„ჩვენ, როგორც მხარე კმაყოფილი ვართ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან ვთვლი, რომ ეს ობიექტური გადაწყვეტილებაა“- ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მათ გაასაჩივრეს პალატის გადაწყვეტილება დიდ პალატაში მე-18 მუხლის გამო და უკეთესი შედეგი მიიღეს, მისი კმაყოფილება კი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.
„დიახ ჩვენ გვაქვს კმაყოფილების საფუძველი, რადგან ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების და პოლიტიკოსების სპეკულირებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მერაბიშვილი პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული და არა იმიტომ, რომ ჩაიდინა რაიმე ტიპის დანაშული. ჩვენ ხელთ გვაქვს დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომ ამ სისხლის სამართლებრივ დევნაში არაფერი პოლიტიკური არ იყო“- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს, მინისტრი ამბობს, რომ მისთვის არ არის მნიშვნელოვანი რა დაადგინა ამ ნაწილში სტრასბურგის სასამართლომ.
„აქ მოხდა ის, რომ ხმები გაიყო და რეალურად ერთმა ხმამ გადაწონა გადაწყვეტილება. 9 მოსამართლემ 8-ის წინააღმეგ მიიჩნია, რომ მერაბიშვილის ეს მონათხრობი იყო სარწმუნო. ამ მხრივ, გამოძიება პროკურატურის მიერ ჩატარდა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ პროკურატურას მანამდე ჩაეტარებინა ეს გამოძიება, მაგრამ როცა მთავარი პროკურორი ფარცხალაძე იყო მერაბიშვილისგან ხელდადებული, ნაკლებად შესაძლებელი იყო ამ პირობებში ჩაეტარებინა პროკურატურას გამოძიება.
მიუხედავად იმისა, თუ რა დაადგინა სტრასბურგმა საკნიდან გაყვანის საკითხზე, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. გამოძიება ჩატარებულია, რომელმაც დაადგინა, რომ საკნიდან გაყვანის ფაქტი ვერ დასტურდებოდა იმ მტკიცებულებებით, რაც შეკრიბა. მაგრამ იყო, რომ სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დასაბუთებულად თქვა, რომ დაკავება იყო კანონიერი და არავითარი პოლიტური ნიშნით დევნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს“- აღნიშნა წულუკიანმა.
მისი თქმით, დღეს ვანო მერაბიშვილის პატიმრობა კანონიერია იმ საქმეებზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გამო, რომელიც მის მიმართაა გამოტანილი.