ახალი ამბები მთავარი სამართალი

დიჯეი “რემბო”: სახლიდან გამოვდიოდი, როდესაც ონიანის ბრძანებით ხელბორკილები დამადეს

ლევან მდინარაძე, იგივე დიჯეი “რემბო” ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებას და მის მიმართ სასამართლოს განაჩენს აფასებს.

“ბევრად მეტს ველოდი, ვინაიდან იმ პერიოდში ჩემნაირად ბევრი სხვა ადამიანი გამწარდა”, – განაცხადა ლევან მდინარაძემ “პირველ არხთან”.

მისი თქმით, გოგა ონიანის ბრძანებით, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს. ამის მიზეზად მდინარაძე „ქართული ოცნების“ აქტივისტობას და ბერასთან მეგობრობას ასახელებს.

„საკუთარი სახლის სადარბაზოდან გამოვდიოდი, როდესაც ონიანის ბრძანებით, დამადეს ხელბორკილები, არანაირი უფლებები არ განმიმარტეს, ჩამტენეს მანქანაში, საიდანაც დაიწყო ჩემზე წნეხი“, – განაცხადა ლევან მდინარაძემ.

მისი თქმით, როდესაც გიორგი ონიანს დაკავების მიზეზების განმარტება მოსთხოვა, ონიანმა უპასუხა, რომ ბრალი ედებოდა სახელმწიფო ღალატში.

„ასე მითხრა, რომ მივალთ, აზრზე არ ხარ, რა გელოდებაო. რომ ვკითხე, კონკრეტულად რისთვის დამიჭირეთ-მეთქი, ასე მითხრა, ბერასთან რომ მეგობრობ და „ქართული ოცნების“ აქტივობებში მონაწილეობ, იმიტომ დაგიჭირეთო“, – იხსენებს ლევან მდინარაძე.

როგორც მან პირველ არხს განუცხადა, გოგა ონიანი სამართალდამცავ უწყებებთან სთხოვდა თანამშრომლობას, კერძოდ, მდინარაძეს ბერასა და მისი ოჯახის წინააღმდეგ უნდა ესაუბრა. როდესაც მდინარაძე ამ შეთავაზებას არ დათანხმდა, ონიანმა უთხრა, რომ 6-დან 9 წლამდე მოუწევდა პატიმრობაში ყოფნა.

„იმავე დღეს წამიყვანეს ნარკოლოგიურში. არაფერი აღმომაჩნდა, რაღაცებზე მომაწერინეს ხელი, რის შემდეგაც „აღმოჩნდა“, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში მედებოდა ბრალი“, – განაცხადა ლევან მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის გიორგი ონიანის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ონიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს და სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. მას 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ონიანს ბარალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. პროკურატურა მას ორ ეპიზოდს ედავებოდა.

„ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ ქონია ფაქტიურად, ეს იყო შეთხზული ამბავი, რომელიც მოტივირებული იყო ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე თავისუფლება აღეკვეთათ გიორგი ონიანისთვის, მაშინ, როდესაც დაცვის მხარემ მართლაც რეალური მტკიცებულებები წარადგინა, მათ შორის, სახალხო დამცველი წარვადგინეთ მოწმის სახით და მისი ჩვენება ამ საქმის გასაღებია“ – აცხადებს ადვოკატი, ბექა ბასილაია.

წყარო: 1tv.ge

იტვირთბა....