aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

მოქალაქისთვის სესხის დამტკიცების შესახებ შეტყობინების გაგზავნისთვის ბანკი სამართალდამრღვევად ცნეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

2016 წელს მოქალაქეები კრედიტის გამცემი ორგანიზაციებისგან (ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ონლაინსესხების კომპანიებისგან) ხშირად იღებდნენ სესხის დამტკიცების შესახებ შეტყობინებებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის ინფორმაციით ამგვარ შეტყობინებებს მოქალაქეები იღებდნენ ორგანიზაციების ინიციატივით, იმ პირობებში, როდესაც კონკრეტული სესხის მიღების მოთხოვნით მოქალაქეებს მათთვის არ მიუმართავთ.

სესხის დამტკიცების შესახებ გაგზავნილი შეტყობინებები კი არ შეიცავდა მათ შემდგომ მიღებაზე უარის თქმის მექანიზმს. 2016 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადებით მომართა მოქალაქემ და მოითხოვა ერთ-ერთი ბანკის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მისი მონაცემების გამოყენების
წესის დარღვევაზე რეაგირება. განცხადების განხილვის ფარგლებში ბანკის მიერ წარმოდგენილი პოზიციით, სესხის დამტკიცების შესახებ შეტყობინებებში
უარის თქმის მექანიზმის არსებობა არ იყო სავალდებულო, ვინაიდან ბანკი შეტყობინებებს უგზავნიდა თავის მომხმარებელს, რომელსაც შესაბამისი
ხელშეკრულებით თანხმობა ჰქონდა გაცხადებული ბანკისგან შეტყობინებების მიღებაზე. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კომერციული ბანკი წარმოადგენს
ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც ეწევა ფინანსურ მომსახურებას, ხოლო კომერციული ბანკებისთვის ნებადართულ საქმიანობას წარმოადგენს სესხის გაცემა
და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება. ინსპექტორის გადაწყვეტილებით, სესხის შეთავაზება მიჩნეულ იქნა პირდაპირი მარკეტინგის
განხორციელებად, ვინაიდან კანონის თანახმად, პირდაპირი მარკეტინგი ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო
საშუალებით საქონლის, მომსახურების, დასაქმების ან დროებითი სამუშაოს შეთავაზებას წარმოადგენს.

“შესაბამისად, ამგვარ შეტყობინებებზე ვრცელდებოდა `პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით დადგენილი წესები. ინსპექტორის გადაწყვეტილების თანახმად, საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით ვერ განისაზღვრებოდა კანონისმიერი ვალდებულებისგან განსხვავებული
წესი. მიუხედავად სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გაცხადებული თანხმობისა, მონაცემთა სუბიექტს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, ნებისმიერ
დროს განეცხადებინა უარი თავისი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე. ამდენად, ბანკს უნდა ემოქმედა „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და შეტყობინებაში მიეთითებინა ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლების შესახებ და ასევე,
მომავალში ამგვარი შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმის მექანიზმი. ინსპექტორის გადაწყვეტილება ბანკის სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ სრულად გაიზიარა სასამართლომ.

აღსანიშნავია, რომ ინსპექტორის გადაწყვეტილების შემდგომ ბანკმა სესხის გაცემის შეთავაზების შესახებ შეტყობინებებში მიუთითა უარის თქმის მექანიზმი, რითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, მითითებული ტექსტი გაგზავნს კონკრეტულ ნომერზე და ამგვარად განაცხადოს უარი თავისი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გამოყენებაზე. მიუხედავად იმისა, რომ უარის თქმის მექანიზმი არაერთმა მარკეტინგის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ დანერგა და ინსპექტორის აპარატი მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირების გარდა პროაქტიულ რეჟიმში მუშაობს კომპანიებთან არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე, პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი კომპანიებისა და სარეკლამო შეთავაზებების სიმრავლის გათვალისწინებით, მოქალაქეებს ინდივიდუალურ რეჟიმში  უწევთ უარის გამოხატვა, რაც არა მხოლოდ დისკომფორტს უქმნის  მათ, არამედ დროსა და დანახარჯსაც მოითხოვს. სწორედ ამიტომ ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია საკანონმდებლო დონეზე დამატებითი მექანიზმის შექმნა, რაც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, თავად განსაზღვრონ, ვისგან, რა დროს და რა საშუალებებით მიიღებენ სარეკლამო სახის შეტყობინებებს”, – განმარტავენ უწყებაში.

იტვირთბა....