შს სამინისტრომ თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებით პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა, – ამის შესახებ შსს-ში კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსმა მიხეილ ძაგნიძემ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით აფხაზეთიდან დევნილი ქალი მოატყუეს, თითქოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და განსახლების სამინისტროში, ასევე თბილისის მერიაში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შეეძლოთ მისთვის საჭირო ქულების მომატება და რიგის გარეშე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოლიმპიურ ქალაქში ბინის მიღებაში დახმარება.
გამოძიების ცნობით, სანაცვლოდ ბრალდებულებმა ქალბატონს 15 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. წინასწარ 7 000 დოლარი გამოართვეს, ხოლო დანარჩენი 8 000 აშშ დოლარის გამორთმევას მოგვიანებით აპირებდნენ. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი პირის ავტომანქანის ჩხრეკისას 7000 აშშ დოლარი ამოიღეს.
კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მიხეილ ძაგნიძის განცხადებით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.