ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აქამდე უცნობი დეტალები: როგორ აიღო დიპლომი ოთარ ფარცხალაძემ

როგორ მოახერხა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ 19 წლის ასაკში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის მიღება?

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი თემურ დოლიძე ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე თბილისის #60-ე საჯარო სკოლაში 6 წლის ასაკში შეიყვანეს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წერა-კითხვა იცოდა, არა პირველ, არამედ მეორე კლასიდან დააწყებინეს სწავლა:

“იგი ოჯახში იყო მომზადებული, სადაც შეასწავლეს წერა-კითხვა. ადრე მიღებული ნორმა იყო, რომ თუ ბავშვმა იცოდა იმ წლის პროგრამა, გადიოდა შემოწმებაზე და ერთი წლით მომდევნო კლასში გადაჰყავდათ”.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ 1976 წელს დაბადბული ფარცხალაძე სკოლაში პროგრამის ცოდნის გამო ერთ კლასს გამოტოვებდა, მას საჯარო სკოლა 15 წლის ასაკში არ უნდა დაემთავრებინა 11–წლიანი სასწავლო კურსის გავლის შემთხვევაში. მას სკოლის დამთავრება 16 წლის ასაკში მოუწევდა. თემურ დოლიძე კი განმარტავს, რომ ფარცხალაძემ სკოლაში არა ერთი, არამედ “ორი წელი მოიგო”:

“ეს ერთი წელი და ბოლო წელიც… მაშინდელი კანონით, ეს იყო 1991 წელი [როდესაც ფარცხალაძემ უნივერსიტეტში ჩააბარა] მას უფლება ჰქონდა, რომ როდესაც მე–11 კლასში იყო, პარალელურად ჩაებარებინა უმაღლეს სასწავლებელში. ანუ 1991 წელს იგი იყო მეთერთმეტეკლასელი და პარალელურად ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. 1991 წელს ჩააბარა უმაღლესში და დიპლომი აიღო 1995 წელს, მაგრამ სკოლის ატესტატი აიღო 1992 წელს. კანონი აძლევდა საშუალებას და სულ 2 წელი მოიგო: ერთი წელი, როდესაც გადავიდა, და ბოლო წელი”, – განმარტავს პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი.

პარლამენტის ვებგვერდზე მოცმული არქივით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონი საკანონმდებლო ორგანომ 2004 წელს მიიღო. განათლების სამინისტროში ჯერჯერობით ვერ უპასუხეს ნეტგაზეთს კთხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1991 წელს ადამიანს პარალელურ რეჟიმში შეეძლო მე–11 კლასსა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 1976 წელს დაბადებულმა ფარცხალაძემ 1995 წელს [19 წლის ასაკში] დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სადაც 1991 წელს ჩააბარა. ბიოგრაფიის თანახმად, მთავარ პროკურორს სხვა სახის უმაღლესი განათლება მიღებული არ აქვს. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ზემოხსენებული უნივერსიტეტი 1991 წელს დარეგისტრირდა, ხოლო ხელახალი რეგისტრაცია 1995 წელს გაიარა. დღეისათვის ეს უნივერსიტეტი განათლების სამინისტროს ვებგვერდზე მოცემული ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში არ არის. ამასთან, იმავე რეესტრში მოცემული ინფორმაციის თანახმად, 1991 წელს ზემოხსენებულ უნივერსიტეტს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი საერთოდ არ ჰქონდა და კადრებს მხოლოდ შემდეგ სპეციალობებში ამზადებდა: საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია, სოციოლოგია, ეკოლოგია და ბუნებათმცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, ტურიზმის მართვა და ორგანიზაცია.

როგორ ჩააბარა ფარცხალაძემ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, თუ ეს კურსი 1991 წელს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს არ ჰქონია და მხოლოდ შემდეგ წელს დაამატა თავის სასწავლო პროგრამას, მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ასე პასუხობს:

“თქვენ გაქვთ მთავარი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტი [ფარცხალაძის დიპლომი]. ეს ორგანო, კარგად ხვდებით, რასაც წარმოადგენს, ანუ ეს არ არის ფეისბუკზე გავრცელებული რიგითი დიპლომის რაღაც ასლი, ჩვენ წარმოგიდგინეთ ოთარ ფარცხალაძის ოფიციალური დიპლომი. მე მგონი, ეჭვის საფუძველი არ უნდა გქონდეთ. ჩვენი შეურაცხყოფა არის ეს, რომ ამაში ვინმემ რამე ეჭვი შეიტანოს. არარსებობდა თუ არსებობდა [სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1991 წელს], ამაზე…  ფაქტია, რომ მან დაამთავრა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, რაც ნათლად ჩანს მის დიპლომში”.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორისაგან დიპლომის და ატესტატის ასლების გასაჯაროებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ითხოვდა.

“გუშინ შევედი პროკურატურის ვებ-გვერზე და წავაწყდი საინტერესო ინფორმაციას. პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ბატონი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაბადებულია 1976 წელს, ხოლო მას ჰუმანიტარული უნივერსიტეტი დაუმთავრებია 1995 წელს, ე.ი. 19 წლის ასაკში. გამაოცა აღნიშნულმა ინფორმაციამ. ვიფიქრე, ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანთან გვაქვს საქმე, მაგრამ მთავარი პროკურორის საგმირო საქმეებს რომ გადავხედე, ცოტა ეჭვი შემეპარა მის ზებუნებრივ შესაძლებლობებში”, – ამბობდა იგი.

ფარცხალაძემ დიპლომის ასლი გუშინ გამოაქვეყნა, თუმცა ატესტატი არ გაუსაჯაროებია.

წყარო: netgazeti.ge

იტვირთბა....