ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“იცოდეთ როგორ დაიცვათ თქვენი შვილები არაკეთილსინდისიერი ექიმებისაგან”: საგანგაშო ისტორია

ფეისბუქმომხმარებელი, თაკო მათეშვილი საგანგაშო ისტორიას აღწერს სოციალურ ქსელში:

“ცოტა ხნის წინ ვწერდი ექიმებთან და კლინიკებთან დაკავშირებულ ჩემს ცუდ გამოცდილებაზე, მაგრამ ვინაიდან ამბავს გაგრძელება მოჰყვა, მინდა თქვენც გაგაგებინოთ, რათა იცოდეთ როგორ დაიცვათ თქვენი შვილები არაკეთილსინდისიერი ექიმებისაგან.

ევა ერთ-ერთ კლინიკაშია დარეგისტრირებული, სადაც სახელმწიფო დაზღვევით გათვალისწინებულ მომსახურებას ვიღებთ (კლინიკას შეგნებულად არ ვაკონკრეტებ). ყველაფერი ერთი თვის წინ დაიწყო, როცა ბავშვს 2 თვე შეუსრულდა და პედიატრმა ნერვოპათოლოგთან გადაგვამისამართა გეგმიურად, რადგან სახელმწიფო დაზღვევა ამ ასაკში ნერვოპათოლოგთან ვიზიტს ითვალისწინებს. მან ნახევრადმძინარე ბავშვი გასინჯა 2 წუთში და დაასკვნა, რომ “რაღაც არ მოსწონდა”. ვერ დაგვისაბუთა რა და 5 დღეში ნეიროსონოგრაფიაზე დაგვიბარა (თავის რენტგენი, თუ ეხო), რასაც დაზღვევა უკვე აღარ ითვალისწინებს. ალბათ ადვილი წარმოსადგენია რა გავიარეთ ჩვენ იმ 5 დღეში. ნეიროსონოგრაფიამ აჩვენა, რომ ბავშვი არაჩვეულებრივად იყო განვითარებული და ერთი პატარა წუნიც კი ვერ მოუძებნეს. ამის მიუხედავად ნერვოპათოლოგი საკმაოდ დამაშინებელი და არაეთიკური ტერმინებითა და ფრაზებით გვიმტკიცებდა, რომ “რაღაც მაინც არ მოსწონდა”. ისევ ვერ გვისაბუთებდა კონკრეტულად რა. დაგვინიშნა ორი საკმაოდ ძვირადღირებული წამალი. თანაც, თავადვე მიგვითითა კონკრეტული აფთიაქი, სადაც ისინი უნდა გვეყიდა. თითქოსდა ამ აფთიაქში უფრო იაფი იყო. არადა შევადარე ფასები და სხვა აფთიაქებშიც იგივე ფასად იყიდებოდა. წამლების ანოტაციას რომ გავეცანი, აშკარად არ მომეწონა ის ყველაფერი, რაც იქ ეწერა. ჩანდა, რომ განსაკუთრებით ერთი მათგანი საკმაოდ მძიმე ავადმყოფებისათვის იყო გათვლილი. შედეგების სანახავად კი რამდენიმე დღეში ისევ დაგვიბარა.

იმავე დღეს გავიკითხე ძლიერი და სახელგანთქმული სპეციალისტები და მეორე დღესვე წავიყვანე. სამმა ექიმმა გასინჯა ბავშვი და ძალიან გაუკვირდათ – რა დაუწუნეს, აბსოლუტურად ჯანმრთელიაო. დანიშნულება რომ ნახეს, მითუმეტეს გაოცდნენ და მითხრეს, რომ არცერთი პრეპარატი არ მიმეცა ბავშვისათვის (არადა უკვე დაწყებული მქონდა მიცემა). მოკლედ, დელიკატურად მიმანიშნეს, რომ ჯობდა ბავშვი სხვა ექიმთან გადამეყვანა.

რა თქმა უნდა, გავბრაზდი იმ თავდაპირველ ნერვოპათოლოგზე და მაშინვე მოვინდომე სხვა კლინიკაში ბავშვის გადაყვანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დარეგისტრირებიდან 2 თვის განმავლობაში ამის უფლება არ მქონდა, ამიტომ იძულების წესით გავაგრძელე მათთან ურთიერთობა, რადგან ბავშვს გეგმიური პროცედურები (აცრა და ა.შ) ჩატარებოდა. რამდენიმე დღეში ისევ მივიყვანე იმ თავდაპირველ ნერვოპათოლოგთან, თუმცა, არ მითქვამს, რომ სხვა სპეციალისტებთანაც მყავდა და რომ მისი დანიშნული წამლები არ მიმიცია. მან გასინჯა და – აი, უშველა წამლებმა, აშკარად ბევრად უკეთააო-დაასკვნა! მითხრა, რომ კიდევ გამეგრძელებინა იმ წამლების მიცემა და 3 კვირაში ან ერთ თვეში ისევ მიმეყვანა. წამლები, რა თქმა უნდა, არ მიმიცია, თუმცა 1 თვის თავზე ბავშვი ისევ მივუყვანე. გასინჯა და მახარა, რომ ბავშვი გამოჯანმრთელდა (!), თუმცა ერთ-ერთი წამლის მიცემა მაინც უნდა გამეგრძელებინა! ისევ არაფერი მითქვამს, აყალმაყალის მოწყობა არ მინდოდა.

გუშინ კი, მირეკავს ვიღაც გოგო, თავი გამაცნო როგორც “წამლების მონიტორინგის კომპანიის” წარმომადგენელმა და მთხოვა, ორიოდ კითხვას დაგისვამთო. დავთანხმდი და მეკითხება – ბოლო ერთი თვის განმავლობაში თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი ექიმთან თუ იყავითო. დავუდასტურე. დაგინიშნათ თუ არა მან ესა და ეს წამალიო (ზუსტად იმ წამალზე მკითხა, რომელიც იმ ნერვოპათოლოგმა დამინიშნა და რომლის გაგრძელებასაც ყოველ ვიზიტზე ჯიუტად მაძალებდა). ესეც დავუდასტურე. მერე კი მკითხა ვიყიდე თუ არა. კი-მეთქი ვუპასუხე და სანამ ვკითხავდი ვინ ხართ, რაში გაინტერესებთ-მეთქი, მადლობა გადამიხადა და გათიშა. გადარეკვა ვცადე, მაგრამ შემავალი ზარები ბლოკირებული ჰქონდა.

უკვე აბსოლუტურად ცხადი იყო ჩემთვის ყველაფერი, ამიტომ არ დავიზარე და კლინიკაში იმ ნერვოპათოლოგთან მივედი. მოვუყევი ყველაფერი და ვკითხე – რა ვქნა ახლა მე, დავჯდე და ვიმკითხაო ის საკმაოდ ძვირადღირებული წამლები ჩემ შვილს მართლა სჭირდება თუ სხვა ინტერესები გამოძრავებდათ – მეთქი? მას სულაც არ დაუწყია მტკიცება, რომ არანაირ კომპანიასთან არ იყო გარიგებული და რომ წამალი მართლაც საჭიროების გამო დანიშნა. იმას მიმტკიცებდა, რომ ეს წამალი ჩემ შვილს არაფერს ავნებდა! ანუ, მისი აზრით, მე, როგორც დედა, აბსოლუტურად კმაყოფილი უნდა ვყოფილიყავი იმით, რომ 2 თვის ბავშვს დაუნიშნა წამალი, რომელიც მას უბრალოდ არ ავნებდა! მისი კიდევ ერთი არგუმენტი ამ წამლის უვნებლობის შესახებ ის იყო, რომ მისი შვილიშვილიც სვამდა პატარაობისას! არ მეგონა რამდენიმე ათეულწლიანი გამოცდილების მქონე ექიმისათვის მე თუ მომიწევდა იმის ახსნა, რომ თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური საჭიროებები აქვს და ის, რომ წამალი მის შვილიშვილს სჭირდებოდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩემ შვილსაც არგებდა.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენ საუბარში პედიატრი და მისი თანაშემწეც ჩაერთვნენ. მიმტკიცებდნენ, რომ იმ კონკრეტული წამლის კომპანიის წარმომამდგენლები მათ კლინიკაში არ დადიან (სხვებზე არ უარყვიათ). მათ ვუთხარი, რომ ამ ფაქტის უყურადღებოდ დატოვებას არ ვაპირებდი და ჯანდაცვის სამინისტროში საჩივრის დაწერას ვგეგმავდი. ამას მოჰყვა ხვეწნა-მუდარა, რომ ეს არ გამეკეთებინა, რადგან სამივე მათგანი სამსახურს დაკარგავდა (მიუხედავად იმისა, რომ პედიატრთან და მის თანაშემწესთან არანაირი პრეტენზია არ მქონდა და არც ახლა მაქვს). როგორ ფიქრობთ, თავის სიმართლეში დარწმუნებულ ადამიანს ასე ეშინია? ჩემ გარდა ეხვეწნენ ჩემ დასაც და როგორც გავიგე, დედაჩემთან ასვლასაც გეგმავდნენ იგივე თხოვნით.

მოკლედ, საქმე ისაა, რომ ყველამ ვიცით ექიმები ამგვარ ჭუჭყში არიან გასვრილები და გამოკვლევებს, ანალიზებს, წამლებს თუ საკვებს საჭიროების მიხედვით კი არ გინიშნავენ, არამედ იმის მიხედვით, თუ რომელი კომპანია უხდით მათ ამისათვის ფულს. იმ გოგონას ზარი, როგორც ჩანს, სწორედ ჩვენი ექიმის გადამოწმებას ემსახურებოდა – მართლაც დამინიშნა წამალი თუ არა. ჩანს, რომ ამით სახელმწიფო კლინიკებში მომუშავე შედარებით დაბალანაზღაურებადი ექიმები კიდევ უფრო მეტად სცოდავენ. ანუ, გამოდის, რომ პაციენტმა მათი თითოეული სიტყვა, დიაგნოზი და დანიშნულება ეჭქვეშ უნდა დააყენოს და გადასამოწმებლად მაინც სხვა ექიმებთან ძვირადღირებულ კონსულტაციებზე წავიდეს. მაშინ რა გამოდის, რას მიკეთებს სახელმწიფო დაზღვევა, თუკი მაინც იძულებული ვარ კერძო კლინიკებში ვიხადო სასწაული თანხები? როგორ ფიქრობთ, ამ საშინელი ქსელის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში არაფერი იციან?”-წერს თაკო მათეშვილი.

“მეტრონომი” ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

იტვირთბა....