„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ კულტურის პალატის პრეზიდენტ დავით ოქიტაშვილთან
მანა ნოდია
ჯგუფი „სახის“ ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებული დაპირისპირების მიმართ ინტერესი არ ცხრება. დათო ოქიტაშვილი, რომელმაც 17 წლის წინ დააპატენტა ვარსკვლავის კონკრეტული ფორმა, აცხადებს, რომ ან მასთან უნდა შეეთანხმებინა ჯგუფს ვარსკვლავის გახსნა, ან – კულტურის სამინისტროსთან, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ ორ სუბიექტთან შეთანხმებით შეიძლება ამ უკანასკნელის მიღება.
უფრო ზუსტად, როგორც დათო ოქიტაშვილი „მეტრონომთან“ აცხადებს, 2000 წელს მან დააპატენტა ვარსკვლავის კონკრეტული ფორმა და 2010 წლამდე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შერჩეულ ხელოვანებს უხსნიდა, ხოლო 2010 წელს, კულტურის მაშინდელმა მინისტრმა, ნიკა რურუამ, სამინისტროს სახელზე სხვა ფორმის ვარსკვლავი დააპატენტა და ასე გაჩნდა ორი ვარსკვლავი. 2013 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, კულტურის სამინისტრომ დაპატენტებული ვარსკვლავის გახსნის კომპეტენციაზე უარი თქვა, რათა, როგორც ოქიტაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, საზოგადოებაში ქაოსი არ გამოეწვია. ვარსკვლავის გახსნის ერთპიროვნული უფლება კვლავ ოქიტაშვილს დაუბრუნდა. თუმცა, 17 წლის შემდეგ, ერთ დღესაც გამოჩნდა ჯგუფი „სახე“, რომელმაც კონცერტი ჩაატარა და თან, 2010 წელს კულტურის სამინისტროსთვის დაპატენტებული ვარსკვლავიც გაიხსნა. როგორც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, დათო ხუჯაძე მედიასთან აცხადებს, ვარსკვლავის გახსნის უფლება ერთ, კონკრეტულ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს. კითხვა, თუ რატომ ხსნის მხოლოდ დათო ოქიტაშვილი ვარსკვლავებს, საზოგადოების ნაწილსაც აქვს. მაგალითისთვის, იუმორისტმა ნიკა ქავთარაძემ სოციალურ ქსელში კითხვები დასვა: „რატომ არ ეკუთვნის ვარსკვლავი “სახეს”? რატომ ეკუთვნის ოქიტაშვილს ვარსკვლავების გახსნის ექსკლუზივი?“…
„მეტრონომმა“ ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მისაღებად თავად დათო ოქიტაშვილს მიმართა.
„მეტრონომი“: ჯგუფი „სახის“ ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით კვლავ გაუგებრობაა. თუ არის რამე სიახლე ამ მხრივ?
დათო ოქიტაშვილი: გაუგებარი სიტუაციაა თვითონ კულტურის სამინისტროში. კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ არანაირი ნებართვა ვარსკვლავის გახსნაზე არ გაუცია. ის ვარსკვლავი, რაც („სახემ“.რედ) გაიხსნა, კულტურის სამინისტროს აქვს დაპატენტებული და ჩნდება აზრი, რომ გახსნა მათთან შეუთანხმებლად მოხდა. ეს არის ხუთქიმიანი ვარსკვლავი, ნიკა რურუას მინისტრობის დროინდელი, რომელიც 2010 წელს საქპატენტმა დაადასტურა და სწორედ მათ გვითხრეს, რომ კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, ამ ვარსკვლავის გახსნის უფლება „სახეს“ არ ჰქონდა.
რა საკვირველია, ამაზე პასუხი კულტურის სამინისტრომ უნდა გასცეს. აქვე მათ (სამინისტროს) მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან 17 წელია ვთანამშრომლობთ. ამასთან, მათ „სახის“ ვარსკვლავთან დაკავშირებითაც დააფიქსირეს პოზიცია – მათ პრეროგატივაში არ შედის ვარსკვლავების გახსნა და ამით ხაზი გაუსვეს იმას, რომ ვარსკვლავის გახსნას წლების განმავლობაში აწარმოებდა ადამიანი, რომელმაც ეს თავიდან დააპატენტა (დავით ოქიტაშვილი. რედ).
დათო ხუჯაძის განცხადება, რომ მე ვარსკვლავების გახსნასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად ვიღებდი გადაწყვეტილებას, ცილისწამებაა. ეს ხდებოდა საზოგადოებრივ და იმ ორგანიზაციებთან შეთანხმებით, ვისთანაც მოღვაწეობდა ესა თუ ის მსახიობი. მაგალითად, რუსთაველის თეატრის საინიციატივო ჯგუფი იკრიბებოდა და შემოჰქონდათ ამა თუ იმ გამოჩენილი ადამიანის ვარსკვლავის გახსნის წინადადება. ბატონ დათო ხუჯაძეს ვპასუხობ, რომელიც მაბრალებს, რომ ერთპიროვნულად ვხსნიდი ვარსკვლავებს და საერთოდ, თურმე რა უფლება მაქვს, რომ გავხსნა…
ეს არის პროექტი, რომელიც 17 წლის წინ, 2000 წელს, მე შემოვიტანე საქართველოში, დავაპატენტე და მასვე ვეკითხები – ბატონო დავით, საზოგადოებას იქნებ აცნობოთ, იმ გახსნილი ვარსკვლავებიდან რომელი არ იმსახურებდა გახსნას: ნანი ბრეგვაძე, სოფიკო ჭიაურელი, რამაზ ჩხიკვაძე, ბიძინა კვერნაძე, ანსამბლი სუხიშვილები, ნინო რამიშვილი, გინდაც ქალბატონი ირმა სოხაძე, ან ბორის ჯანაშია, რომელიც ებრაელი მეცენატია, რომელსაც ვარსკვლავი გავუხსენით, როგორც ქველმოქმედ ადამიანს და ეს მთავრობის დადგენილება იყო.
17 წლის განმავლობაში ჩემთან არავინ არ მოსულა და არ უთქვამს, ვარსკვლავი უნდა გამიხსნაო. მათ („სახემ“. რედ) ეს შეცდომა დაუშვეს. მე უარზე კი არ ვიყავი, ვთქვი, რომ საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო და მოდი, ოქტომბერში გადავიტანოთ ვარსკვლავის გახსნა, მანამდე კი საზოგადოებასთან შევათანხმოთ – მეთქი. ყველაფერი ხუჯაძის ამბიციებმა გადაიყოლა. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ვარსკვლავი უკანონოდ არის გახსნილი. 17 წლის განმავლობაში ასეთი რამ არავის უკადრებია. დათო ხუჯაძემ ხაზი გადაუსვა ყველა იმ ადამიანის შრომას, რომლებმაც ეს ყველაფერი მოიპოვეს. ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, სად უნდა მისი ვარსკვლავი იყოს, იმ ადამიანებს შორის, როგორებიც არიან ნანი ბრეგვაძე, რამაზ ჩხიკვაძე, „ერისიონი“ და ა.შ. თუ ცალკე მდგომ ჯგუფი „სახესთან“. მათი ვარსკვლავის ისტორია, ძალიან ცუდად დამთავრდება და ამ გადაწყვეტილებას საზოგადოება მიიღებს. თან მათ მოიპარეს იმ ვარსკვლავის ფორმა, რომლის გახსნის უფლებაც არ ჰქონდათ კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.
– ჩნდება კითხვა – მხოლოდ დათო ოქიტაშვილი რატომ უნდა ხსნიდეს ვარსკვლავს?
– მე დავაპატენტე კონკრეტული ვარსკვლავის ფორმა და ეს პროექტი 17 წლის განმავლობაში მუშაობს. არავის არ გასჩენია აზრი, რომ პარალელურად დაეწყო მსგავსი პროექტი, მაგრამ 2010 წელს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ნიკა რურუამ ეს პროექტი ფაქტობრივად წამართვეს, რადგან შეცვალეს ვარსკვლავის ფორმა და ნიკა რურუას ხელმოწერით მიიღეს მისი დაპატენტების საშუალება, რისი მფლობელიც გახდა კულტურის სამინისტრო და რის შემდეგაც გაჩნდა ორი ვარსკვლავი.
ბატონი ხუჯაძე დიდ შარშია გახვეული, რადგან წერილობითი კითხვით მივმართე კულტურის სამინისტროს, მისცეს თუ არა უფლება ჯგუფ “სახეს”, ის ვარსკვლავი გაეხსნათ, რომელიც 2010 წელს დაპატენტდა კულტურის სამინისტროს მიერ. ვიცი რა პასუხსაც ამზადებენ, რადგან მათ უკვე გაავრცელეს პასუხის წინა წერილი, სადაც აღნიშნავენ, რომ ვარსკვლავების გახსნის პროცესში არ ერევიან. „ქართულმა ოცნებამ“ და კონკრეტულად, კულტურის მაშინდელმა მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, 2013 წელს, ვარსკვლავის გახსნის უფლება დაუბრუნა მის მფლობელს, ვისი იდეაც ეს იყო, ანუ – მე.
– ბატონო დათო, იურიდიული კუთხით მაინტერესებს, სხვა ფორმის ვარსკვლავი რომ მოვიფიქრო და დავაპატენტო, შემიძლია მეც გავხსნა?
– 2000 წელს, როცა დავაპატენტე ვარსკვლავი, მთავრობის დადგენილებაში გაპარული იყო ხარვეზი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფილარმონიას შეეძლო მათთვის (მთავრობისთვის) უარი ეთქვა ვარსკვლავის გახსნაზე, მაგრამ, რეალურად, მაინც ნებართვა მთავრობისგან და მერიისგან უნდა გაცემულიყო, რადგან ფილარმონიის ის წითელი ხაზები (სადაც ვარსკვლავები იხსნება. რედ) მერიის და ეკონომიკის სამინისტროს ტერიტორიაა. ფილარმონიის დირექცია კი შეცდომაში იყო შეყვანილი, რადგან მათ („სახემ“. რედ) ანახეს რაღაც საბუთი… ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს საკთხი კომისიამ გადაიბარა. აზრადაც არავის მოგვსვლია, რომ 2000 წლის კანონის დადგენილებაში ჩაგვეხედა, რადგან მას მერე ბევრი კანონი შეიცვალა და ეს ვარსკვლავები ისე ხალისით იხსნებოდა და ყველა ისეთი ბედნიერი იყო ამ პროექტით, მანამ ხუჯაძეს… მას ჩემგან უარი კი არ მიუღია, მე ვუთხარი, რომ ოქტომბრამდე გადაგვეტანა საკითხი და მანამდე ხალხის აზრი შეგვესწავლა. „სახე„ როცა დაარსდა, სამი ადამიანი იყო ჯგუფში. ახლა ჩატარებულ კონცერტსა და ვარსკვლავის გახსნაში მონაწილეობაზე გოგა ხაჩიძემ უარი განაცხადა. როცა ვარსკვლავს ხსნი, ის ადამიანებიც უნდა დაფასდნენ, რომლებიც ერთად იყვნენ.
– ანუ ვარსკვლავი ჯგუფის მხოლოდ ორ წევრს გაეხსნა?
– არა, ვარსკვლავი ჯგუფ „სახეს“ გაეხსნა, მაგრამ ერთმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა მონაწილეობაზე.
– ეს არაფერს ცვლის, ბატონო დათო, შეიძლება ბევრ ჯგუფს გამოკლებია წევრი, ან შეცვლილა ვინმე, მაგრამ ვარსკვლავი გახსნიათ.
– მე მაქვს ჩანაწერი, სადაც ყველა, ვისაც ვარსკვლავი აქვს გახსნილი, აფიქსირებს, რომ დათო ოქიტაშვილს არასოდეს საკუთარ თავზე არ აუღია ეს პროცესი. უნიკალური არქივი მაქვს. ეს პროექტი მე დავაპატენტე და 2 000 წლიდან ეს იდეა მე დავნერგე. ხუჯაძის ამბიციას ამ პროექტს არ გადავაყოლებ.
– ბევრ იურიდიულ საკითხს შევეხეთ და მაინც ამომწურავ პასუხამდე ვერ მივედით, ამიტომ ისევ გკითხავთ, პროექტია დაპატენტებული და საქართველოში ვარსკვლავის გახსნა სხვას არ შეუძლია თუ ვარსკვლავის კონკრეტული ფორმა გაქვთ დაპატენტებული?
– შეუძლიათ გახსნა, ოღონდ სხვა ფორმის. „სახემაც“ სხვა ფორმის ვარსკვლავი გახსნა, ოღონდ იმ ფორმის, რომელიც კულტურის სამინისტროს აქვს დაპატენტებული და ნებართვა მათგან უნდა ჰქონოდათ, რაც არ აქვთ. კულტურის სამინისტრო ჭკვიანურად მოიქცა, როცა განაცხადა, რომ ვარსკლავის გახსნა მათ კომპეტენციაში არ შედის, რადგან იციან, რომ 17 წლის განმავლობაში ერთი ადამიანი (დათო ოქიტაშვილი. რედ) აკეთებს ამ პროექტს და საზოგადოებაში კიდევ სხვა ვარსკვლავის გახსნით ქაოსი არ გამოეწვიათ. ამიტომ მათ (სამინისტრომ) კოლეგილურად, 2013 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვარსკვლავს კულტურის სამინისტრო აღარ ხსნის და გააგრძელეს ის კურსი, რასაც ჩვენ 2000 წლიდან ვაკეთებთ. ამავდროულად, ვარსკვლავი შ.პ.ს.-მ არ უნდა გახსნას, როგორც ეს „სახემ“ გააკეთა, სახელმწიფო ორგანიზაციამ უნდა გახსნას, როგორც ამას აკეთებდა 2000 წლიდან 2008 წლამდე მერიის კულტურის საქალაქო სამსახური, 2008 წლიდან 2010 წლამდე – კულტურის სამინისტრო და 2013 წლიდან დღემდე ამას აკეთებს კულტურის პალატა.
– რომლის პრეზიდენტიც ბრძანდებით. ეს ხომ გარდამავალი სტატუსია, ანუ კულტურის პალატის სხვა პრეზიდენტიც გააგრძელებს ვარსკვლავის გახსნას?
– ეს პროექტი ჩემი დაპატენტებულია. მე ვხსნი იმას, რაც დავაპატენტე. ვთქვი საკრებულოში, შეგიძლიათ ეს პროექტი წაიღოთ-მეთქი. ვიღას უნდა გავუხსნათ ვარსკვლავი, ყველა დიდ ვარსკვლავს უკვე გახსნილი აქვს. აქვე, ექსკლუზიურად გეუბნებით, რომ პირველ ივნისს ჯგუფ „ბასტი ბუბუს“ ვუხსნით ვარსკვლავს, ანსამბლს, რომელზეც თაობა გაიზარდა. მე ჩემ ხაზს გავაგრძელებ. ვისაც უნდა დათო ოქიტაშვილის დაპატენტებული ვარსკვლავი, აირჩიოს და ვისაც უნდა, თუ ხუჯაძე მოიფიქრებს ახალ ვარსკვლავს – ის. მაგრამ ვარსკვლავს ფასი უნდა ჰქონდეს და მას საზოგადოება უნდა ხსნიდეს. იმ ადამიანების ჩამონათვალი უნდა იყოს ვარსკვლავის გახსნის ისტორიაში, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე და გამეორება აღარ მინდა.
– აღნიშნეთ, რომ ვარსკვლავის გახსნის ინიციატივით საზოგადოებრივი ჯგუფები მოდიან თქვენთან. ჯგუფი „სახის“ შემთხვევაში როგორ მოხდებოდა ვარსკვლავის გახსნა?
– მეც ამ კითხვას ვსვამ, ჯგუფი „სახის“ ვარსკვლავის გახსნის გადაწყვეტილება რომელმა კომისიამ მიიღო?
– თქვენ ახსენეთ, რომ ოქტომბრიდან აპირებდით ჯგუფთან ამ თემაზე თანამშრომლობას, მანამდე კი საზოგადოების აზრს გაიგებდით. როგორ გაარკვევდით საზოგადოების აზრს?
– შევკრიბავდი საკრებულოში ცნობილ ადამიანებს, ვისი ვარსკვლავიც უკვე არსებობს და გავაცნობდი, რომ „სახეს“ უნდა ვარსკვლავის გახსნა, რაზეც იმსჯელებდნენ.
– „სახესთან“ დაკავშირებით სასამართლოს მიმართავთ?
– მე არა, სასამართლოს მიმართავს რამდენიმე დეპუტატი საკრებულოდან, რომელთა სახელს და გვარს საზოგადოება მალე გაიგებს. მათი მოთხოვნა იქნება „სახის“ ვარსკვლავის დემონტაჟი მოხდეს.