საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობის შესახებ კანონი დაამტკიცა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ელჩების კონფერენცია 2018“-ის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით შეთანხმების მისაღწევად პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობს.
მისივე თქმით, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სპეციალისტებს, მათ შორის მათ, ვისაც უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვთ მიღებული, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დროებითი ბინადრობის მოწმობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების მიმართულებით.
„ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი გვაქვს. საფრანგეთთან გაფორმებული გვაქვს შეთანხმება, რომლის რატიფიკაციაც საფრანგეთის პარლამენტმა მოახდინა. გუშინ კი საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომელიც უკვე კანონის სახით იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სპეციალისტებს, მათ შორის მათ, ვისაც უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვთ მიღებული, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დროებითი ბინადრობის მოწმობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების მიმართულებით.
რა არის ამ კანონის ნიუანსები, როდის ამოქმედდება, ყველაფერს მოგვიანებით მოგახსენებთ, ამაზე შესაბამისი კომენტარები გაკეთდება. ამ მიმართულებით ჩვენ სხვა ქვეყნებთანაც ვმუშაობთ – პოლონეთთან და ისრაელთან. გარდა იმისა, რომ ამ საკითხზე ორმხრივად ვმუშაობთ, სხვა საერთაშორისო წამყვანი ორგანიზაციები, როგორიცაა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ამ ორგანიზაციის ფარგლებში კონკრეტულ პროექტებიც გვაქვს. მათ შორის გასულ წელს პოლონეთთან იყო მსგავსი სახის პროექტი. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს საქმიანობას. რადგან ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“,- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.