აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი მიდის: „ოფშიაკი“ ციხეში – კომპრომატები, რომელზეც „მეტრონომს“ ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა მოუყვა  

„ბიძინა ივანიშვილს ეს უკვე გადაწყვეტილი აქვს“: რაზე და ვისზეა გაბრაზებული ყოფილი პრემიერი

დიდი სამთავრობო ცვლილებებია მოსალოდნელი ხელისუფლებაში. ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი, „მეტრონომს“ ექსკლუზიურად აწვდის ინფორმაციას, რომ მარტში პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და რამდენიმე მინისტრი შეიცვლება. წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა მინისტრების შესახებ ჯერ კიდევ ფიქრობს, თუმცა გაზაფხულზე უმეტესი მათგანის ცვლილება აუცილებლად მოხდება. „მეტრონომის“ წყარო საკმაოდ სანდოა. ის ბიძინა ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან დაახლოებული პირია.

„მეტრონომს“ წყარო უყვება, რომ ყოფილი პრემიერი ზოგიერთ მინისტრზე საკმაოდ გაბრაზებულია, რადგანაც მათ ირგვლივ ძალიან სერიოზული კომპრომატები და კორუფციული გარიგებები შეგროვდა.

მაგალითად, წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილს კახა კახიშვილის შესახებ აცნობეს, რომ ის ციხის ე.წ. „ოფშიაკში“ და ე.წ ქურდულ სამყაროს წევრებთან კავშირშია. წყარო გვეუბნება, რომ ზოგიერთ სამინისტროში შესაძლოა აუდიტის სამსახურიც შევიდეს.

ივანიშვილის გარემოცვის წევრი ამბობს, რომ საპატრიარქოს თემა გახდა ის საბოლოო მიზეზი, რის გამოც მან  პრემიერ კვირიკაშვილის შეცვლა საბოლოოდ გადაწყვიტა. მისი თქმით, ყოფილ პრემიერს, საპატრიარქოს ირგვლივ უკვე დეტალურად აცნობეს რაც ხდება და მან იცის, რომ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები ხელოვნურად პროვოცირებულია. თუმცა, ვინ დაიკავებს კვირიკაშვილის თანამდებობას ივანიშვილი ჯერ-ჯერობით არ ჩამოყალიბებულა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჩვენი წყაროს მსგავსად, „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ ტელეკომპანია“ რუსთავი 2“-ში განაცხადა, რომ ის გაზაფხულზე დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ფლობს. კილაძის თქმით, პრემიერ კვირიკაშვილის და კახა კახიშვილის გადაყენება ნამდვილად იგეგმება.

„ბიძინა ივანიშვილს ეს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ სავარაუდოდ მარტში პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს შეცვლის.

თუმცა, როგორც მე ვიცი ის ჯერ მათ შემცვლელებზე არ ჩამოყალიბებულა. რა თქმა უნდა, სხვა მინიტრების ცვლილებაც იგეგმება, მაგრამ დაზუსტებით ამ ცვლილებაზე შემიძლია დაგიდასტუროთ. არც ის არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ სამინიტროში აუდიტის სამსახური შევიდეს.

ვიცი, რომ რამდენიმე მთავრობის წევრი, სერიოზულ სკანდალშია გახვეული. საუბარია ფარულ ვიდეოჩანაწერებზე და კორუფციულ სქემებზე, რის შესახებაც ივანიშვილს უკვე აცნობეს.

„კახა კახიშვილი სერიოზულ შარშია, მას ციხეში  ე.წ. „ოფშიაკის“ ფულის კონტროლზე და მსგავს რაღაცეებში დებენ ბრალს. არ ვიცი ყველაფერს დამტკიცება უნდა, თუმცა ვიცი, რომ ივანიშვილს უკვე ძალიან ბევრი მტკიცებულებები წარუდგინეს.

პრემიერის გადაყენების გადაწყვეტილება, საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებმაც დააჩქარა. სამწუხაროდ კვირიკაშვილი საერთოდ ვერ ფლობს ინფორმაციას მისი გარემოცვის საქმიანობის შესახებ. ის უბარლოდ იმას ახმოვანებს რასაც ეუბნებიან.

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმე თეთრი ძაფით ნაკერია და ამ სკანდალში ძალიან ბევრი ადამიანის სახელები შეიძლება ამოტივტივდეს“-ამბობს  „მეტრონომთან“ ექსკლუზიურად ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი.

ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჩვენ შევეცადეთ კომენტარები ჩაგვეწერა და გადაგვემოწმებინა ინფორმაცია იმ წრეებში, რომლებიც ასე თუ ისე, ჩახედულები არიან შიდა პოლიტიკაში. ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ მთავრობაში საკადრო ცვლიელბები გარდაუვალია, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი პროცესია, რომელიც ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ სიტუაციას რადიკალურად ვერ შეცვლის.

ხუხაშვილის განცხადებით, პერსონალურ ცვლილებებს არანაირი აზრი არა აქვს, რადგანაც ქვეყანაში სისტემური პრობლემებია.

ხუხაშვილის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები მხოლოდ ტაქტიკური სვლაა, რომელიც „განტევების ვაცის“ შეწირვის შემდეგ, უბრალოდ დროის მოგებისთვის იქნება გამიზნული. მისი აზრით, ეს მხოლოდ ერთჯერადი მოხმარების სატყუარაა, რომლის შედეგი ორი კვირა, ან ერთი თვე იქნება.

„თუ ქვეყანაში სისტემური და რადიკალური ცვლილებები არ დაიწყო და  რეალური ლიდერები არ გამოჩდნენ, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღების საკუთარი უნარი ექნებათ, ეს ცვლილებები არაფრის მომტანია.

რა მნიშვნელობა აქვს პრემიერი კვირიკაშვილი იქნება თუ ჯეჯელავა? მიდგომები უნდა შეიცვალოს და ინსტიტუტები უნდა ამუშავდეს. ამიტომ ეს პერსონალური გადაადგილება საინტერესოდაც არ მიმაჩნია. ხელისუფლება საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებით საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. გარდა ამისა ვხედავთ, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური რისკები საკამოდ მაღალია.

საშუალო სტატისტიკური ქართველი ლარის გაუფასურების პირობებში გაღარიბდა. ხელისუფლება, ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, უცნაურ ნაბიჯებს დგამს და დღემდე ვერაფერს აკეთებს. აქედან გამომდინარე სისტემური კრიზისი ნამდვილად ჩამოყალიბებულია.

ბუნებრივია ეს ხელისუფლების შიგნითაც გარკვეულ დაძაბულობას და რყევას იწვევს. ამ კრიზისის გადატანა პერსონალური გადაჯგუფებებით შეუძლებელია. თუმცა, გარკვეული პრობლემების გადასადებად და გადასაფარად, ნამდვილად გამოდგება. ანუ, ეს ცვლილებები სურათს ვერ შეცვლის. უბრალოდ კრიზისის პიკი მაგალითად, ივნისში თუ უნდა ყოფილიყო, შეიძლება ერთი თვით გადაიდოს და ივლისში იყოს“, – ამბობს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, კვირიკაშვილის შემცვლელი შეიძლება ცოტა უარესი, ან უკეთესი იყოს. ანალიტიკოსის აზრით, კვირიკაშვილი ძალიან დიდ გაუგებრობაში იმყოფება. მისი განცხადებით, ის კარგი ადამიანია, თუმცა  ეს სიკარგე არაფერში ადგება, რადგანაც ხელ-ფეხი აქვს შეკრული.

„არ მგონია რომ ბიძინა ივანიშვილს კვირიკაშვილის მიმართ პერსონალური პრობლემა ჰქონდეს. პრემიერს კარგი პროფესიული უნარებიც აქვს, თუმცა ის ლიდერი არ არის. სამწუხროდ, მხრებზე ისეთი ტვირთი დააწვა, რომლის ზიდვაც მას არ შეუძლია. მან საერთოდაც არ იცის, სად არის ძალაუფლება და ის როგორ უნდა გამოიყენოს. ამიტომ სრულ გაუგებრეობაში ხვდება.

გერმანიაში პატრიარქის დასაცავად ლამის სპეცრაზმი აფრინა და სერიოზული აპოკალიფსური სურათი დაგვიხატა. საბოლოო ჯამში, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ მან არც კი იცის სინამდვილეში რა ხდება. რასაც ეუბნებიან იმის სჯერა. ფაქტია, რომ ტყუილებს ეუბნებიან და ეს დეკანოზ მამალაძის საქმის ირგვლივაც გამოჩნდა. მას ძალაუფლების ცენტრებთან წვდომაც კი არა აქვს.

ეს კი იმას ნიშნავს რომ ინსტიტუციონალურ მმართველობაზე გადასულები არ ვართ. აღმასრულებელი ხელისუფლება, როგორც ინსტიტუტი ვერ მუშაობს. სასამართლოზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ, აქ სრულიად გაუბედურებული სიტუაციაა. სამართალდამცავ სტრუქტურებს ვინ აკონტროლებს კაცმა არ იცის. მოკლედ, კვირიკაშვილმა თავად არ იცის რა შარშია გახვეული და რატომ მოხვდა ამ გაუგებრობაში“ – ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების საქმიანობაში არ ერევა. თუმცა, კვირიკაშვილი ყოველდღე მისგან ნიშანს ელოდება – მარჯვნივ წავიდეს თუ მარცხნივ. ხუხაშვილის აზრით, ხელისუფლებას ივანიშვილის მიმართ რელიგიური დამოკიდებულება აქვს და ივანიშვილს მხსნელის სახით უყურებს. ანალიტიკოსის აზრით, ყოფილ პრემიერს თავისთვის ცხოვრება უნდა, მაგრამ ესენი თავს არ ანებებენ. ქვეყანაში სისტემა ისე დალაგდა, რომ ერთი ხატებაა და მეორე მრევლია, რომელსაც პოლიტიკური უნარები არ გააჩნია და რწმენაზეა დამოკიდებული.

მოთხოვნილება აქვთ ტაძარში მივიდნენ, სანთელი დაანთონ და ღმერთ ივანიშვილისგან მოქმედების ნიშანი მიიღონ. ეს ივანიშვილისგან ინიცირებული არ არის და ეს მოთხოვნა მრევლ „ქართული ოცნებისგან“ მოდის. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლება ცრუწრმენაშია.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორის, არჩილ გამზარდიას განცხადებით, ხელისუფლებაში სამთავრობო ცვლილებები სასწრაფოდ განსახორცილებელია და ეს ცვლილებები მოსალოდნელიც იყო. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ მთავრობა და პრემიერი ფაქტიურად ვერ მუშაობენ.

მისი აზრით, რაიონული ორგანიზაციებიდან დაწყებული და უმაღლესი ხელისუფლებით დასრულებული, ისინი აბსოლუტურ ცვლილებებს საჭიროებენ. ის ფიქრობს, რომ მინისტრთა კაბინეტის ამ ფორმით ტრანსფორმირება გაუმართლებელი იყო.

„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობა ძალიან ცუდად მუშაობს და ეს ქვეყანას აშკარად დაეტყო. ის ყველა მიმართულებით არაეფექტურია. ამაში პრემიერიდან დაწყებული ყველა სამინისტროების ხელმძღვანელებს ვგულისხმობ.

პრემიერის არაეფექტურ მუშაობაში ვგულისხმობ ქვეყანაში სავალუტო  პოლიტიკის არაეფექტურობით დაწყებული, გადასახადების მომატებით დასრულებული. გვახსოვს, როდესაც ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეს მოსახლეობას ცუდად არ დააწვებოდა. ბოლოს და ბოლოს ხომ შეიძლება ადამიანებს აუხსნან მაინც და მათი გაჭირვება შეიმჩნიონ. მიუღებელია ასევე ბოლო დროს, „ქართული ოცნების“ რიტორიკა და საზოგადოებასთან ურთიერთობა. ტელევიზიებში დებატებზე საერთოდ არ მიდიან, თუ მივლენ ისიც იმ თემაზე რომელიც მათ ინტერესებში შედის.

მედიაში ძირითადად მონოლოგის რეჟიმში არიან გადასულები და საზოგადოებასთან პრობლემური საკითხების ირგვლივ განმარტებების გაკეთებისგან თავს იკავებენ. ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე თვეში, ყველა საკვანძო თემა, ნეგატიურად არის გადაწყვეტილი.

პარალელურად, საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას ვხედავთ. საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ სახელმწიფო უწყებებში რიგითი თანამშრომლები ზარალდებიან. დამატებითი პრემიები და მე-13 ხელფასები საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებზე კი არა, ისევ მაღალი რანგის ჩინოვნიკებზე გაიცემა.

ვფიქრობ, პრემიერის გადაყენების საკითხი პარლამენტმა ან შიგნით პარტიამ უნდა მიიღოს. ამგვარი მოცემულობით ხელისუფლებამ მუშაობა აღარ უნდა გააგრძელოს“, – ამბობს გამზარდია.

მისი თქმით, როდესაც არსებული მოცემულობა მიუღებელია, მინიმუმ მის შეცვლაზე უნდა ვიფიქროთ. გამზარდიას აზრით, ხელისუფლებაში ვინ არის ლიდერი, ამის ინდიკატორი ყოველთვის ოპოზიციაა. თუმცა, ოპოზიცია მართველ ძალაში არცერთ სახეს არ აღიარებს და ყოველთვის ყველა დარტყმას ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს აყენებს. ამის წინაარმდეგი კი გამზარდიას აზრით, თავად ხელისუფლებაც არ არის და ის ამ პოზაში თავს საკმაოდ კარგად გრძნობს.

„ხელისუფლება მთლიანად მოტივირებულია, რომ ნეგატიური მოვლენების ადრესატი ეს იქნება ოპოზიციის თუ საზოგადოების მხრიდან წამოსული, ბიძინა ივანიშვილისკენ მიმართოს. ოპოზიციამ თუ ბევრი რამ არ იცის მეც და ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ხომ კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი მმართველობაში არ ერევა. თუმცა, „ქართულ ოცნებაში“  ფარული კლანებია და თავს არ აჩენენ და სინამდვილეში ხელისუფლებაში ძალიან დიდი გავლენა აქვთ. ისინი  ძალიან კარგად სარგებლობენ იმით, რომ მათი პასუხისმგებლობა ნულოვანია და მთავარი დარტყმის ობიექტი ყოველთვის ივანიშვილზე მოდის. ამიტომ ცალსახად გამოდის, რომ თავად „ქართული ოცნება“ ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული.  გამოსავალი კი თვითრეგულირებაშია.

ივანიშვილი მოვიდა, მოიყვანა ის ძალა, რომელიც, ვთქვათ, მას უნდოდა და ჩვენც ავირჩიეთ. ჩვენვე გადავწყვიტოთ და პარლამენტზე ზეწოლა მივიტანოთ, რათა ცვლილებები მოხდეს, რომელიც ქვეყნისთვის მისაღები და სასურველი იქნება.

ოპოზიციაც ძალიან ცუდ რამეს აკეთებს, რეალურად ქვეყანაში პასუხისმგებელი ვინც არის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მათ პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, დღეს „ქართული ოცნების“ გარდა არავის აწყობს. ამავდროულად გამოდის, რომ მმართველი ძალის გავლენიანი პირები ძალიან კომფორტულ პირობებში იმყოფებიან“, – ამბობს გამზარდია.

ასე რომ, უკვე რამდენიმე წყარო ადასტურებს ინფორმაციას პრემიერის შეცვლასთან დაკავშირებით, რომელიც გაზაფხულზე უნდა მოხდეს. თუმცა, რთული სათქმელია, დღეს, „ქართულ ოცნებაში“ არსებული რესურსით და ამ რესურსების გამოყენებით განხორციელებული პერსონების ცვლილებით, რაიმე სერიოზული სისტემური ძვრები განხორციელდეს. ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ლარის ასეთი პერმანენტული ცვლილებების ფონზე კი რამდენად შეაჩერებს შესაკრებთა გადაადგილებით შექმნილი ახალი მინისტრთა კაბინეტი იმ ჯამს, რომელიც სოციალური აფეთქების ზღვარს დღითიდღე უახლოვდება.

იტვირთბა....