aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იციკ მოშე: “ისრაელ-საქართველოს შორის 100 დღით შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა იციკ მოშემ  მედიას გააცნო რამდენიმე პუნქტიანი გეგმა, რომელიც ისრაელში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ შესვლის საკითხს უკავშირდება.

მისი თქმით, რადგან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში შესვლასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა და ზოგჯერ ეს გამოხატულია ანტისემიტური ფრაზეოლოგიით, დროებით, 100 დღით შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, რათა ორივე მხარის მონაწილეობით სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა კარგად შეისწავლოს აღნიშნული საკითხი. ამასთან, ორივე ქვეყნის მოქალაქეებითვის დაიწყოს ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და აკრძალვებზე ახსნა-განმარტებითი სამუშაოები, რომელშიც ასევე აქტიურად ჩაერთვება „ისრაელის სახლი“.

როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, უნდა მოხდეს ისრაელში ტურისტად ან სამუშაოდ ჩასულთა გამიჯვნა და ტურისტულმა კომპანიებმა იმუშაონ მხოლოდ ტურისტებზე. რაც შეეხება სამუშაოს მაძიებლებს, ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს.

„ოფიციალური სამუშაო კვოტას გამოყოფის საკითხი ჩვენ კარგა ხნის წინ დავსვით და ისრაელისგან მივიღეთ თანხმობაც. სასურველია, ახლა ეს შეთანხმება უკვე მხარეებს შორის ოფიციალურად გაფორმდეს და საქართველო, მსგავსად აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისა, მიიღებს სამუშაო კვოტას“, – განაცხადა იციკ მოშემ და დასძინა: „გაუგებრობა და მედიის კითხვები – რატომ აჩერებენ ქართველ ტურისტებს ისრაელის აეროპორტში? უნდა დასრულდეს. მე არ მინდა ორ ქვეყანას შორის კარგი წარსული ამ ფრაზეოლოგიამ დააზიანოს. გვჯერა, რომ ინიციატივებს, რომელზეც მომავალ კვირას ვისაუბრებთ, ექნება შედეგი. ორივე ქვეყნის მთავრობას უნდა მივმართოთ, პირველ ეტაპზე, დროებით, 100 დღით შეჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველო-ისრაელს შორის. ამ 100 დღეში უნდა შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც იმუშავებს საკითხების მოგვარებაზე. ისრაელის სახელმწიფომ უნდა გამოყოს სამუშაო კვოტა საქართველოდან ჩასული მოქალაქეებისთვის. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურისტულმა კომპანიებმა არ ივაჭრონ ადამიანებით და არ მოიტყუონ. ტურისტულმა კომპანიებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე“.-განაცხადა იციკ მოშემ.

შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ გამართა პრესკონფერენცია, სადაც ისრაელის მესაზღვრეები დაადანაშაულეს არასათანადო მოპყრობაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ისრაელის ელჩს შაბთაი ცურს 10 თებერვალს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა დაკავებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ცალკეულ შემთხვევებზე.

 

საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის ვიზების გაუქმებასა და დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე შეთანხმებას 2013 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი, ხოლო 2014 წლის მარტიდან ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. თუმცა 2016 წლის ნოემბერში ისრაელის მედია იუწყებოდა, რომ მათი შსს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის თხოვნაზე ავტომატური უარის შემოღებას გეგმავდა. ადგილობრივი მედია ისრაელის შს სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ ასეთი თხოვნების დიდი ნაწილი შესაძლებელია უარყოფილი იყოს ყოველგვარი ზედმიწევნითი შემოწმების გარეშე.

იტვირთბა....