aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

რატომ  ფუჭდება ურთიერთობა ბანკებთან თუ ონლაინ-სესხი აღებული გაქვთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ბანკებში არ მოსწონთ მომხმარებელი, რომელიც სწრაფი სესხის სერვის იყენებს“

თუ თქვენ კომერციული ბანკიდან სესხის აღების ყველა პირობას აკმაყოფილებთ: გაქვთ შესაბამისი შემოსავალი, ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი ცნობა და თქვენი საბანკო ისტორიაც შესაშურად ნათელია, სესხის აღების პრობლემა მაინც შეგექმნებათ მხოლოდ იმიტომ, რომ ონლაინ სესხების კომპანიების მომხმარებელი ხართ.

კერძოდ, საქართველოში უცბად შემოსული სწრაფი სესხების გამცემი კომპანიების ფონზე, როდესაც ინფორმაცია მათი მუშაობის მექანიზმის შესახებ მწირია, მომხმარებელთა უმრავლესობამ არ იცის, რომ  ონლაინ კომპანიებთან თანამშრომლობა კომერციულ ბანკებთან ურთიერთობის გაფუჭებას უდრის.

უფრო ზუსტად, თუ რატომ ვერ აიღებთ სესხს კომერციული ბანკიდან ონლაინ სესხების კომპანიებთან თანამშრომლობის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი საკმარისი გაქვთ, „მეტრონომს“ საბანკო პროდუქტების ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“-ს წევრი, ანი ალიბეგაშვილი ესაუბრა.

„მეტრონომი“: ანი, მომხმარებელი, რომელსაც კომერციული ბანკიდან სესხის აღებისთვის საჭირო ყველა მონაცემი აქვს, უარს მიიღებს ბანკიდან სესხზე მხოლოდ იმიტომ, რომ ონლაინ სესხების კომპანიების სერვისსაც იყენებს?

ანი ალიბეგაშვილი: თუ ბანკის სესხი აქვს მომხმარებელს, ეს ხელს არ უშლის, რომ ონლაინ სესხით ისარგებლოს, რადგან სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლას არ იწყებენ, ისე ამტკიცებენ სესხს. მაგრამ სიტუაცია იცვლება, როცა მომხმარებელს ონლაინ სესხების სერვისი აქვს გამოყენებული და კომერციული ბანკიდან სესხის აღება სურს. ამ დროს ბანკების სისტემის ზოგადი დამოკიდებულებაა, რომ თუ მომხმარებელი ხშირად მიმართავს  ონლაინ-სესხების მომსახურებას, იმიტომ, რომ საბანკო სესხის მერე კვლავ შეიძლება გამოიყენოს სწრაფი სესხის მომსახურება და ფინანსური მდგომარეობა გაიუარესოს, ბანკები სესხების გაცემაზე უარს ამბობენ. ეს არის კრედიტინფოს საბანკო მონაცემთა სისტემა, სადაც ფიქსირდება სესხის აღებისა და დახურვის დრო, რამდენად ხშირად მიმართავს მომხარებელი სწრაფი სესხის სერვისს და ა.შ.  ამ მიზეზით ბანკებმა შეიძლება მომხმარებელთან თანამშრომლობა საეჭვოდ მიიჩნიონ.

აღსანიშნავია, რომ კრედიტინფოში ყველა მომხმარებელს ქულა აქვს და ის უარესდება მაშინ, როცა სესხის ხელშეკრულება დროზე ადრე წყდება (ანუ, მითითებულ ვადაზე ადრე ხდება გადახდა). ონლაინ სესხების შემთხვევაშიც, თუ მომხმარებელი დროზე ადრე იხდის აღებულ სესხს, ეს უარყოფითად აისახება კრედიტინფოს სისტემაში და მომხმარებლის ქულა უარესდება. ეს ხდება ავტომატურ რეჟიმში.

ზოგადად, ბანკებში არ მოსწონთ მომხმარებელი, რომელიც სწრაფი სესხის სერვის იყენებს. ამ შემთხვევაში საბანკო სისტემის ლოგიკა შემდეგია: თუ მომხმარებელს აქვს საშუალება ისარგებლოს ოვერდრაფტით, რომელიც არის 16-დან 22 პროცენტამდე, რატომ მიმართავს სწრაფ სესხს, რომელსაც  წლიურად 700-800 პროცენტი აქვს.

„მეტრონომი“: რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ მომხმარებელმა ონლაინ -სესხების სერვისით  მინიმუმ ორი თვე არ უნდა  ისარგებლოს და ამის შემდეგ შეძლებს კომერციული ბანკების სერვისის მიღებას?

ანი ალიბეგაშვილი: ეს თითოეული ბანკის შიდა პროცედურაა.  ამის ზოგადი პირობა არ არსებობს. ყველა ბანკს ინდივიდუალური მიდგომა აქვს. ამიტომ მომხმარებელმა პარალელურად სხვა ბანკსაც უნდა მიმართოს. უმჯობესია სწრაფი სესხის ტვირთისგან მომხარებელმა თავი საერთოდ შეიკავოს.

„მეტრონომი“:  ვალდებულია თუ არა ონლაინ -სესხის კომპანია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მასთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომერციულ ბანკთან პრობლემა შეექმნება?

ანი ალიბეგაშვილი: ონლაინ სესხების კომპანია ამ ინფორმაციას არ უნდა აწვდიდეს, რადგან ეს კომერციული ბანკების შიდა დაკრედიტების პოლიტიკაა, რომელიც შესაძლებელია ეტაპობრივად შეიცვალოს. ამავდროულად, ყველა ბანკს ინდივიდუალური მიდგომა აქვს. მაგრამ ფინანსური განათლების კუთხით  ქვეყანაში რომ ბევრი სამუშაოა, ეს იკვეთება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როცა კაბალური პირობებით (ონლაინ სესხების კომპანიებთან)  ვდებთ ხელშეკრულებას და შემდეგ გვინდა იაფ ფინანსურ რესურსზე (კომერციულ ბანკზე) წვდომა გვქონდეს, მეორე მხარე, ანუ კომერციული ბანკი საეჭვოდ მიიჩნევს, იმას, რომ თუ საშუალება გაქვს ისარგებლო დაბალპროცენტიანი სესხით და მაინც კაბალურ პირობებს თანხმდები, რეალურად, რაღაც ფინანსური პრობლემა გაქვს და როგორც საეჭვო მსესხებელს, ისე გიყურებს.

მანა ნოდია

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....