ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პატრიარქის სახლში ტერორიზმში ეჭვმიტანილებს მალავდნენ, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე ეხმაურება. ის უარყოფს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ბრალდებას.
“ეს არის სპექტაკლი ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, ეს არის ”ციანიდის საქმის” გაგრძელება“, – ამბობს ანდრიაძე.
მისივე თქმით, ის პირები, რომლებზეც სოსო ოხანაშვილმა ისაუბრა, არიან ლაზები, რომლებსაც უყვართ საქართველო და ხშირად ჩამოდიან ქვეყანაში.
“შედით და ნახეთ მათ ფეისბუქზე, ისინი წერენ და ეთაყვანებიან საქართველოს მთლიანობას და დამოუკიდებლობას” – აცხადებს ანდრიაძე და ამატებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი მოღალატეებს ხელს უწყობს და პატრიოტებს ხელს უშლის.
„ესენი არ არიან ისლამისტები. მათ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს ოფიციალურად, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთის სახელმწიფომაც გამოუშვა და საქართველომაც ისინი მიიღო. ამ პიროვნებების ტერორისტებად გამოცხადება არის სრული აბსურდი”, – განაცხადა ანდრიაძემ.
“თურქეთის მიმართ ტერორიზმში ბრალდებული პირების ჩემთან გაიგივება და რაიმე ფორმით დაკავშირება არის აბსოლუტური აბსურდი. პატრიარქის სახლი გადმოცემული გვქონდა ჩვენ წლების განმავლობაში. ამ სახლში სისტემატიურად ჩამოდიოდნენ ლაზეთიდან სტუმრები, რჩებოდნენ იქ რამდენიმე დღით, იღებდნენ საკვებს და მხარდაჭერას. ეს ადამიანები არ შემოპარულან ტყით და ზღვით. ოფიციალურად ჩაურტყეს ბეჭედი და შემოვიდნენ საზღვრიდან.”, – განაცხადა ანდრიაძემ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – მა ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩვენება გაავრცელა, სადაც ოხანაშვილი ახადებს, რომ თბილისში, პატრიარქის სახლში ტერორიზმში, მკვლელობასა და ადამიანის გატაცებაში ეჭვმიტანილი სამი პირი იმალებოდა.
“ეს მოხდა 2016 წლის აპრილში, როდესაც ჩვენმა სამსახურმა აღმოაჩინა თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორიზმში ბრალდებული და მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 პიროვნება პატრიარქის სახლში, ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე. რეკომენდაცია მოქალაქეობაზე გაუწია გიორგი ანდრიაძემ, შორენამ და კიდევ ერთმა პირმა. მე, რა თქმა უნდა, მივედი მის უწმინდესობასთან და სიტყვა-სიტყვით წავუკითხე, რაც კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსმა მომწერა. პატრიარქმა, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა ძალიან შეწუხდა და გვთხოვა მიიღეთ ზომები, რომ იქიდან გამოვიდნენო, არ შეიძლებაო. იმ ღამესვე გადაიყვანეს ეს ადამიანები სხვაგან. შემდეგ ერთ-ერთი ჩემი დაცვის თანამშრომელი შეესწრო საუბარს, როდესაც შორენა პატრიარქს ეუბნებოდა, რომ თქვენო უწმინდესობავ, მართალია კაცი ჰყავს მოკლული, მაგრამ ისინი არიან ლაზები, კაცი აქ ხომ არ მოუკლავს თურქეთში მოკლა და ჩვენ ვინახავთო. პატრიარქი, რა თქმა უნდა, ამას არ ეთანხმებოდა და ეუბნებოდა დამანებეთ თავი, არ შეიძლება ასეო”, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.