aviabiletebi
ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

კორნელი კაკაჩია – მსგავსი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, 2020 წელს სამოქალაქო დაპირისპირებას მივიღებთ (ინტერვიუ)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩავლილი საპრეზიდენო არჩევნები, რუსეთ საქართველოსა და საქართველო ამერიკის ურთიერთობა, მესამე ძალის გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში – ამ და სხვა საკითხებზე “მეტრონომი” პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

მეტრონომი: საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. თქვენი აზრით, როგორ შეფასდა ეს დასავლელი პარტნიორების მხრიდან – დადებითად თუ უარყოფითად?

კორნელი კაკაჩია: დავიწყოთ იქიდან, რომ საერთაშორისო საზოგადოების შეფასება მეტ-ნაკლებად იყო ობიექტური. განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც ხაზს უსვამენ, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები, რომელიც ამავდროულად, სერიოზულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. მაგ; ვალების ჩამოწერის პროგრამა, რასაც დასავლეთში ამომრჩევლის მოსყიდვად თვლიან. მით უმეტეს, ეს მოხდა მეორე ტურის წინ. მთლიანობაში, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არჩევნების შეფასება უფრო კრიტიკული იყო, ვიდრე ჩვენმა საზოგადოებამ აღიქვა.  ალბათ, ეს ყველაფერი გამოჩნდება, როდესაც საბოლოო ანგარიშს დადებენ. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ საერაშორისო თანამეგობრობამ, დიპლომატიურობიდან გამომდინარე, კარგად ვერ გამოკვეთა არსებული პრობლემები. ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები რაც კი ჩატარებულა ბოლო წლებში საქართველოში და თუ ჩვენ ამ პრობლემებს არ მივაქცევთ ყურადღებას და მსგავს არჩევნებს ჩავატარებთ 2020 წელსაც, ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებას ვერ ავცდებით. საერთაშორისო თანამეგობრობას ამაზე უნდა გაეკეთებინა აქცენტი  – ეს არის დაუშვებელი და თუ ამ მხრივ ძირეული გარღვევები არ მოხდა, 2020 წელს, ამ პირობებში, სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

მეტრონომი: ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური და სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს…

კორნელი კაკაჩია: არჩევნები, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია. ამასთან დაკავშირებით არც საერთაშორისო თანამეგობრობის ორგანიზაციებს გამოუთქვამთ პრეტენზიები. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ. ამასაც აქვს მნიშვნელობა. მაგ: ვალების ჩამოწერა. მართალია, მთავრობა ამბობს, რომ ეს მანამდეც მქონდა დაანონსებულიო, მაგრამ ეს არის მოვლენა, რომელსაც შეეძლო, არჩევნებზე მოეხდინა გავლენა. თუმცა, როდესაც პირველსა და მეორე ადგილს შორის განსხვავება 20%-ია, აქ ლეგიტიმურობაზე საუბარი აღარაა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი არჩევნები 2020 წელს რომ ჩავატაროთ, ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარება გვექნება.

მეტრონომი: რა როლი ითამაშა ამ არჩევნებში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა?

კორნელი კაკაჩია: ოპოზიციის წარმატებაში, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, გარკვეული წვლილი შეიტანა სააკაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიღებულ ხმებში, პირადად სააკაშვილისთვის მიცემული ხმებიცაა. თუმცა, მეორე ეტაპზე, საკუთარი რადიკალიზმით, მან დააფრთხო ე.წ. მიუმხრობელი ამომრჩეველი, რომელსაც გადაწყვეტილი არ ქონდა თუ ვისთვის მიეცა ხმა. ეს ოპოზიციის მიერ მიღებულ შედეგზეც აისახა. გვახსოვს, რომ ესეთი რამ პირველად არ მომხდარა. სააკაშვილმა ასეთივე როლი ითამაშა წინა არჩევნებზეც.

მეტრონომი: სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია. რას ელოდებით მისი პრეზიდენტობის საწყის პერიოდში?

კორნელი კაკაჩია: პირველ რიგში, ახალმა პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის აღარ არის ფრანგი დიპლომატი და ის საქართველოს პრეზიდენტია. ეს ორი სხვადასხვა რამ არის. მან უნდა ილაპარაკოს როგორც საქართველოს პრეზიდენტმა. აქედან გამომდინარე, ის რიტორიკა, რაც წინასაარჩევნოდ ქონდა სალომე ზურაბიშვილს, იქნება მიუღებელი. პრეზიდენტისთვის ამის გაცნობიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება. იმიტომ, რომ წინასააარჩევნო პერიოდში მის მიერ რუსეთ-საქართველოს ომზე გაჟღებელი ფრაზების განცხადების ფუფუნება ახლა აღარ ექნება. ზურაბიშვილი დღეს წარმოადგენს საქართველოს ოფიციალურ პირს და მსგავს გადაცდომას მისი პრეზიდენტობისთვის მნიშვნელოვანი როლი ექნება. მნიშვნელოვანი იქნება რა ტიპის ხალხს შემოიკრეფს და შეძლებს თუ არა მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, მათ შორის საგარეო კუთხით, ისე როგორც ეს ძალაში ახლადშესულ კონსტიტუციაშია გაწერილი. კონსტიტუციაში მკვეთრად წერია, რომ საქართველო ევროატლანტიკური სივრცის წევრი უნდა გახდეს. დანარჩენს დრო გვანახებს. რამოდენიმე თვეში კონტურებიც გამოჩნდება.

მეტრონომი: ბოლო პერიოდში აგრესიული განცხადებებით გამოირჩევა რუსული მხარე. რას უნდა უკავშირდებოდეს ეს?

კორნელი კაკაჩია: რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები არაახალია. უბრალოდ, ახლა ყურადღება უნდა მივაქციოთ სერგეი ლავროვის განცხადებების იმ ნაწილს, სადაც საუბრობს, რომ რუსეთი უკვე გახდა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. გამომდინარე იქიდან, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოზე პირდაპირი პოლიტიკური ზეგავლენა დაკარგა, ახლა ცდილობს, ეს ყველაფერი დაიბრუნოს – მათ შორის ეკონომიკური ბერკეტებიც. მართალია, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ლიბერალურ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ეს რუსეთის მიზანიცაა. ის ცდილობს, საქართველო ნელ-ნელა მოაბრუნოს ევრაზიული სივრცისკენ. ამ კუთხით ბევრია გასაკეთებელი, რადგან არ გავხდეთ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული, როგორც ეს 10-15 წლის წინ იყო. გვახსოვს ამას რა შედეგები მოყვება. საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს, რომ ეკონომიკური კუთხით, რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებული ვიყოთ. თუმცა, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ამ მხრივ წინ გადადგმულ ნაბიჯებს. მესმის, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ამ კუთხით რაღაც არის მოსაფიქრებელი. ჩვენ გვახსოვს, როგორ იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს რუსეთი. მათ შორის, როდესაც საქართველოსა და მოლდოვეთს დაუწესა ემბარგოები.

მეტრონომი: რა ეტაპზეა ამჟამად საქართველო-ამერიკის ურთიერთობა. რა პოლიტიკას ატარებს ტრამპი საქართველოს მიმართ და არის თუ არა კვლავ შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის უმთავრესი და რაც მთავარია, საიმედო მოკავშირე?

კორნელი კაკაჩია: თუ ტრამპის პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მას არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა პოსტსაბჭოთა სივრცესთან და მით უმეტეს, საქართველოსთან დაკავშირებით. თუ გადავხედავთ თვითონ შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციას, ბოლო ხანებში საკმაოდ მტკიცე მხარდაჭერა გამოიჩინა საქართველოსთან მიმართებაში. თუნდაც ჯაველინების მიყიდვა და სხვადასხვა პოლიტიკური განცხადებები რომ ავიღოთ. ასევე ის გადაწყვეტილება, რომელიც კონგრესმა რამოდენიმე დღის წინ მიიღო და თუ სენატმაც დაამტკიცა და პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ასე რომ, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის მხრივ, საწუწუნო არაფერი გვაქვს. რაც შეეხება სამხედრო გარანტიებს, ეს ერთდერთ შემთხვევაში მოხდება – თუ ნატოს წევრი გავხდებით. პოლიტიკურ დონეზე და ეკოკნომიკური კუთხით მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ მხოლოდ შეერთებული შტატების იმედად არ უნდა ვიყოთ. ჩვენ გყვავს ევროპელი პარტნიორები და საჭიროების შემთხვევაში მათი მობილიზებაც უნდა მოხდეს. გარდა ამისა, ჩვენი პოტენციალი არ უნდა დაგვავიწყდეს – ჩვენ თვითონ ვართ ჩვენი ბედის მესვეურები – ჩვენს ხელშია ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკა. სწორედ ამის გამო აქცენტი დასავლეთის მხრიდან გაკეთებულია იმაზე, რომ ქვეყნის შიგნით გაძლიერდეს სამხედრო-ეკონომიკური და ზოგადად, სოციალური მდგომარეობა. იციან, რომ ამის გარეშე რუსეთის ზეწოლის შეჩერება ვერ მოხერხდება.კი ბატონო, ვივაჭროთ რუსეთთან, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მათთვის ეკონომიკური ბერკეტი. ამ ხელისუფლების პირობებში რუსებმა იციან, რომ პრორუსულ ძალებს ვერ მოიყვანენ ქვეყნის სათავეში, მაგრამ ცდილობენ, რომ მათი მხარდამჭერი ძალები გააძლიერონ, რადგან საშუალოვადიან პერსპექტივაში შეძლონ ამ ძალების გაძლიერება.

მეტრონომი: რა მოხდება უკრაინაში ღია სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში და რა გავლენას იქონიებს ეს პროცესი საქართველოზე?

კორნელი კაკაჩია: ღმერთმა არ ქნას, რომ უკრაინაში ღია აგრესია წავიდეს და რუსეთმა აიღოს მარიუპოლი და სხვა ქალაქები. ამას საქართველოზე სერიოზული გავლენა ექნება. ეს არის ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი პირდაპირ სამხედრო ინტერვენციას მოახდენს. საქართველოსთვის ეს დამაფიქრებელი იქნება. თუ უკრაინას მოწყვიტეს შავი ზღვის რეგიონი, ეს ძალიან გაართულებს უკრაინა საქართველოს ურთიერთობას და ზოგადად, მთელს რეგიონში გეოპოლიტიკურ მდგომარეობას.

მეტრონომი: რა ეტაპზეა ამჟამად რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა?

კორნელი კაკაჩია: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა ტურბულენტურ ეტაპზე იმყოფება. რაღაც ვერ ჩამოყალიბდა ბოლომდე. ტრამპს აქვს წინააღმდეგობრივი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. ერთ დღეს აქებს პუტინს და შემდეგ კონგრესისა და პოლიტიკური პარტნიორების ზეწოლით სანქციებს აწესებს. მიუხედავად პუტინისადმი კეთილგანწყობისა, ამერიკისა და რუსეთის ინტერესები სხვადასხვა რეგიონებში არ ემთხვევა. მაგ: სირიაში, პოტსაბჭოთა სივრცესა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ეს ურთიერთობა ვერ დაბალანსდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის დიალოგი არ არსებობს. მთლიანობაში ურთიერთობა გადახრილია ნეგატივისკენ.

მეტრონომი: და ბოლოს, კვლავ საქართველო. რას იტყვით მესამე ძალასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ძლიერი ალტერნატიული საარჩევნო სუბიექტი ვიხილოთ?

კორნელი კაკაჩია: ჩვენ არ ვიცით მესამე ძალა იქნება თუ მეორე ძალა გახდება პირველი ძალა, ამას ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს. თუმცა, თუ ახალ ძალაზე ვსაუბრობთ, რომელსაც არჩევნების მოგების ამბიცია ექნება, ამისთვის რამდენიმე მახასიათებელია საჭირო. ამ ძალის უკან უნდა იდგეს ფინანსური ბერკეტები და მედიასაშუალებები. ჩვენ თუ დავაკვირდებით ბოლო საპარლამენტო არჩევნებს, პარლამენტში მხოლოდ ის პარტიები მოხვდნენ, რომელთაც საკუთარი ტელევიზიები გააჩნიათ. თუ მათ არ ექნება ფინანსური და მედია მხარდაჭერა, არ იქნებიან ქართულ პოლიტიკაში გათვითცნობიერებულები, ძალიან გაუჭირდება ასეთ ძალას. თუმცა, საქართველოში არაფერია გამორიცხული. უბრალოდ, საკითხავია რამდენად მოხერხდება ამ ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენა მაშინ, როდესაც საზოგადოება პოლარიზებულია და რესურსები ორ ძალას შორისაა გადანაწილებული.

იტვირთბა....