზოგადოებას ვამცნობთ, რომ ბატონი თორდია არ გახლავთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ან ხელისუფლების წარმომადგენელი და ამ მუხლით გამოძიება ვერ დაკვალიფიცირდებოდა. ვთხოვთ ყველას, განცხადების გაკეთებამდე გადახედონ კანონს”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.