ავტორი: ელზა პაპოშვილი
რატომ დაუპირისპირდნენ აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ერთმანეთს და რა შუაშია მერია, რომელიც აუდიტის დასკვნაში ფიგურირებს. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დღეს თავად ლაშა თორდიასგან უნდა მიეღო, თუმცა, მისი განცხადებით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო პრესკონფერენციას ვერ გამართავს.
ამიტომაც ამ კითხვებზე პასუხს აუდიტის სამსახურის უფროსი ერთ კვირაში გვპირდება. თუმცა, თორდია „მეტრონომთან“ საუბარში ადასტურებს, რომ ფარცხალაძის გაღიზიანება და კონფლიქტის მთავარი მიზეზი ვერეს ხეობაში არსებული მიწის ნაკვეთი გახდა, რომლის სანაცვლოდ, მერიამ ფარცხალაძეს კომპენსაციის სახით, ვეძისში ორი მიწის ნაკვეთი მისცა.
თორდიას ინფორმაციით, 2016 წლის თებერვალში მერიამ ვერეს ხეობაში არსებული ერთ-ერთი ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძეს მიჰყიდა. 2016 წლის 29 თებერვალს ფარცხალაძემ ვერეს ხეობაში რამდენიმე დღის წინ ნაყიდი ნაკვეთის ნაცვლად, კომპენსაციის სახით ვეძისის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საკმაოდ დიდი ნაკვეთი მიიღო.
სწორედ ამ გარიგებას იკვლევს აუდიტის სამსახური და როგორც თორდია ამბობს, ამაზე აუდიტმა დასკვნა უკვე გააკეთა და მას უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს. თუმცა, როგორც ცნობილია, დღეს ამ ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია უკვე კორპუსებს აშენებს.
საქმე კი კონკრეტულად, ქართულ-ებრაული კომპანიის სამიდან ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზეა, რომლის 74% ახალი მაგისტრალის გაყვანისას გზამ დაფარა. აღნიშნულმა კომპანიამ მერიისგან კომპენსაციის მოთხოვნა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო.
მერიისა და ქართულ-ებრაული კომპანიის დავაში ფარცხალაძე 2016 წლის თებერვალში ჩნდება. კერძოდ, 2016 წლის 19 თებერვალს კომპანიამ კიდევ ერთხელ მოსთხოვა კომპენსაცია მერიას, თუმცა, რამდენიმე დღეში, ვერეს ხეობაში არსებული ერთ-ერთი ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძეს მიჰყიდა.
„ჩემი პრიორიტეტი არის ოთარ ფარცხალაძის კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავება და ამ ადამიანის პასუხისგებაში მიცემა. ვარწმუნებ ყველას, რომ საკმაოდ სერიოზული მასალები მაქვს იმ კანონდარღვევაზე, რომელიც ვერეს ხეობაში მიწების გაჩუქებას ეხება.
ამ დღეებში უბრალოდ ვერ შევძლებ პრესკონფერენციის ჩატარებას, ვინაიდან ექიმებმა ერთკვირიანი წოლითი რეჟიმი გამომიწერეს და მითხრეს, რომ ცუდი შედეგები მოჰყვება, თუ გონებრივი დატვირთვა მექნება და ვივლი.
ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება გამოტანილი საჯაროდ, მოვამზადებთ კარგად და ყველაფერს კარგად აგიხსნით… კორუფციული გარიგება ეხება ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთების ჩანაცვლებას და შემდეგ, სადაც ჩაანაცვლა იქ კიდევ დამატებით…
ფაქტობრივად, პირდაპირი წესით მოხდა ყველაფერი, რადგან პირდაპირ დაუკმაყოფილეს ყველა ის მოთხოვნა, რაც მან მოითხოვა მერიაში და გადასცეს მიწის ნაკვეთები. არც ერთი გოჯი მიწა მისი შრომით, მისი დაზოგილი თანხებით არ არის. ამას ყველაფერს გამოვააშკარავებთ“, – ამბობს თორდია „მეტრონომთან“ საუბარში.
„ევროპული საქართველოს“ წევრი და დეპუტატი ირაკლი აბესაძე „მეტრონომთან“ საუბარში ამბობს, რომ სახელმწიფო ორგანოები ხელისუფლების ფორმალური მმართველების მადის დაკმაყოფილებაზეა გადასული და სახელმწიფო ქონება მათ სასარგებლოდ იფლანგება. დეპუტატი ამბობს, რომ სწორედ ამ მიწებზე დღეს გრანდიოზული მშენებლობაა დაგეგმილი, რაზეც თბილისის არქიტექტურის სამსახურმა უარი უკვე თქვა, თუმცა, ამ საკითხზე განაცხადი მერიაში კვლავ შესულია და აბესაძე ამბობს, რომ მასზე თანხმობის მიღება, კიდევ ერთი კანონდარღვევა იქნება.
აბესაძის ინფორმაციით, ქართულ-ებრაული კომპანია, რომელიც მერიისგან ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთს კომპესაციის სახით ითხოვდა, მოულოდნელად მისი მეწილე თავად ოთარ ფარცხალაძე გახდა, რომლის წილიც ყოფილმა პროკურორმა 30 ლარად იყიდა. დეპუტატის ინფორმაციით, მოგვიანებით, ის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა, ხოლო ამ კომპანიის საკუთრებაში სწორედ ვერეს ხეობაში მდებარე მიწის ნაკვეთები.
„ფარცხალაძემ ქართულ-ებრაული კომპანიის აქციები მიზერულ თანხად იყიდა. სწორედ ეს კომპანია მე-9 საავადმყოფოს უკან ფლობდა მიწის ნაკვეთს, რომელიც ფარცხალაძემ მერიის კუთვნილ მიწებში გადაცვალა.
საინტერესო დეტალი ის არის, რომ ამ გაცვლის შედეგად ვითომ ფარცხალაძემ 3500 კვადრატული ფართი აუქციონზე შეიძინა, მაგრამ ამ აუქციონზე კონკურენცია ხელოვნურად იყო შეზღუდული და მერიას ჩადებული ჰქონდა პირობა, რომ მიწის მესაკუთრეს მომიჯნავე ნაკვეთზე, რომელიც მანამდე თავად გადასცეს ფარცხალაძეს, უნდა აეშენებინა 200 კვადრატული მეტრი რაღაც საზოგადოებრივი შენობა.
თავიდანვე აუქციონი ისე იყო გამოცხადებული, რომ ფარცხალაძის გარდა ამ ნაკვეთს ვერავინ შეიძენდა. რა თქმა უნდა, ამ გარიგებაში პირდაპირ ჩანს, რომ მერიამ აუქციონის პირობები მხოლოდ ფარცხალაძეზე მოარგო. ეს ზუსტად მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმის საქმის ანალოგია. ამიტომ არის, რომ ჩვენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ვითხოვთ, რომელიც ამ საქმეების კანონიერებას დაადგენს“, – ამბობს „მეტრონომთან“ აბესაძე.
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია კი ამბობს, რომ მერიაში ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი კანონის დაცვითა და შესაბამისი პროცედურების გავლით განხორციელდა.
შესაბამისად მისთვის უცნობია ვერეს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია რა სახის დასკვნას ამზადებს. ნარმანიას განცხადებით, წინასწარ რაიმე კომენტარისგან თავს შეიკავებს და აუდიტის დასკვნას დაელოდება.
“როგორც კი აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდება, ჩვენ ვნახავთ მას და კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებთ. დეტალურ პასუხს მხოლოდ მაშინ გავცემთ ყველას. ჯერჯერობით არ ვიცით რა წერია იქ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველაფერი კანონმდებლობისა და შესაბამისი პროცედურების დაცვით არის განხორციელებული. არ მგონია, რაიმე სახის კანონდარღვევას ჰქონდეს ადგილი”, – განაცხადა ნარმანიამ.
ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გიგა მოსიაშვილი კი „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ ხვალ პრესკონფერენციის გამართვა იგეგმება, სადაც საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრებენ და ფარცხალაძის მისამართით გამოთქმულ ყველა ბრალდებებზე დეტალურ პასუხს გასცემენ.
ადვოკატის თქმით, ისინი დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და ცდილობენ საჯაროდ გავრცელებული ყველა ინფორმაცია გადაამოწმონ.
„ვიძიებთ იმ ინფორმაციას, რომელიც ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობას დაადასტურებს. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას, მედიას მივაწოდოთ სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია.
ნამდვილად არ ყოფილა ამ ქმედების ინიციატორი ბატონი ოთარი. დღეის მდგომარეობით, როგორი კონტურებიც გამოჩნდა, უფრო არის პროვოცირებასთან საქმე, ვიდრე ზოგადად იმ გავრცელებულ ინფორმაციასთან, რაც გავრცელდა მედიასაშუალებების მეშვეობით. დეტალებთან დაკავშირებით, ვაპირებთ, რომ ხვალ გავმართოთ პრესკონფერენცია. სხვა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ,“ – განაცხადა მოსიაშვილმა „მეტრონომთან“ საუბრისას.