ბლოკადის გამო კუბა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რუსეთი გულგრილი ვერ დარჩება და ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„გავაგრძელებთ მუშაობას. ვიმეორებ, ის სასოწარკვეთილი სიტუაცია, რომელშიც კუბელები ახლა იმყოფებიან, რა თქმა უნდა, გულგრილს ვერ დაგვატოვებს, ამიტომ ამ საკითხზე მუშაობას გავაგრძელებთ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, გააგრძელებს თუ არა რუსეთი კუბისთვის ენერგომომარაგებას.
მანამდე, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარებით, 100 000 ტონა ნედლი ნავთობით დატვირთული რუსული ტანკერი „ანატოლი კოლოდკინი“ კუბაში ჩავიდა და მატანსასის პორტში გადმოტვირთვას ელოდება.

