aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი “მეტრონომთან”: შავი პიარი, მესამე პოლიტიკური ორბიტა და “ქოც-ნაცური იდილია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რამდენიმე დღის წინ, გადაცემა “კვირის აქცენტებში” საუბარი შეეხო “შენების მოძრაობის” ლიდერს, დავით უსუფაშვილს, სადაც საუბარი იყო მისი ავტორობით რამდენიმე წლის წინ, “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნებულ პიარ სტატიაზე. შეგახსენებთ, ეს ის პერიოდია, როცა დავით უსუფაშვილი “ქართული ოცნების” ალიანსის წევრი იყო. ამასთან, ამავე გადაცემაში საუბარი შეეხო უსუფაშვილის პოლიტიკურ მომავალს და ღია წერილს, რომელშიც “შენების მოძრაობის” ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების წინ “პოლიტიკურ თანამშრომლობას” სთავაზობს. ამ ინიციატივას უსუფაშვილის წინააღმდეგ კრიტიკა მოჰყვა, უფრო, მეტიც უსუფაშვილი-მარგველაშვილი-კვირიკაშვილის  შესაძლო პოლიტიკური ტრიო უპერსპექტივოდაც მოინათლა.

ამასთან დაკავშირებით, “მეტრონომი” დაინტერესდა და დაუკავშირდა დავით უსუფაშვილს. “შენების მოძრაობის” ლიდერს 2 კითხვა დავუსვით.

“მეტრონომი”: რას ნიშნავს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ნიუ-იორკ თაიმსში” გამოქვეყნებული პიარის ავტორი იყო დავით უსუფაშვილი, რა იყო ამ პიარის გამოქვეყნების ანატომია და რას ემსახურება დღეს ამ თემის წამოწევა?

დავით უსუფაშვილი: წვრილად მოგახსენებთ საერთაშორისო “ნიუ-იორკ თაიმსში” ჩემი წერილის გამოქვეყნების მიზეზზეც, მიზანზეც, შინაარსზეც და პროცესზეც. ამ ტექსტის კითხვით დროის დაკარგვას არ ვურჩევ მათ, ვისთვისაც ჭეშმარიტების წყარო მიხეილ სააკაშვილის სიტყვაა, ხოლო ეროვნული ინტერესების საზომი – ნაცმოძრაობის ინტერესები.

მიზეზი – 2014 წლის ზაფხულის მდგომარეობით წამყვან საერთაშორისო წრეებში ჯერ კიდევ დიდი იყო მიხეილ სააკაშვილის, “ნაცმოძრაობის” და მათი უცხოელი პარტნიორების პროპაგანდის გავლენა 2012 წელს მომხდარი ცვლილების აღქმაზე. ამ  პროპაგანდისტული ნარატივის მიხედვით, სააკაშვილი პუტინმა დაამარცხა ივანიშვილის მეშვეობით, რომელიც ოცნების გუნდთან ერთად (ანუ ჩემთან ერთადაც) ახორციელებდა პუტინის პროექტს საქართველოს ნატო-სგან, ევროპისგან, აშშ-სგან დისტანცირებისა და მისი რუსულ ორბიტაზე დაბრუნებისთვის. ამგვარი კითხვები და ეჭვები ქვეყანას სერიოზულ დაბრკოლებას უქმნიდა ევროკავშირთან ასოცირების, ნატოსთან დაახლოების და, ზოგადად, დასავლური ინტეგრაციის პროცესში. თემა განსაკუთრებით გამძაფრდა სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემდეგ, რაც საღდებოდა როგორც პუტინის ვენდეტა განხორციელებული ქართველი პუტინისტების მიერ.

მიზანი – ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად საჭირო იყო საერთაშორისო წრეებში უსაფუძვლო კითხვების და ეჭვების გაფანტვა სწორედ ივანიშვილთან დაკავშირებით, რომელიც აღარ იყო ოფიციალურ თანამდებობაზე, მაგრამ ოცნებას შინაარსობრივად სწორად ერქვა „ივანიშვილის ხელისუფლება“ და გასაფანტი უსაფუძვლო ეჭვებიც სწორედ მას უკავშირდებოდა და არა, მაგალითად, მე ან საგარეო საქმეთა მინისტრ ფანჯიკიძეს.

შინაარსი – წერილში ერთადერთი თემაა გაშლილი და ვინც თავად წერილი წაიკითხა, და არა მხოლოდ “ნაცმოძრაობის” კომენტარები ამ წერილზე, ყველა დამეთანხმება. ეს არის მსჯელობა და არგუმენტები ივანიშვილის „ქართველობაზე“ და არა „რუსობაზე“, საქართველოს სამსახურის მცდელობაზე და არა რუსეთის სამსახურის მცდელობაზე. მათ შორის, 2003-2008 წლების განმავლობაში ივანიშვილის მჭიდრო თანამშრომლობაზე თავად სააკაშვილთან და მის სერიოზულ ფინანსურ წვლილზე ქართული არმიის ნატო-სთან თანამშრომლობისთვის მოსამზადებლად, ანუ მისი “არაპუტინისტობის“ დასტურზე.

პროცესი – მე დამიკავშირდნენ მთავრობის ადმინისტრაციიდან და მკითხეს, ხომ არ შემეძლო ხსენებულ პრობლემას შევხმიანებოდი ჩემი წერილით, რომლის რომელიმე უცხოურ გამოცემაში გამოქვეყნებას თავად უზრუნველყოფდნენ. დავთანხმდი და დავწერე წერილი, რომელიც შემდეგ “ნიუ-იორკ თაიმსში” ვიხილე. ეს იყო და ეს.

მეტრონომი: თქვენი ბოლო ღია წერილის შემდეგ, რომელშიც თქვენ მარგველაშვილთან თანამშრომლობის ინიციატივა გამოთქვით, საკმაოდ დიდი კრიტიკა მოჰყვა. ასეთი ინტერესი ხომ არ ნიშნავს იმას, რომ არც “ოცნების” და არც “ნაცმოძრაობის” ბანაკს არ აწყობს მოსალოდნელი ალიანსი არჩევნების წინ, მითუმეტეს, თუკი საუბარი მიდის კვირიკაშვილის ტრიოში თანამონაწილეობაზეც?

დავით უსუფაშვილი: ქოც-ნაცური იდილიის დარღვევა და მესამე პოლიტიკური ორბიტის გაჩენა მიუღებელია ორივე მხარისთვის. ნაცებისთვის განსაკუთრებით გამაღიზიანებელია მათგან არაკონტროლირებადი პოლიტიკური ძალის ამოზრდა პროდასავლურ ფლანგზე, რომელიც თავის ექსკლუზიურ ტერიტორიად მიაჩნიათ. ამიტომ, სრულიად ადვილი ასახსნელია მათი დღევანდელი რეაქციებიც და ხვალინდელი შავი პიარის ნიაღვარიც. მეორე მხრივ, დღევანდელი “ოცნება” და პირადად ივანიშვილი ყველაზე უფრო მტკივნეულად რეაგირებენ ყოფილი “ოცნებელების” კრიტიკაზე, განსაკუთრებით, “ოცნების” სადამფუძნებლო პრინციპების, ღირებულებების და დაპირებების შეხსენებაზე. ამიტომ, არც მათგან არის მოსალოდნელი ბრძოლა წესებით. მოკლედ, მოცემულობაა, რომ ჩვენი პროექტი ორცეცხლშუაა, ისევე, როგორც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა…

 

 

 

იტვირთბა....