ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მანანა ბერიკაშვილის მხრიდან შესაძლო შურისძიება”: თევზაძე რატიანის საქმეზე

სამართალდამცველების მიერ პოეტ ზვიად რატიანის ცემის ფაქტს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიგი თევზაძე ეხმაურება:

”ზვიადის ამბამდე რამდენიმე დღით ადრე დავწერე. ეს ერთი პრობლემაა.

ახლა მეორე პრობლემის შესახებ: არანაირი საფუძველი არ მაქვს ზვიადის მონაყოლში ეჭვი შევიტანო. არა იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ საუკეთესო პოეტია დღეს და მისი “ნეგატივი: 20 წლის შემდეგ” სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. ამიტომ არა. ვიცნობ და იმიტომ.

სოციალურ ქსელში დაიწერა კულტურის სამინისტროს, კერძოდ, მანანა ბერიკაშვილის მხრიდან შესაძლო შურისძიების შესახებ, ფრანკფურტის ბაზრობის მომამზადებელი პროცესის მენეჯმენტის შეცვლის წინაამღდეგ ზვიადის აქტიურობის გამო. რასაც ზვიადი ყვება, ჰგავს დაკვეთილ მოქმედებას.

როგორც ვიცი, 40+ ნარინჯისფერკურტკიანი კაცები არ არიან პოლიციის “ჩვეულებრივი” სამიზნე ჯგუფი. დაველოდოთ გამოძიებას (?).”, – წერს გიგი თევზაძე.

შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გზაში კიდევ სცემეს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტი, თაკო გვაზავა სოციალურ ქსელში აღწერს, თუ რა მოხდა თამარ მეფის გამზირზე. როგორც ჟურნალისტი ამტკიცებს, საცობში მდგარმა, ტაქსიდან სწორედ აღნიშნული შემთხვევა იხილა, სადაც, მისი განცხადებით, პოლიციას ფორმა ეცვა, ხოლო პოეტი აგრესიულად იქცეოდა. გვზავას თქმით, რატიანმა პოლიციის ერთ-ერთ წევრს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით, გამოძიებს დასრულებამდე შეუჩერდა.

დღეს ჩანიშნული სასამართლო პროცესი კი რატიანის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიდო. პოეტი საავადმყოფოში გადაჰყავთ. ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება მასთან.

ადვოკატი: ზვიად რატიანი პროცესზე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდება

იტვირთბა....