თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულმა ორმა მოზრდილმა კლინიკა უკვე დატოვა, დაშავებული ექვსი მოზარდიდან კი იაშვილის კლინიკაში მხოლოდ ერთი რჩება.
როგორც პირველ არხს ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.
„პაციენტებს ჩაუტარდათ სათანადო მკურნალობა და კვლევები. მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, რის შემდეგაც ორივე მათგანმა დატოვა სამედიცინო დაწესებულება“, – აცხადებენ ღუდუშაურის კლინიკაში.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ჰყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.