უკრაინაში ევროკავშირის მისიის თანამშრომლები “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და იმედოვნებენ, რომ პოლიტიკოსთან დაკავშირებით გამოძიება უკრაინის კანონმდებლობის დაცვის ფარგლებში განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო UNIAN მისიის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ჩვენ ვიცით, რაც ხდება ახლა ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით. ასევე ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება დროულად და კანონის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ არ დაარღვიოს სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები”, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მიკროავტობუსში დაკავებული სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს და ახლა ისინი რადას შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც აქცია მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით.