“ბასიანსა” და “გალერიში” სპეცოპერაციების დროს დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ისინი ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა.
როგორც ჟამუტაშვილის ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ და მურუსიძის ადვოკატმა გია გოროზიამ ambebi.ge-ს განუცხადა, ციტრამონი და პარაცეტამოლი მტკიცებულების სახით არის ამოღებული.
“მაისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული 8 პირის საქმეები გაიყო და დაწყებულია არსებითი განხილვა. თუ რატომ გაიყო საქმეები, ამაზე პროკურატურასაც არ გაუკეთებია განმარტება, მაგრამ ჩემი როგორც იურისტის პოზიციიდან გეტყვით, რომ არცერთი ბრალდებული კავშირში არ იყო ერთმანეთთან, აბსოლუტურად სხვადასხვა საქმეებია და ასე ჯობია პროკურატურისთვისაც და სასამართლოსთვის. ყველა დაკავებულს ცალკე მოსამართლე ჰყავს.
სამ ბრალდებულზე დადასტურდა და მტკიცებულების სახითაც იქნა ამოღებული ციტრამონი, ისინი არ ყიდნენ ნარკოტიკს.
“ე.წ. მოწმე, რომელიც ჩემი ვარაუდით და სხვადასხვა წყაროების ცნობით, აგენტია, ვერ ჩამოყალიბდა, თვითონ მივიდა პოლიციაში და მათ თანამშრომლობა შესთავაზა თუ პირიქით, აიძულეს თანამშრომლობა. თავადაც ნასამართლევია ნარკოდანაშაულზე. არსებობს კიდევ ერთი მოწმე, რომელიც მე დავკითხე და ის ამბობს, რომ ორჯერ სწორედ ამ აგენტისგან შეიძინა ექსტაზი. ასევე, ერთ-ერთი დაკითხული ამბობს, რომ გლდანის ციხეში ერთად იხდიდნენ სასჯელს ის და ე.წ. მოწმე და ეს უკანასკნელი საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა.
ე.წ. მოწმე „გალერის“ დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეუშვა კლუბში, რომელსაც ციხიდან იცნობდა. დავკითხე კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ სპეცოპერაციამდე პოლიცია აიძულებდა თანამშრომლობას, თუმცა უარი თქვა და ბოლოს ახლობლები ჩარია, რომ მასზე ზეწოლა შეწყვეტილიყო“, – განაცხადა ადვოკატმა და განმარტა, რომ „ეს ადამიანი არის მოწმე 7 დაკავებულზე, კიდევ ერთ დაკავებულზე კი მოწმე ირანის მოქალაქეა“.
რაც შეეხება სპეცოპერაციების ღამეს, პოლიციის მიერ დაკავებულ 22 წლის ქეთი მურუსიძეს, ადვოკატის, გია გოროზიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთია, რომლის შემთხვევაშიც დადასტურდა, რომ არა ნარკოტიკს, არამედ პარაცეტამოლს ჰყიდდა.
„ქეთი “კაზინო აჭარასთან” დააკავეს და ის ნარკოტიკების გასაღებას უარყოფს. არსებობს მტკიცებულებები, რომ არ ყიდდა ნარკოტიკებს, ის ყიდდა პარაცეტამოლს და ამოღებულია პარაცეტამოლი. ეს არის თაღლითობა, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და მძიმე კატეგორიის დანაშაულია.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იცის, რომ მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და ძალიან ღელავს ამის გამო. ჯერჯერობით მისი საქმის მოწმეების დაკითხვა არ დაწყებულა და არც საპროცესო გარიგებაზეა საუბარი. ვნახოთ რა იქნება“, – განაცხადა გოროზიამ ambebi.ge-სთან საუბარში.
2018 წლის 12 მაისს ღამის კლუბებში – „ბასიანი“, „გალერი“ და თბილისში სხვადასხვა ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაციები ჩაატარეს, რის შედეგადაც 8 ახალგაზრდა დააკავეს, რომელთაც ბრალი ნარკოდანაშაულში ედებათ.