არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლეკიშვილი: “პრეზიდენტობაზე კენჭს აღარ ვიყრი, 2020 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიწყებ მზადებას” (ინტერვიუ)

პრეზიდენტობის კანდიდატი ნიკოლოზ ლეკიშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის თავის გაცნობა იყო. ლეკიშვილის განცხადებით, ის კენჭს აღარ იყრის პრეზიდენტობაზე და იწყებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას.

ამ და სხვა საკითხებზე “მეტრონომმა” ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატთან ინტერვიუ ჩაწერა.

მეტრონომი: პირველ რიგში, მადლობა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. დავიწყოთ თქვენი ყველაზე ცნობილი დაპირებით – კერძო სახლი ყველა ოჯახს. რომ გვითხრათ, როგორ აპირებთ ამის შესრულებას?

ნიკოლოზ ლეკიშვილი: ჩვენ რომ გავიგოთ, თუ როგორ არის შესაძლებელი 10-15 წლის შემდეგ საქართველოში ყველა ოჯახს, ვისაც სურვილი ექნება ქონდეს სახლი, ამისთვის კომპლექსური ხედვაა საჭირო.  როგორ მოვიძიოთ ფინანსები, ამისთვის საჭიროა, გავიაზროთ, რომ ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის სამი მთავარი მიმართულება არსებობს – განათლება, კულტურა, ეკონომიკა. ეკონომიკაში ჩვენ სწრაფად უნდა გამოვკვეთოთ ის მიმართულებები, რითაც მსოფლიოში მოწინავეები უნდა ვიყოთ. მათ შორის არის სოფლის მეურნეობა. ღვინის ექსპორტით მსოფლიოში მეოცე ქვეყანა ვართ. როდესაც გავიაზრებთ, რომ მაგალითად, ჩვენი ღვინო ერთ-ერთი საუკეთესოა და საფრანგეთთან, ესპანეთთან და იტალიასთან ერთად მთავარ ექსპორტიორად ჩამოვყალიბდებით, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ჩვენ მიერ გამოკვეთილი დარგებით ყველა მიმართულებით ყველა დარგი იქნება მოწინავე, როდესაც ამ ყველაფერს გავიაზრებთ, შემდეგ აღარ იქნება კითხვები თუ საიდან გაჩნდება 2030-35 წლისთვის რესურსები, რომლითაც ყველა მსურველს ექნება კერძო სახლი.

მეტრონომი: რა მთავარი გზავნილები გაქვთ ამომრჩეველთათვის?

ნიკოლოზ ლეკიშვილი: საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ნაწილი გამოვიყენე იმის პლატფორმად, რომ საზოგადოებისთვის თავი გამეცნო და ჩემი და ჩემი მეგობრების ხედვა წარმომედგინა, რათა ქონოდათ ადამიანებს წარმოდგენა თუ რა ციკლის გავლა მოუწევს ქვეყანას 2020-2030 წლებში. ხვალ გამოვაცხადებ ოფიციალურად ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის დასრულების შესახებ და დავიწყებ მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. გამოვაცხადებ ძალიან ჯანსაღი პოლიტიკური კონსერვატული ცენტრის შესახებ, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დაიწყებს ჩვენი პოლიტიკური ხედვების პრაქტიკულ აღსრულებას. 1-2 წელი საინტერესო ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი იქნება. მე რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვმონაწილეობდი, კარგად მესმოდა, რომ ჩემი რიგი დაპირებების დროს ილუზიას არავის ვუქმნიდი, რომ ამას 1-2წელში ვერ შევასრულებდი. ეს არის 10-15 წლიანი გზა, რის ბოლო სურათსაც ვაჩვენებდი საზოგადოებას. 2020 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ ჩემს მიერ დაფუძნებული პოლიტიკური ძალით სახელად “იბერიელები” დავიწყებთ ამ გზის მშენებლობას. ამ ორ წელს კი გამოვიყენებ საერთაშორისო კონტაქტებისთვის ძალიან მაღალი დონის ფინანსურ ჯგუფებთან, ნეოკონსერვატიულ ძალებთან, ძირითადად ამერიკასა და დასავლეთში მყოფებთან. მივდივარ ოპოზიციაში და აღარ ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

მეტრონომი: როგორი დამოკიდებულება გაქვთ საპატრიარქოს მიმართ, იქ არსებულ ვითარებაზე და უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ეკლესია ბიუჯეტიდან?

ნიკოლოზ ლეკიშვილი: პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში გავიმარჯვებ, ჩვენ უნდა დავიწყოთ საზოგადოებისა და სახლემწიფო სტრუქტურების მომზადება იმისთვის, რომ შესაძლოა, 2021 წელსვე, დიდგორის ომიდან 900 წლისთავზე, გადავიდეთ კონსტიტუციურ მონარქიაზე ანუ სამეფოს აღდგენაზე ვსაუბრობ. მე თავად გავედი საზოგადოებაში და რამდენიმე ათეულ ადამიანს დავუსვი კითხვა, სადაც 70%-მა თქვა, რომ საქართველოს სამეფო უნდა გვქონდეს. ამ კონტექსტში, მე შემიძლია ვილაპარაკო ეკლესიაზე. საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები ჩემი საქმე არ არის. გეტყვით, რომ ჩვენს ეკლესიაში თავად საპატრიარქო უნდა იყოს ძლიერი.

მეტრონომი: თქვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება განათლების სისტემასა და მის რეფორმირებას ეხება. კონკრეტულად რას გეგმავთ?

ნიკოლოზ ლეკიშვილი: განათლების სისტემით დავიწყე მთელი ჩემი კამპანია. პირველი სიტყვა, რაც ჩემგან  ისმის, ესაა სწორედ განათლება, კულტურა ეკონომიკა. მე ვსაუბრობ, არც მეტი არც ნაკლები, მსოფლიოს ნომერ პირველი დონის ხარისხის განათლების სისტემაზე. ეს უნდა იყოს ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი და კვლევითი ნაწილის მეცნიერება. ეს ოთხოვე ნაწილი იმდენად საინტერესოდ უნდა ავაწყოთ, რომ თუკი დღეს ითვლება ფინური სკოლის მოდელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად, 5-6 წლის შემდეგ, ჩვენ რეალურად უნდა გავხდეთ საუკეთესოები, მათ შორის მეთოდოლოგიის ნაწილშიც. მე ვსაუბრობ აბსოლუტურად ახალ სკოლაზე, როგორც მეთოდოლოგიაზე, ასევე მიდგომაზეც. პირველ რიგში, სკოლაში ახალგაზრდის სწორედ აღზრდა უნდა მოხდეს. განათლების სისტემა არის გადაჯაჭვული თითოეული დარგის განვითარებასთნ. მე ვაკეთებ გრძელვადიან გათვლებს და ვსაუბრობ იმაზე, რომ საბოლოოდ, ჩვენ დაახლოებით 10-15 წლის შემდეგ უნდა მივიღოთ მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და განვითარებული სახელმწიფო, საქართველოს სახით. იგივე შეგვიძლია ვთქვთ თავდაცვის შესახებაც.

მეტრონომი: აქტუალური თემაა და აქტუალური კითხვაა – ვინ დაიწყო აგვისტოს ომი და რას იტყვით საქართველოს თავდაცვის სისტემაზე?

ნიკოლოზ ლეკიშვილი: აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით კითხვის დასმა მესირცხვილება. შეუძლებელია, საქართველოს თავის ტერიტორიაზე, რომელიმე სახელმწიფოსთან დაეწყო ომი. როდესაც შენ ტერიტორიაზე შემოდის უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები, არ შეიძლება არსებობდეს კითხვა – ვინ არის აგრესორი და ვინ იწყებს ომს. რაც შეეხება თავდაცვის სფერს, მე ასე ვიტყოდი, რომ თავდაცვის სისტემა  მთლიანად ჯდება ჩვენს უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენ უნდა გვყავდეს ძალიან ძლიერი უსაფრთხოების სამსახურები, რათა სამომავლოდ ჩემი ყოველი სიტყვა და დაპირება იყოს რეალურად ასრულებადი.

მეტრონომი: ხელისუფლებაში თქვენი მოსვლის შემთხვევაში, როგორი საგარეო პოლიტიკის გატარებას აპირებთ?

ნიკოლოზ ლეკიშვილი: ჩვენი გეოპოლიტიკური  რეალობიდან გამომდინარე, ნორმალურად და საღად მოაზროვნე არცერთ ქართველს მორალური უფლება არ აქვს, რომ თქვას უარი ნატოზე. არასათანადოდ არის  წარმოდგენილი ნატო საქართველოში.  ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს და ამას მივხვდი 13-14 წლის ბავშვი რომ ვიყავი, როდესაც აფხაზეთი დავკარგეთ. სწორედ მაშინ დავაფუძნე მოძრაობა “იბერიელები” და გავიაზრე, რომ რუსეთი აფხაზეთში მშვიდობის მყოფელი არ ყოფილა. ისტორიულადაც ასე იყო, ჩვენ როდესაც აღმოვჩნდებოდით მარტო, გვიჭირდა ბრძოლა მოწინააღმდეგეებთან. 25%სლავური სიხლი მაქვს ბებიის მხრიდან და მათ შორის რუსულიც. მეორე ბებია 9 აპრილს გარდაიცვალა რუსთაველის მოედანზე, ჩემთვის ერთი მიმართულებაც და მეორე მიმართულებაც ძალიან კაგადაა ცნობილი. ვამბობ, რომ რუსეთთან უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური, ნორმალური ურთიერთობა და არანაირი ხალხთაშორისი კონფლიქტი რუსსა და ქართველ ხალხს შორის არ არსებობს. მეორეს მხრივ, ჩვენი საგარეო ვექტორი, რა თქმა უნდა, არის დასავლური ცივილიზიაცია. ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ.

მეტრონომი: თან ნატო-ს წევრობა და თან რუსეთთან კეთილმეზობლური თანაცხოვრება როგორ წარმოგიდგენიათ?

ნიკოლოზ ლეკიშვილი: მე მესმის, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკის გათვალისწინებით,  ეს არის წარმოუდგენელი, მაგრამ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, გავა დაახლოებით 20 წელი და აშშ-სთან ერთად რუსეთი იქნება ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ძალა. რუსეთი გახდება ნატო-ს წევრი. მთავარი გეოპოლიტიკური დაპირისპირება წარიმართება დასავლეთსა და აღთმოსავლეთს შორის. დასავლეთის ლიდერი იქნება აშშ და აღმოსავლეთის ჩინეთი. ამ შემთხვევაში, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში რუსეთისთვის რაღაც არჩევანის გაკეთება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი გახდება ნატოს ერთ-ერთი აქტიური მოთამაშე. მე ვფიქრობ, რომ   გამოცდილმა პოლიტიკოსმა ასეთი გრძელვადიანი პროგნოზები უნდა გააკეთოს და იქიდან გამომდინარე ისაუბროს საქართველოს როლზე.

მეტრონომი: რას ფიქრობთ კანაფის კულტივაციასა და სამედიცინო მიზნით, მის ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით?

ნიკოლოზ ლეკიშვილი: თუ, პირადად მე, სხვა გამოსავალი არ დამრჩება და თუ კი ხელისუფლება საქართველოს სახით ნარკოტიკების მწარმოებელ ქვეყნად ჩამოყალიბდება და ამას პარლამენტარები მწვანე შუქს აუნთებენ, ვპირდები ქართველ საზოგადოებას, როგორც ნიკოლა პაშინიანი ჩაუდგა ხალხს სათავეში და მიიყვანა საქმე ბოლომდე, მე ჩავუდგები ბრძოლას სათავეში და ყველას შევაკვდები. არაფრით არ უნდა მოხდეს, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს მარიხუანას მწარმოებელ სახელმწიფოდ. ვისაც უნდა, შესაძლოა, საკუთარ სახლში მოიყვანოს და მოიხმაროს. როდესაც მე განათლების სისტემაზე ვსაუბრობ, 10-15 წლის შემდეგ გვეყოლება ისეთი თაობა, რომ ეხვეწო მარიხუანას აღარ მოწევს.

მეტრონომი: თავად თუ მოგიწევიათ?

ნიკოლოზ ლეკიშვილი: კი, რა თქმა უნდა, გასინჯულიც მაქვს. ჩემი აზრით, 10-დან 9 მამაკაცს საქართველოში გასინჯული აქვს.

მეტრონომი: ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აქცენტებს გააკეთებთ თუ არა წინა მთავრობების შეცდომებზე?

ნიკოლოზ ლეკიშვილი: მე პოლიტიკაში ვგეგმავ ახალი სტანდარტის დაწესებას. სადაც ერთმანეთის ლანძღვა – გინება ბარდება წარსულს. მე აქცენტს მთლიანად პოზიტივზე ვაკეთებ. რა არის მიზანი და როგორ უნდა მივიდეთ აქამდე.

იტვირთბა....