ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურატურა: “გიგაურმა და პავლიაშვილმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს”

ეკა გიგაურმა და ირმა პავლიაშვილმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი.

სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, მოწმეებს დაესვათ შეკითხვები მათ მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე, მათ შორის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულ იმ თანამშრომელზე, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირების ხელმძღვანელობით, სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების თაობაზე აცნობა. ამ ინფორმაციას, სრულყოფილი გამოძიებისთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე, 76-ე მუხლების თანახმად მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ იგი ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს. ამასთან ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი (ეკა გიგაური) მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია.

მიუხედავად ამისა, გამოძიების ინტერესების საზიანოდ, ეკა გიგაურმა უარი განაცხადა ინფორმაციის წყაროს მოწოდებაზე და მიზეზად ამ პირის უსაფრთხოება დაასახელა. ამასთან დაკავშირებით მას განემარტა, რომ საგამოძიებო ორგანო მზადაა ამ პირის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოიყენოს – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიებები. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, ეკა გიგაურმა კვლავ უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე. მან ასევე უარი განაცხადა გამოძიებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მის მიერ ნახსენები თათბირის გამართვის ადგილმდებარეობის და მასში მონაწილე პირების, ასევე ვიდეოკამერების განთავსების ადგილის თაობაზე. გამოკითხვისას ეკა გიგაური შემოიფარგლა მხოლოდ იმ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მოწოდებით, რაც უკვე გასაჯაროვდა მედიასაშუალებების მიერ. ანალოგიურად უარი განაცხადა ინფორმაციის მიწოდებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა, რომელიც ასევე შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მიწოდებით. აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, ვისაც საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება, ასეთები არიან: ადვოკატი, სასულიერო პირი, სახალხო დამცველი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ჟურნალისტი და სხვა.

მითითებული ჩამონათვალი ამომწურავია და მასში არ არის დასახელებული არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ამდენად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ავალდებულებს მოწმეს საგამოძიებო ორგანოს სრულად მიაწოდოს მის ხელთ არსებული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. მიუხედავად საკანონმდებლო ვალდებულებისა, ეკა გიგაურმა უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც საგამოძიებო ორგანოს მიერ აღქმული იქნა, როგორც მოწმის უარი, ნებაყოფლობით მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, პროკურატურა იმსჯელებს სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შესახებ, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასახელებულ მოწმეთა დაკითხვის თაობაზე.

იტვირთბა....