aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება სამართალი

„ტყეებში განზრახ გაჩენილი ხანძრებით, უმეტესად, ხეების უკანონო გაჩეხვას ფარავენ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორ იძიებენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს საქართველოში: პოლკოვნიკმა „მეტრონომს“ დეტალები გააცნო

ბოლო პერიოდში მომხდარი მასშტაბური ხანძრების მიზეზები  ცნობილი ჯერ არ გამხდარა; მითუმეტეს, პასუხისგებაში არავინ მიცემულა. შედეგად, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ხომ არ გვაქვს საქმე არაპროფესიონალ გამომძიებლებთან, ან საქმეების მიზანმიმართულ გადაფარვასთან?

როგორ ხდება ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა საქართველოში და თუ ყოფილა შემთხვევა, რომ პოლიციას ამგვარ საქმეში ეჭვმიტანილი დაუკავებია, – ამის შესახებ „მეტრონომს“ პოლიციის პოლკოვნიკი, „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ წევრი, ზაზა ჭაია ესაუბრა:

 

ზაზა ჭაია: ბოლო წლებში, 15 მსხვილ სავაჭრო ობიექტზე ან ბაზრობაზე მოხდა ხანძარი (ლილო, ელიავა, სავაჭრო სახლი „საბა“, ხოფა, ისნის ბაზრობა, „ბავშვთა სამყარო“ და სხვა). დიდი ხნის მუშაობის პრაქტიკის მიუხედავად,  ასეთი ტიპის, სიხშირის და მსხვილი მასშტაბის ხანძრები არ მახსოვს; საუბარია ათეულობით მილიონის ზარალსა და ადამიანების სიცოცხლის დაკარგვაზეც კი.

ამ  ბაზრობების უმრავლესობა ქალაქების ცენტრებში მდებარეობს და უმეტესად,  აღჭურვილია ვიდეოთვალითა და დაცვით. შესაბამისად, ამგვარი ტიპის შემთხვევების გამოძიება შედარებით ადვილია, ვიდრე – მივარდნილ ადგილებზე მომხდარი ხანძრების.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრობებზე გამოძიებისთვის ასეთი გაადვილებული მდგომარეობაა, ამ ხანძრების უმეტესობაზე სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა, მითუმეტეს, არავინ დაუკავებიათ.

„მეტრონომი“: რატომ? რთულია ხანძრის მიზეზების გამოკვლევა? ამ შემთხვევაში, მაგალითისთვის,  ბაზრობებზე გაჩენილი ხანძრები ავიღოთ. როგორ მიმდინარეობს გამოძიება ასეთ დროს?

– ბაზრობების შემთხვევაში, ტარდება ექსპერტიზები და თუ იქ არის ნავთობპროდუქტების, ან განზრახ გაჩენის კვალი, ამას ექსპერტები ადგენენ. ამ დროს  გასათვალისწინებელია ხანძრის კერების რაოდენობა, არის თუ არა ხანძარი შეუთავსებელი ბუნებრივ პირობებთან და ა.შ.

გარდა ამისა, ამ დროს შესწავლილი უნდა იყოს როგორც ობიექტზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული  ვიდეოთვალები.

– თუ ყოფილა შემთხვევა, რომ მსგავსი ტიპის ხანძარის მოწყობაში  ეჭვმიტანილი დაეკავებინოთ?

– რა თქმა უნდა, ყოფილა ასეთი შემთხვევები. კონკრეტული პირები დაუკავებიათ და სასამართლო გადაწყვეტილებით დასჯილან. არ მახსოვს ზუსტად რომელი ბაზრობა იყო თუმცა, ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს.

– რაც შეეხება ტყის მასივებში გაჩენილ ხანძრებს, ამ შემთხვევაში როგორ იძიებენ გამომწვევ მიზეზებს?

– ამ შემთხვევაში უფრო რთულია გამოძიება და შედეგების დადება, რადგან არათუ ვიდეოთვალებზე არ არის საუბარი, არამედ, ისეთი მიუვალი ადგილებია ხოლმე, რომ თვით მეხანძრეებსაც კი უჭირთ ასვლა. თუმცა, ბუნებრივი პირობების და  ხანძრის კერების გათვალისწინებით, იქ ჩატარებული ანალიზებით, ექსპერტიზებით, ნავთობპროდუქტების აღმოჩენით, მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი მცხოვრებლების გამოკითხვებით, ადგილის დათვალიერებით – ხომ არ იყო ტყის უკანონო ჭრა და ამის გადაფარვის მიზნით ხომ არ გააჩინეს ხანძარი – საბოლოო ჯამში, მისი გამომწვევი მიზეზი დგინდება.

– თუ გქონიათ პრაქტიკაში შემთხვევა, რომ ქალაქგარეთ, ვიდეოთვალის გარეშე არსებულ ტერიტორიაზე, ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით ვინმე დაეკავებინოთ?

– მახსოვს, იყო შემთხვევა, როცა რამდენიმე არასწრულწლოვანი დააკავეს, რომელთაც ბრალად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენა წაუყენეს. მაშინ, იქ რამდენიმე ჰექტარი დაიწვა. ეს  იყო 16 წლამდე ბავშვების გაკეთებული…

– როგორ გამოირკვა?

– ვერ გეტყვით, არ მახსოვს, მაგრამ დაადგინეს. ამ მასშტაბის და სიხშირის ტყის ხანძრები კი, როგორიც  გვაქვს ( ბორჯომი, მთაწმინდა, გორის ციხე და სხვა), ნამდვილად არ ფიქსირდებოდა.

– მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულად დიდი მასშტაბითა და სიხშირით დაფიქსირდა წელს ხანძრები, შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ ისინი ბუნებრივი მიზეზებით გაჩნდა და რაოდენობა მხოლოდ დამთხვევაა?

– ყველა ხანძარი ინდივიდუალურია და თუ მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ე.ი. სახელმწიფო უშვებს, რომ შეიძლება დანაშაულის ნიშნები არსებობდეს. სამწუხარო კი ის არის, რომ აღძრული საქმეების მიუხედავად, არცერთი გამოძიების შედეგი არ გვაქვს.

– რა არის ხანძრის სპეციალურად გაჩენის ყველაზე ხშირი მიზეზები?

– თუ ავიღებთ სავაჭრო ობიექტებს, ამ შემთხვევაში, ყველაზე ხშირად არის: ტერიტორიის, კონკურენტების, აქციონერების, წილების და დანაშაულებრივი სამყაროს მიერ ე.წ. ხარკის დადების ინტერესები. ამის შემდეგ მოდის ტექნიკური გაუმართაობა და დაუდევრობა.

რაც შეეხება ტყის მასივებში მომხდარ ხანძრებს, განზრახ გაჩენის მიზეზებში ჭარბობს სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების სურვილი, ანუ დივერსია (მაგალითად, 2008 წელს რუსეთის მიერ ბომბების ჩამოყრა ბორჯომის ტყეში) და ტყის უკანონო ჭრის გადაფარვა. ეს უკანასკნელი ყველაზე ხშირი მიზეზია ტყეში გაჩენილი ხანძრებისა, რადგან  ხანძრის შემდეგ დამწვარ ხეებს ჩეხავენ,  რაც უკანონო გაჩეხვის ფაქტს აქრობს. ამ ბიზნესში კი დიდი და შავი ფული ტრიალებს.

თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ხანძარი დაუდევრობის, ან ბუნებრივი პირობების (მაგალითად, სიცხის) გამოც გაჩნდეს.

სამწუხარო სტატისტიკა კი, მხოლოდ 2017 წლის აგვისტოში გაჩენილი ხანძრებისა, შემდეგია:

1 – ხანძარი ,,ისნის” ბაზრობაზე – 19/08/2017;

2 – ხანძარი დიდ დიღომში, 1000 კვ.მ – 7/08/2017;

3 – ხანძარი მთაწმინდაზე, 1500 კვ.მ – 8/08/2017;

4 – ხანძარი მესტიაში, ბანგურიანზე, 2 ჰექტარი – 13/08/2017;

5 – ხანძარი ახალციხეში, სხვილისთან, 2500 კვ. მ. – 14/08/2017;

6 – ხანძარი გორის ციხესთან, 2000 კვ.მ – 17/08/2017;

7- ხანძარი ბორჯომის ხეობაში, 100 ჰექტარი – 20/08/2017;

8 – ხანძარი დიღომში, 5000 კვ.მ. – 21/08/2017;

9 – ხანძარი დუშეთში, თვალივთან, 2 ჰექტარი – 21/08/2017;

10 – ხანძარი ატენის ხეობაში, ბოშურთან 2 ჰექტარი – 22/08/2017;

11- ხანძარი გლდანში, 1000 კვ.მ. – 22/08/2017;

12- ხანძარი ვარკეთილში, 1000 კვ.მ – 23/08/2017;

13- ხანძარი ფონიჭალასთან, 500 კვ.მ – 23/08/2017;

14- ხანძარი ლაგოდეხში, 500 კვ.მ – 23/08/2017;

15- ხანძარი ხევსურეთში, ანდოქთან, 1 ჰექტარი – 23/08/2017;

16- ხანძარი წეროვანთან, 8 ჰექტარი – 23/08/2017;

17- ხანძარი დედოფლისწყაროში, 20 ჰექტარი – 23/08/2017;

18- ხანძარი ლაგოდეხში, 5 ჰექტარი – 24/08/2017…

მანა ნოდია

იტვირთბა....