aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოზი: “მოსკოვის საპატრიარქო ბოლო საუკუნეები ეწეოდა უკრაინის ეკლესიის რუსიფიკაციას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის ავტოკეპალიის მინიჭებასთან დაკავშირებით, დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. მისი თმით მოსკოვი არაა უკრაინის დედაეკლესია.

“ისტორიულად მოსკოვი არაა უკრაინის დედაეკლესია, ან დედაკათედრა, არამედ კიევია (უკრაინაა) მოსკოვის (რუსეთის) დედაკათედრა (მეტროპოლია) ორივესი ერთად დედაეკლესია კი, კონსტანტინოპოლია!

რადგან კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის (კიევის სამიტროპოლიტო კათედრის) დედა-ეკლესიამ დაიწყო კანონიკური პროცედურები უკრაინის საერო ხელისუფლების (პრეზიდენტის და პარლამენტის) მიმართვების, მილიონობით უკრაინელის მიერ ხელმოწერილი პეტიციის და უკრაინის ავტოკეფალისტი სამღვდელოების საუკუნოვანი მოძრაობის რეალობის საფუძველზე, მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ განვმარტო საქართველოში მრავალთათვის უცნობი ეს საკითხი, მით უფრო იმის ფონზე, რომ ზოგიერთ მცირემცოდნეს ეს საკითხი უკრაინის ყოფილ ეგზარქოსისის, მოსკოვის საპატრიარქო ტახტის ყოფილი მოსაყდრის, აწ უკრაინის დეფაქტო პატრიარქის, ფილარეტ დენისენკოს საპატრიარქო ამბიციები ჰგონია, რაც საკითხის სრული უცოდინრობაა. ფილარეტი ამ საუკუნოვანი ისტორიის ერთი ფურცელია მხოლოდ და უკრაინის მეოთხე დეფაქტო პატრიარქი. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მოკლე ცნობები მოგაწოდოთ ამ დრამატული დიდი საეკლესიო ისტორიის შესახებ:

მე-17 საუკუნიდან მოყოლებული (კონკრეტულად 1685 წლიდან) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ანუ კიევის მიტროპოლია, რომელიც დღიდან მისი დაარსებისა, ე.ი. 988 წლიდან ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს, მოსკოვის (რუსეთის) საპატრიარქომ დაიპყრო და მთელი ეს ბოლო საუკუნეები ეწეოდა უკრაინის დედა ეკლესიის (კიევის მიტროპოლიის ქვემდებარე ნაწილი იყო თავად რუსეთის ეკლესია მე-15 საუკუნის შუა წლებამდე) რუსიფიკაციას. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ საეკლესიო ოკუპაციის ამ საუკუნეების მანძილზე კიევის სამიტროპოლიტო კათედრაზე (საყდარზე) მხოლოდ რუსები დგინდებოდნენ და პირველი უკრაინელი მხოლოდ 1960-იან წლებში დადგინდა (მიტრ. ფილარეტ დენისენკო). კიევის რუსი მიტროპოლიტები იგივე საქმიანობას ეწეოდენ, რასაც საქართველოს რუსი ეგზარქოსები – ადგილობრივი ეკლესიის სრული რუსიფიკაცია.

მეოცე საუკუნეში, ჯერ კიდევ 1917 წლიდან, ცარიზმის დამხობისთანავე, უკრაინის ეკლესიის სამღვდელოებამ (ისევე როგორც ქართულმა სამღვდელოებამ), დაიწყო დიდი ავტოკეფალისტური მოძრაობა მოსკოვის ეკლესიური ტყვეობისგან თავდასახსნელად, მაგრამ, რადგანაც უკრაინის ეკლესიის ყველა ეპისკოპოსი იყო ეთნიკურად რუსი, და ბუნებრივია ისინი იყვნენ მოსკოვის ადეპტები, უკრაინელი სამღვდელოება რჩებოდა ეპისკოპოსის გარეშე. ამ სამწუხარო სიტუაციის გამოსწორება სცადა სრ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდე ოქროპირიძემ, აღუთქვა რა უკრაინელებს, რომ მათ მიერ არჩეულ ორ კანდიდატს მცხეთაში უკურთხებდა ეპისკოპოსად, რომლებიც თავის მხრივ მოახდენდნენ ახალ სამღვდელთავრო ხელდასხმებს უკრაინაში და დააკომპლექტებდნენ უკრაინის ეკლესიის წმინდა სინოდს. სამწუხაროდ, ეს განზრახვა ვერ შესრულდა ყოფილ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო: საეპისკოპოსოდ არჩეული ორი მღვდელი ვერ ჩამოვიდა საქართველოში საეპისკოპოსო ქიროტონიის მისაღებად. ეს პრობლემა გადაიჭრა 1920-იან წლებში პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დახმარებით, მაგრამ 1943 წელს სტალინმა უკრაინაზე ძალაუფლების აღდგენისთანავე გაანადგურა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია და აღადგინა მასზე მოსკოვის საპატრიარქოს დიქტატი.

ავტოკეფალისტი სამღვდელოების და ეპისკოპატის ნაწილმა, ვინც მოასწრო გაქცევა, გააგრძელა დიასპორაში არსებობა. მათი დიდი ნაწილი 1980/90-იან წლებში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შეუერთდა ავტონომიური უფლებით, ნაწილი კი მიტროპოლიტ მსტისლავ სკრიპნიკის მეთაურობით აყალიბებს კიევის საპატრიარქოს 1990 წელს, ამ ეკლესიას 1992 წელს შეუერთდა მოსკოვის საპატრიარქოს კიევისა და სრ. უკრაინის მიტროპოლიტი, ეგზარქოსყოფილი ფილარეტ დენისენკოც სამღვდელოების და ეპისკოპოსების ნაწილით. რომელიც შემდგომში, 1995 წელს გახდა მესამე პატრიარქი ამ ეკლესიისა (პირველი იყო მსტისლავი 1990-1993 წწ., მეორე- ვლადიმერ რომანიუკი 1993-1995 წწ.).

1993 წელს ავტოკეფალური ეკლესია გაიყო ორ ნაწილად. უმცირესობამ (“უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია”) პატრიარქად აირჩია დიმიტრი იარემა, რომლის გარდაცვალების შემდგომ ამ საეკლესიო ფრაქციას მართავდა მიტროპოლიტი მეთოდე კუდრიაკოვი, მისი გარდაცვალების შემდგომ კი მართავს მიტრ. მაკარი. უმრავლესობამ (“უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია-კიევის საპატრიარქო”) პატრიარქად აირჩია ცნობილი დისიდენტი და საეკლესიო მოღვაწე ვლადიმერ რომანიუკი. ამჟამად მიმდინარეობს ამ ორი ავტოკეფალისტური ჯგუფის კვლავ დაახლოების პროცესი. მოსკოვის საპატრიარქოს დაწოლით, დღემდე ვერცერთმა საპატრიარქომ ვერ გაბედა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარება.

იტვირთბა....