ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების სამინისტრო – ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში შემოწმების შემდეგ მძიმე დარღვევები გამოვლინდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის.

რაც შეეხება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლას, ინსპექტირების პროცესი, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა.

ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. არსებული პროცედურის გათვალისწინებით, დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს. სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის ამჟამადაც სკოლის მოქმედი დირექტორია.

რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, გამოვლენილია: სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეფასების განხორციელება არალიცენზირებული აუდიტორული ორგანიზაციის მიერ, შემოსავლის სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზეც შემცირდა დასაბეგრი მოგება, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ “რა, სად, როდის” მონაწილე ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში წერდა, რომ დედამისი სკოლიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ია კერძაიამ მიიღო ინსულტი. ახლა შენგელიას დედა საავადმყოფოში იმყოფება.

“გამოცხადებული პოლიტიკური ანგარიშსწორების ქრონიკა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო Ministry of Education (სრულად ვერ გიპოვეთ) 8 ნოემბრის ბრძანებით, რომელიც გაგიკვირდებათ და იმავე დღეს შეტანილი ანონიმური წერილის (რომელიც სინამდვილეში არ არის ანონიმური და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ) საფუძველზეა გამოცემული, 9 ნოემბერს, თბილისიდან ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში გამოიგზავნა განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ორი თანამშრომელი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში, დილის 9 საათიდან ღამის 9 საათამდე ახორციელებდნენ შემოწმებას. სინამდვილეში ეს არ იყო შემოწმება, არამედ იყო ჩვეულებრივი რეპრესია, ვინაიდან პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, მიმდინარეობდა პედაგოგების და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა(!). დიახ დაკითხვა, ,,დასაკითხ პირებს’’ აფრთხილებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მუხლით ( ამ დროს ნებისმიერმა დამწყებდა იურისტმა იცის, რომ ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტის მიერ სამსახურებრივი შემოწმება არ ნიშნავს მართლმსაჯულების განხორციელებას). ერთი სრული დღე მხოლოდ სკოლის დამლაგებლების დაკითხვას დაეთმო. დაკითხვის მეთოდები იყო მაქსიმალურად ხისტი და მათ მოახერხეს ეს ე.წ. ინსპექტირების პერიოდი წარმოუდგენელი წნეხის და სტრესის ქვეშ ჰყოლოდათ მთელი სკოლა და რაც მთავარია სკოლის დირექტორი.

რატომ ხდება ეს ყველაფერი?

ქალაქ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი – Ia Kerzaia არის დედაჩემი, რომელიც მიუხედავად არაერთი ,,შეთავაზებისა’’ არ გახდა ქართული ოცნების აქტივისტი, არჩევნების წინ არ გადასცემს მათ ე.წ. მომხრეების სიას და მათივე ცნობიერებით არ არის ,,მათიანი’’. ამ დროს ის არ არ არის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტი. არასოდეს, არც ერთი ფორმით არ გამოუხატავს თავისი პოლიტიკური სიმპათია ან ანტიპათია (ჩემგან განსხვავებით). შეგიძლიათ ნახოთ მისი ფესბუქ-გვერდი, ჰკითხოთ მასწავლებლებს, მოსწავლეებს ან მათ მშობლებს. ის კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას და ზეწოლის მიუხედავად, არ არღვევს პედაგოგიურ ეთიკას, არ ეწევა აგიტაციას არავის სასარგებლოდ. მისი დირექტორობის პერიოდში მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში მობილობის გზით გაიზარდა ორჯერ, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, სკოლის მოსწავლეებს აქვთ მნიშვნელოვანი მიღწევები სპორტის და ხელოვნების სფეროში.
გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და მოვლენების განვითარების დინამიკა (8-ში ანონიმური წერილი, იმავე დღეს მინისტრის ბრძანება და მეორე დღეს უკვე ზემოთ აღწერილი მოვლენების დაწყება) გვაძლევს მაღალი ალბათობით ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ეს ,,რეიდი’’ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების აქტი, რომელიც მიმართულია რეგიონის სკოლების და მათი დირექტორების დასაშინებლად, მათთვის ,,ჭკუის სასაწავლებლად’’ და მესიჯად, რომ ასე მოუვა ყველას ვინც ოცნებასთან არ არის. ვისი დაგეგმილია ეს აქტი, ამის მიხვედრა არ გაუჭირდება არავის, ვინც ადევნებს თვალს სამეგრელოში მიმდინარე მოვლენებს. საბოლოო მიზნად კი ეს ყველაფერი ითვალისწინებს მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას. დაზუსტებული ინფორმაციით ერთ-ერთ თათბირზე გადაწყდა, რომ სიტუაციის დასალაგებლად ზუგდიდის რაიონში ერთი დირექტორი უნდა ,,გაწირონ“.

რა გეგმები გვაქვს?

რა თქმა უნდა ყველა სამართლებრივ გზას მივმართავთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, ამ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში. პირადად მე დავიცავ იას ინტერესებს როგორც იურისტი. ჩვენ მხარეს მთავარია იარაღი – სიმართლე, კეთილსინდისიერება და გაკეთებული საქმეებია. მთელმა ზუგდიდმა ძალიან კარგად იცის ია კერზაიას ავტორიტეტი, კარგად იცის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენდა არასდროს. არის პრინციპული, საქმიანი და განათლებაზე ორიენტირებული ადამიანი. მთელი შეგნებული ცხოვრება ემსახურა პედაგოგიურ საქმიანობას და აუცილებლად გააგრძელებს ამას მომავალში. მე-6 საჯარო სკოლაში არის უმაგრესი გუნდი, რომელმაც ღირსეულად გაუძლო ამ ერთკვირიან, უპრეცედენტო (ბოლოს, რამდენიმე წლის ამასთან მიახლოებულ ,,ინსპექტირებას’’ სამეგრელოს რეგიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლება მოჰყვა) წნეხს, ღირსეულად და პროფესიონალურად გასცა პასუხი ყველა შეკითხვას.
მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს ქალბატონ Nino Lomjaria-ს, გთხოვთ, აიყვანოთ საქმე პირად კონტროლზე, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება აღნიშნულ საქმეს. ეს არ არის ერთი კონკრეტული სკოლის ან დირექტორის ისტორია, ეს არის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი თუ რა ხდება განათლების სისტემაში, არჩევნების წინა დღეებში, დღისით, მზისით. ამ საქმეში თქვენი მხარდაჭერა რეალურად ნიშნავს სხვა მსგავსი ქეისებისგან პრევენციას, რადგან მთელი რეგიონის საჯარო სკოლები სუნთქვაშეკრული აკვირდებიან ამ კონკრეტულ პროცესს.

Ia Kerzaia ჩვენ ვბრძოლებთ ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯებთ”, – წერს შენგელია სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....