პარლამენტის სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებულ დროს კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიხსნა. ამის მიზეზი კი პარლამენტარის ირაკლი ხახუბიას შვილის, 21 წლის ბექა ხახუბიას გარდაცვალება გახდა. დეპუტატები კოლეგასთან მისასამძიმებლად გორში იმყოფებოდნენ.
სხდომათა დარბაზში რეგისტრაცია 55-მა დეპუტატმა გაიარა მაშინ, როცა უფლებამოსილების განხორციელებისთვის 76 დეპუტატის დასწრებაა აუცილებელი.
როგორც ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ 20 დეპუტატი გორიდან ამ წუთებში მიემართება ქუთაისისკენ. ამიტომ განმეორებითი კენჭისყრა 16 საათზე ჩაინიშნა.
ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს თანაგრძნობა გამოუცხადეს ბიუროს სხდომაზე. საპარლამენტო უმცირესობამ კი რეგლამენტით გათვალისწინებული განცხადებების გაკეთებაზე დღეს უარი განაცხადა. პარლამენტის სხდომა 16 საათზე გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.