ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეპუტატის ვაჟის გარდაცვალების საქმე პროკურატურამ გადაიბარა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილის, 21 წლის ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში შესაძლოა პოლიციის თანამშრომელთა ბრალეულობა გამოიკვეთოს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას პოლიციამ გორის გვირაბთან სატვირთო ავტომობილით ჩაუხერგა გზა, რომელსაც ხილვადობის ნაკლებობის გამო ხახუბია მაღალი სისწრაფით შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს “რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა:

“საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას ვაჟი, ბექა ხახუბია მანქანით მიემგზავრებოდა თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც მას დაახლოებით გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვა. ბექა ხახუბია, ვინაიდან იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიშით, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას და დასხლტომის მიზნით, გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით.

ხაშურთან, ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა და ხაშურის ცენტრში, წრესთან, მოაბრუნა ა|მანქანა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო. ამ დროს, გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო მანქანა და მოახდინეს გორის გვირაბის გასასვლელის ჩახერგვა. დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. სამწუხაროდ,საპატრულო პოლიციის უკანონო ქმედების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა,” – წერს სოციალურ ქსელში ზვიად კუპრავა.

მომხდართან დაკავშირებით თავდაპირველად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე -5 ნაწილით, თუმცა 17 მაისს ეს საქმე უკვე მთავარმა პროკურატურამ გადაიბარა, რომელიც სსსკ–ის ამავე მუხლითა და ნაწილით აწარმოებს გამოძიებას.

იტვირთბა....