aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხარებავა – დოლიძისა და ჯანეზაშვილის ასეთი მიზანმიმართული ნეგატივიზმის კამპანია სასამართლო სისტემის მიმართ, უზარმაზარი საფრთხის შემცველია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ზაზა ხარებავა განცხადებას ავრცელბს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა აბსოლუტურად მიუღებელი, სიძულვილის ტონით გაკეთებული განცხადებები ცალკეული მოსამართლეებისა თუ ზოგადად სასამართლო ხელისუფლების მისამართით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ან საფუძველს მოკლებული არგუმენტაციის მოშველიებით. არასოდეს მინდა ვისაუბრო პერსონალიებზე, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ რიტორიკას სასამართლო ხელისუფლების მიმართ მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობს ჩვენივე კოლეგების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის განცხადებები. ისინი მუდმივად აპელირებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების და მათ შორის ჩემი მიკორძოებულობისა და პოზიციების თაობაზე, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში არ ემთხვევა მათ პოზიციებს. გარდა ამისა, მათი მუდმივი რიტორიკაა თითქოს სასამართლო სისტემაში არსებული კატასტროფული ვითარება მმართველობის წესისა თუ სხვა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, რასაც მე არ ვეთანხმები.

მინდა ვთქვა, რომ რა მოტივაციითაც არ უნდა იყოს ეს განცხადებები ნაკარნახევი, ასეთი მიზანმიმართული ნეგატივიზმის კამპანია სასამართლო სისტემის მიმართ, უზარმაზარი საფრთხის შემცველია და ნამდვილად მეტი ყურადღების ღირსია. მინდა, მათ და სხვებსაც, ყველას შევახსენო, რომ 2012 წლის შემდეგ პოლიტიკური ნებისა და კონსენსუსის საფუძველზე, პოლიტიკა გავიდა მართლმსაჯულების სისტემიდან და სისტემამ დაიწყო ეტაპობრივი გაჯანსაღება, რაც უდავოდ დიდი მიღწევაა. მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში მათი განცხადებები პოლიტიკური ხასიათისაა და ხელს უწყობს პოლიტიკის შემობრუნებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მის ჩათრევას პოლიტიკური ხელისუფლების პერიპეტიებში, რაც დაუშვებელია.

ჩემი წარსული მოღვაწეობით ყოველთვის ვიყავი დაკავშირებული მხოლოდ სასამართლოსთან. საბჭოს წევრად არჩევამდე რამოდენიმე წელიწადი ვახორციელებდი საადვოკატო საქმიანობას, რაც კვლავ განუყოფელი იყო სასამართლოსთან, 2017 წელს პარლამენტმა ამირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ბუნებრივია, კოლეგებო, ჩემს თავს მივიჩნევ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლად, მოსწონს და აწყობს ეს ვინმეს თუ არა. შესაბამისად, მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ სისტემას, შესაძლოა, მათგან განსხვავებითაც და ჩემს გადაწყვეტილებებს ვიღებ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციაზე, კანონზე და ჩემს შინაგანად ჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ ნებაზე დაყრდნობით, ქვეყნის და ისევ და ისევ ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის, სასამართლო ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. ამრიგად, მათი ყველა განცხადება, რომელიც მიმართულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამა თუ იმ წევრის მიერ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, ეს აღიქმება საბჭოს წევრის დამოუკიდებლობის ხელყოფად, რაც ასევე სერიოზულად აზიანებს საერთო პროცესს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მათი მხრიდან ხშირია დემაგოგიური და პოპულისტური განცხადებების შემთხვევები, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება. მიუხედავად წარმოუდგენლად მოკლე ვადისა, რაც ჩვენს ქვეყანაში სასამართლო სისტემის ინსტიტუციური რეფორმები დაიწყო და ბოლო პერიოდში უდავოდ მნიშვნელოვანი და სასარგებლო რეფორმების განხორციელებისა, რაც ხელს უწყობს ჩვენი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მუშაობის გაუმჯობესებასა და მიახლოებას განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების სისტემებთან, სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ ორი წევრის ასეთი აქტიურობის ფონზე, არც ერთხელ მათი მხრიდან საზოგადოებას არ მიწოდებია სათანადო ინფორმაცია ამის თაობაზე და როგორც აღვნიშნე პირიქით, ხდება დემონიზაცია და ანტიპიარის დემონსტრირება, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახიფათო და დამღუპველია. საფიქრებელია, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად, ზოგადად ჩვენი სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მიზნით, რაც უდაოდ დიდი საფრთხის შემცველი იქნებოდა ნებისმიერი ქვეყნისათვის. ჩემთვის მიუღებელია საზოგადოებისათვის მოსამართლეებისა და მთელი სასამართლო სისტემის ასეთი ისტერიული ფორმით და ჩასაფრებული მეთოდებით ტოტალური დისკრედიტაცია. მე მოვუწოდებდი კოლეგებს, რომ თავი შეიკავონ და თავიანთ განცხადებებში გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე, წინდახედულება და გონიერება, რადგან ეს აზიანებს იმ რეფორმების პროცესს, რომლებიც დაწყებულია და მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში ჩვენი სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისა და განვითარებული ევროპული სისტემების მსგავსად ჩამოყალიბებისათვის. მეტად გაიაზრონ თავიანთი კოლეგების საწინააღმდეგო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ გამოთქმული განცხადებების ასეთი ფორმით გავრცელების საშიშროება, რაც ავნებს არამარტო სასამართლო სისტემას, არამედ ქვეყანას და მის რეპუტაციას“, – აცხადებს ზაზა ხარებავა.

იტვირთბა....