aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

“ექსტრადირების მოთხოვნა ფარსია”: “პროკურატურამ სააკაშვილი გააფრთხილა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გარწმუნებთ, რომ სააკაშვილი უკრაინაში არ ჩავა, ის კარგად არის ინფორმირებული და იცის რაც მოუვა”

უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია „მეტრონომთან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების შესახებ საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს. მუხაშავრიას თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადაცემისთვის მეორედ მიმართა და ეს საჯაროდ გაახმაურა, იმას ნიშნავს, რომ  ჩვენს ხელისუფლებას სინამდვილეში ექს-პრეზიდენტის ექსტრადირება არაფერში სჭირდება. უფრო მეტიც, იურისტის თქმით, საქართველოს პროკურატურამ ფაქტობრივად, სააკაშვილი გააფრთხილა, რომ უკრაინაში არ შევიდეს.

„მეტრონომი“: მიხეილ სააკაშვილის დაკავების და ძებნის შესახებ საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს ოფიციალურად მიმართა. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინამ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარი ერთხელ უკვე გვითხრა. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს კიდევ ერთხელ ეს მიმართვა, მითუმეტეს მაშინ, როცა სააკაშვილი 10 სექტემბრისთვის უკრაინის საზღვრებთან მისვლას გეგმავს?

ლია მუხაშავრია: სწორად აღნიშნეთ, რომ საქართველოს მხარემ უკრაინას ერთხელ უკვე მიმართა და მან უარი მიიღო. ახლა, რა მოთხოვნაც არის გადაცემული, ახალ დასაბუთებას უნდა შეიცავდეს და მოთხოვნა ახალი არგუმენტებით უნდა იყოს განპირობებული, რადგანაც წინანდელი უარყოფითი პასუხი დადებითით შეიცვალოს.

გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლება ამ მოთხოვნას იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუ სააკაშვილი ქვეყნის ტერიტორიაზე შევა. რა განცხადებებსაც სააკაშვილი აკეთებს, მხოლოდ ტყუილი და პიარის ნაწილია.

დარწმუნებული იყავით, რომ ის უკრაინაში არ შევა. პროკურატურის განცხადება, რომ მათ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართეს, დიდი ფარსის ნაწილია. ამას საქართველოს პროკურატურა აკეთებდა და აკეთებს სხვა პირების მიმართ ისე, რომ არ ახმოვანებს. წესით ასეთი მიმათვები კონფიდენციალურია.

ვხედავთ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდების გადმოცემის მოთხოვნით საქართველოს პროკურატურა რუსეთსაც კი მიმართავს. მეჩვენება, რომ ეს სპექტაკლია და მხოლოდ საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება.

– წინა მოთხოვნის დროს, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე იყო, შესაბამისად არგუმენტი იყო, რომ მათი მოქალაქის გადაცემა სხვა ქვეყნისთვის კანონით აკრძალულია. სააკაშვილი ახლა აღარ არის უკრაინის მოქალაქე და შესაბამისად, ახალი დასაბუთება ალბათ, საქართველოს პროკურატურას აღარ დასჭირდება…

– განსხვავება არის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამაც კარგად იცოდა, რომ უკრაინა თავისი ქვეყნის მოქალაქეს არ გადასცემდა. ეს ყველა ნორმალური ქვეყნის კონსტიტუციაში არის გაწერილი. ამიტომ, ის მიმართვა, რომელიც წინ გაუგზავნეს სრულიად დაუსაბუთებელი და შეუსაბამო იყო. ახლა, ეს არის საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრა. დღეს სააკაშვილის ექსტრადირება იმიტომ იქნება შეუძლებელი, რომ ის უკრაინაში არ შევა.

– დავუშვათ სააკაშვილმა მაინც გარისკა და ჩავიდა. მაშინ უკრაინის პროკურატურა დააკავებს თუ არა მას, თუ არ დააკავებს, ორი ქვეყნის ურთიერთობა როგორ შეიძლება წარიმართოს? საერთოდ როგორია პროცედურები ასეთ დროს?

– საქმე იმაშია, რომ საქართველოს პროკურატურამ ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი გააფრთხილა, რომ ის უკრაინაში არ ჩავიდეს. სხვაგვარად წარმოუდგენელია, ადამიანს ეძებ და ამას მასვე აგებინებ? ლოგიკა სად არის? ეს არის მის გასაფრთხილებლად გაკეთებული განცხადება.

თორემ ამის გაკეთება ჩუმად შეეძლოთ. არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ფაქტორით, უკრაინის და საქართველოს ურთიერთობა გაფუჭდება. არცერთი ქვეყნისთვის ის სასურველი პირი არ არის.

– ე.ი. თქვენ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოს მხარეს არ სურს?

– რა თქმა უნდა, არ სურს. აბა სად გაგიგონიათ, რომ ასეთ მიმართვებს საჯაროდ აცხადებდნენ?! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის ქვეყანაში ექსტრადირება არ სურს, ეს არის ფარსი და პროკურატურამ ის გააფრთხილა, რომ ქვეყანაში არ შევიდეს. გარწმუნებთ, რომ სააკაშვილი უკრაინაში არ ჩავა, რადგანაც ის კარგად არის ინფორმირებული და იცის რაც მოუვა.

– სააკაშვილის დაკავების შემთხვევაში, ექსტრადირების რა პროცედურები არსებობს?

– როგორც საქართველო, ასევე უკრაინაც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა, შესაბამისად, ექსტრადირებამდე ჯერ მისი ქვეყანაში დაკავება ხდება და სასამართლო წყვეტს, ექსტრადირებისთვის არსებობს თუ არა სათანადო ბრალდებები. სასამართლომ უნდა გადასინჯოს მოთხოვნის საფუძვლიანობა, შესაბამისად, ან დაეთანხმება ან – უარყოფს.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....