ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი: საქართველოს პროკურატურამ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნა

„საქართველოს პროკურატურამ შეაგროვა და წარადგინა უკრაინის შესაბამის ორგანოებში ექსტრადიციის დადებითად გადაწყვეტისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი დოკუმენტი”- ამის შესახებ პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის შიდა კანონმდებლობის მიხედვით, ექსტრადიციის პროცესი შეიძლება 1 წლამდე გაგრძელდეს. ახლა კი ქართული მხარე ელოდება უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში წარსდგეს მეგის ქარდავა ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

„საქართველოს პროკურატურამ შეაგროვა და წარადგინა უკრაინის შესაბამის ორგანოებში ექსტრადიციის დადებითად გადაწყვეტისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი დოკუმენტი. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ საბოლოოდ მიღებულ იქნება მისი საქართველოში ექტრადაციის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნათია სონღულაშვილმა.

პროკურორი ამბობს, რომ თავდაპირველად, ქარდავას ძებნა სერგო თეთრაძის საქმეზე დაიწყო, შემდეგ კი დაემატა ციხის ბუნტის საქმეც. მისი თქმით, საქართველომ მეგის ქარდავას წითელი ცირკულარით, ინტერპოლით ძებნა 2013 წელს გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს. მას უკრაინულმა მხარემ 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად. მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.

იტვირთბა....