aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„მე ვნახე დაღუპული სოსო ოსორაულის ფოტო, საფეთქელში აქვს ნასროლი“

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაუშვეს თუ თავად წავიდა თავდაცვის უწყებიდან სოსო ოსორაულის ძმა: დავით ნემსაძე თინათინ ხიდაშელის დაკითხვას ითხოვს

კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში მყოფი ქართველი მფრინავი, 42 წლის სოსო ოსორაული, შესაძლოა ცოცხალია. ამის შესახებ „მეტრონომთან“ მისი ახლობლები აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ოსორაული ცენტრალური აფრიკიდან თბილისში მყოფ ოჯახის წევრებს რამდენიმე კვირის წინ ტელეფონით ესაუბრა. სწორედ ამის შემდეგ, სოსო ოსორაულის ძმა გიორგი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, რომ ძმა მოძებნოს და გაათავისუფლოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა მარი ნარჩემაშვილმა “მეტრონომთან“ განაცხადა, რომ სოსო ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით საქმე პროკურატურაშია აღძრული და შესაბამისად მათ უფლება აღარ აქვთ ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია გაახმოვანონ. ნარჩემაშვილი ამბობს, რომ ვერც ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაადასტურებს, რადგანაც მათ სამინისტროს აღნიშნული საკითხი აღარ ეკუთვნით.

„მეტრონომს“ პროკურატურაში უთხრეს, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავის, საქართველოს მოქალაქის სოსო ოსორაულის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გრძელდება.

პროკურატურაში ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ  ქართველი მფრინავი ცოცხალია კომენტარს არ აკეთებენ.

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მეორე ძმა კობა ოსორაული „მეტრონომთან“ აცახდებს, რომ კონგოში მყოფი ქართველების ინფორმაციით, სოსო ოსორაული ცოცხალია და მასთან ბოლო კვირების განმავლობაში კომუნიკაცია ჰქონდათ.

“პირადად არ მისაუბრია ჩემ ძმასთან, მაგრამ ვიცით, რომ ცოცხალია. როდესაც სახელმწიფომ გამოაცხადა ჩემი ძმა გარდაცვლილად, მას შემდეგ რამდენიმე დღეში, ჩემს ძმას სოსოს ჰქონდა კავშირი იქაურ მეგობრებთან და გენერლებთან, რის შემდეგაც ჩვენ ძებნა არ შეგვიწყვეტია. ამ ეტაპზე მოკვლევას ვაწარმოებთ, რომ დადგინდეს მისი ზუსტი ადგილსამყოფელი. დარწმუნებულები ვართ, რომ ის ცოცხალია. სწორედ ამის გამო ჩემი პატარა ძმა გიორგი მის საძებნად წავიდა. არ გამოვრიცხავ, მეც წავიდე. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს მას მაინც ვიპოვით”, – განაცხადა კობა ოსორაულმა.

ოჯახი „მეტრონომთან“ ასევე ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე საუბრობს. მათი თქმით, 2017 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის საპარლამენტო არჩევნებამდე, ოსორაულის ოჯახის წევრებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები დაანონსეს, თუმცა აქციები აღარ გაიმართა.

რამდენიმე კვირის შემდეგ გიორგი ოსორაულმა განმარტა, რომ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მას აქციის გაუქმების სანაცვლოდ დაჰპირდა ორ რამეს: საკითხს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანდა და კონგოში გამგზავრებაშიც დაეხმარებოდა. გიორგი ოსორაულის თქმით, მინისტრი ეჭვობდა, რომ სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ გამოიყენებდნენ. ოსორაულმა აქცია ჩაშალა, მაგრამ მისი თქმით, ის მინისტრმა მოატყუა და სამხედრო სამსახურიდანაც გაათავისუფლა.

აღნიშნული ინფორმაცია „მეტრონომმა“ თავდაცვის სამინისტროში გადაამოწმა. სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო თოლორდავამ განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა და ის სამინისტროდან საკუთარი ნებით წავიდა.

თოლორდავა ამბობს, რომ გიორგი ოსურაულმა ნაწილის მეთაურს 2017 წლის 5 სექტემბერს განცხადებით მიმართა და ოჯახური პირობების გამო, სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნა კი გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ  15 სექტემბერს დააკმაყოფილა.

შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარეს, არმიის თადარიგის ოფიცერს დავით ნემსაძეს არ სჯერა, რომ ოსორაული ცოცხალია. „მეტრონომთან“ ის ამბობს, რომ მისი გარდაცვალების ფოტოები ნანახი აქვს და ის სამწუხაროდ დაიღუპა.

მისი თქმით, ეს ხელოვნურად წამოწეული თემაა, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური წრეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციისთვის იყენებენ. ნემსაძე ამ თემით მანიპულირებაში პირადად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ბარამიძეს ადანაშაულებს. ნემსაძე ასევე, გამოძიებისგან ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის დაკითხვას ითხოვს, რადგანაც ოსორაული სამსახურიდან სწორედ მან გაათავისუფლა.

„სამწუხაროდ მე ვნახე დაღუპული სოსო ოსორაულის ფოტო. მას საფეთქელში მიბჯენით აქვს ნასროლი და სახეზე გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. ყველა მასალა  პროკურატურის ხელშია.

სოსო ოსორაულმა 2008 წელს, მოწინააღმდეგის ალყიდან დაიხსნა მეორე ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი. მან ასეულობით ქართულის სიცოცხლე იხსნა.

მე ბრალს ვდებ თავდაცვის უწყებას, ასევე როგორც იზორიას, ისევე ხიდაშელს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს საქმე შეეტენა. ამ საქმეს დოკუმენტალურად ვიცნობ.

პროკურატურისგან ვითხოვ, რომ თინა ხიდაშელის დაკითხვა მოხდეს, რადგანაც  საქართველოს ყველაზე ძლიერი სამხედრო მფრინავი ოსორაული და მასთან ერთად პროფესიონალთა მთელი გუნდი. ავიაციის  ბორტექნიკოსები, რადიოინჟინრები და ა.შ  აიძულა სამსახურიდან წასულიყო სწორედ იმ მეთოდით, როგორც ამას ახალაია აკეთებდა. მაქვს ინფორმაცია, რომელსაც მისი გენისპექციის უფროსი ირაკლი იმერლიშვილი კურირებდა. არიან ოფიცრები რომლებიც ჩვენებას მისცემენ“, – აცხადებს ნემსაძე „მეტრონომთან“.

„მეტრონომი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს დაუკავშირდა. მისი თქმით, სოსო ოსორაულს არასდროს შეხვედრია და მას პირადად არ იცნობს. ხიდაშელი ამბობს, რომ ის ასევე არ ფლობს ინფორმაციას, რატომ მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება, რადგანაც მსგავს გადაწყვეტილებებს მინისტრი არ იღებს. ხიდაშელის განცხადებით, სამინისტროში თანამშრომლებს გადაცდომის, ან სხვა რაიმე დანაშაულის გამო გენისიპექცია ათავისუფლებს.

ასევე, მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება გენშტაბის ხელმძღვანელმაც მიიღოს. თანამშრომლების სამსახურიდან გაშვების მიზეზი კონტრაქტის ვადის ამოწურვაც შეიძლება გამხდარიყო. ამიტომ ხიდაშელს არა აქვს კონკრეტული ინფორმაცია რის საფუძველზე მოხდა მფრინავის თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნა. ყოფილი მინისტრი „მეტრონომთან“ იმ ინფორმაციასაც ადასტურებს, რომ გენისპექციის  ხელმძღვანელი მის დროს, ნამდვილად ირაკლი იმერლიშვილი იყო. თუმცა, დავით ნემსაძის ბრალდებებს უსაფუძვლოს და სიცრუეს უწოდებს.

შეგახსენებთ, 41 წლის სოსო ოსორაული ერთი წელია, რაც კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი, რომელსაც სოსო ოსორაული მართავდა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 2017 წლის 27 იანვარს ჩამოვარდა. ქართველი პილოტები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამუშაოდ მას შემდეგ წავიდნენ, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა. ქართველი სპეციალისტები კონგოელ მფრინავებს მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიან.

იმავე წლის 5 ივნისს ტყვეობაში მყოფი სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის ოჯახის წევრებს მიმართავს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა განაცხადა, რომ ვიდეომასალა რამდენიმე თვის წინანდელი იყო და სოსო ოსორაულთან კავშირი 13 მაისიდან გაწყდა.

ივნისში, ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კონგოს რევოლუციური ორგანიზაცია „23 მარტის“ პოლიტიკურმა ლიდერმა ბერტრან ბისიმვამ დაადასტურა, რომ სოსო ოსორაული 13 ან 14 მაისს კონგოს ხელისუფლების მიერ მოწყობილი ოპერაციის მოგერიებისას დაიღუპა.

ივნისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 7 ივნისს, მათ გაეროს მისიისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ 13 ან 14 მაისს ნამდვილად მოხდა შეტაკება და სოსო ოსორაული დაიღუპა.

თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაული ის სამხედრო მფრინავია, ვინც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, 2-3 საათზე ბოლოჯერ გაფრინდა ცხინვალის მიმართულებით და მე-2 ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....