aviabiletebi
პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

თეოლოგი: “ავტოკეფალია არ შეიძლება განვიხილოთ ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გარეშე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას ითხოვს და ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერას ელის. უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, თეოლოგი გოჩა ბარნოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისათვის!

“პატრიარქების პენტარქიის ინსტიტუტის ჩამოყალიბებით შესაძლებელი გახდა ავტოკეფალიის პრობლემების გადაჭრა. ამ ინსტიტუტით შეიქმნა ერთგვარი თანასწორობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო შეურყეველი და უცვლელი ერთიანი სახელმწიფოს პირობებში. მაგრამ, ავტოკეფალია და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა არ შეიძლება დღეს განვიხილოთ ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გარეშე. ამიტომაც, ახალი პოლიტიკური ერთეულების გამოჩენამ გარკვეულწილად გავლენა მოახდინა თანასწორობის ზოგად სურათზე.

XIX – XX საუკუნეების საპატრიარქო და სინოდურ აქტებში, რომელთა მიხედვითაც მოხდა რამდენიმე ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება, მინიშნებულია, რომ საეკლესიო და სამრევლოების შესახებ უფლებები სახელმწიფო მოწყობების თანახმად უნდა იცვლებოდეს. დაახლოებით იგივე შინაარსის (ფრაზეოლოგიური) გამოხატვას ვხვდებით IV მს. კრების მე-17 კანონსა და ტრულის კრების 38-ე კანონში. თუმცა იქ არაა საუბარი ავტოკეფალიის ან ავტონომიის შესახებ. ფოტიოსი ამგვარ განმარტებას გვაძლევს ამ საკითხთნ დაკავშირებით, რომ საეკლესიო მოწყობა უნდა მიჰყვებოდეს საეროს.

ფოტიოსის ეს ფრაზა დღევანდელ სინამდვილესთან ძალიან ახლოს დგას.
IX საუკუნიდან, როგორც ცნობილია მს. კრებები აღარ ჩატარებულა და აღნიშნული პრობლემის მოგვარების პროცედურები აიღო კონსტანტინოპოლის ენდიმუსა კრებამ (ანუ იგივე საპატრიარქო კრებამ).
პრესვიგენული საპატრიარქოებისა და კვიპროსის გარდა, მოსკოვიდან მოყოლებული ვიდრე ჩეხეთ-სლოვაკეთამდე, ყველა ეკლესიამ ავტოკეფალიის მიღებისათვის გაიარა ის პროცედურები, რომელიც წინ აქვს გასავლელად უკრაინას. ამიტომ მისი ავტოკეფალიის საკითხი არ უნდა იწვევდეს ეჭვს.

ზოგადად, დღეს, ავტოკეფალიის ან ავტონომიის წინაპირობებს წარმოადგენს: სუბიექტური: შესაბამისი სურვილი კლერიკოსებისა და ერისა (ადგილობრივი მთვარობის მოთხოვნითაც) და ობიექტური: დამტკიცებისა იმისა, რომ ამგვარი (ანუ ავტოკეფალიის მინიჭება) მოწყობა იქნება უფრო ეფექტური. ხშირად სუბიექტური წინ უსწრებს ხოლმე ობიექტურს. ეს ორი წინაპირობა სრულყოფილი ხდება 1) ეროვნული ერთგვაროვნების არსებობით, და 2) ერთიანი ცხოვრებით ერთ სახელმწიფო საზღვრებში ანუ „ავტოკეფალიურად“ გამოცხადებული ეკლესია უნდა იყოს დაკავშირებული ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილთან და უნდა ფლობდეს შინაგან თვითმყოფადობას, რათა განახორციელოს როგორც ეპისკოპოსთა ხელდასხმისა და განსჯის კანონიკური სამართლებრივი მოქმედებები, ისე მისი მთელი საეკლესიო ცხოვრების მოწყობა. ყველასთვის ცხადია, რომ უკრაინას აქვს ყველა ეს ზემოთ დასახელებული წინაპირობა ავტოკეფალიის მოსაპოვებლად.

აქვე ჩნდება კითხვა, დასაშვებია თუ არა ავტოკეფალიის მინიჭება იმ რელიგიურ ერთობაზე, რომელიც წარმოადგენს უმცირესობას ერთ სახელმწიფო საზღვრებში (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთთან მიმართებაში), და ამ სახელმწიფოში უკვე არსებობს ავტოკეფალური ეკლესია. უნდა თქვას, რომ თანამედროვე კანონოლოგების მიხედვით, ეკლესიოლოგიურად ეს მიუღებელია.

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტრადიციის თანახმად, კანონიკურ პროცედურას იწყებს პატივის უპირატესობის მქონე საყდარი (მსოფლიო საპატრიარქო კონსტანტინოპოლი), რომელიც ადგენს ამათუიმ ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს და ანიჭებს მას ავტოკეფალიას, რაც ყოველთვის და ყველა ეკლესიის შემთხვევაში პასუხობდა ადგილობრივი ეკლესიის არსებით მოთხოვნებს, რაც ვეღარ კმაყოფილდებოდა არსებული მოწყობით, ამასთანავე ავტოკეფალიის გამოცხადება არ არის თვითმიზანი. მიდევნებითად, ამ ტომოსს აღიარებენ პრესვიგენული საპატრიარქოები და ყველა სხვა ავტოკეფალიური ეკლესიებიც”- ნათქვამია გოჩა ბარნოვის პოსტში.

იტვირთბა....