საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, სამართლებრივად შესაძლებელია, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გაგრძელდეს.
ბესელიას თქმით, აღნისნულზე ცოტნე გამსახურდიას ესაუბრა.
„ვისურვებ, რომ ზვიად გამსახურდიას შვილები ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ. გუშინ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ცოტნეს ვესაუბრე. პრეზიდენტის მომართვას ვეხმაურები. ვფიქრობ, მისი მხრიდან სწორი აქცენტი იყო, რომ საკანონმდებლო კუთხით თუ შესაძლებლობა არსებობს, პარლამენტმა გამოიყენოს. მის ინიციატივას მხარს ვუჭერ და შესაძლებელია, სამართლებრივი გზით ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გავზარდოთ, რითაც შესაძლებელი იქნება, რომ გამოძიება არ შეწყდეს. ეს სამართლებრივი გზა არსებობს “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებებით. მზად ვარ, ამაზე მუშაობა დავიწყო და შემდეგი კვირისთვის ინიცირება შესაძლებელი იქნება. დაჩქარებული წესით იქნებ განვიხილო, კოლეგებს დაველაპარაკები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მიმართავს, გაითვალისწინოს თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.
ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს ეწურება.