რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის საერთო სახალხო განხილვაზე საარჩევნო მანდატების გადანაწილების საკითხზე დებატებს ხმაური მოჰყვა. ერთმანეთს “ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე და პატრიოტთა ალიანსის წევრი, ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.
მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური პარტიები ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს საკუთარ თავზე კი არ ირგებს, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნავს. მისი აზრით, სხვა ხელისუფლება მსგავს დათმობებზე არ წავიდოდა.
„ყველაზე ძალიან ის კონსტიტუცია, რომელიც არსებობს, აწყობს ხელისუფლებას, რომელიც სათავეშია. ჩვენ ვამბობთ, რომ არა, ეს კონსტიტუცია უნდა გამოვცვალოთ, რათა წავიდეთ უკეთესი კონსტიტუციური გზით, უკეთესი კონსტიტუციური მოწყობის გზით და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენს შვილებს დავუტოვოთ უკეთესი ქვეყანა და კონსტიტუცია,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, შეცვლილი კონსტიტუციის პირობებში ქართული ოცნება ნაცვლად 115 ხმისა, მოიპოვებდა 105 ხმას, “ნაციონალური მოძრაობა” 40 მანდატს, ხოლო პატრიოტთა ალიანსი 1 ადგილით მეტს მოიპოვებდა.
ამ განცხადებებს პატრიოტთა ალიანსის წევრი, ირმა ინაშვილი გამოეხმაურა. მან უმრავლესობა პოპულიზმსა და დემაგოგიაში დაადანაშაულა.
„პოპულიზმის კლასიკური მაგალითია, რასაც მე ვუყურებ აქ. ბრალს მდებთ, რომ ვატყუებ საზოგადოებას და არ შემიძლია არ გამოგეხმაუროთ. პატივცემულო საზოგადოებავ, მინდა იცოდეთ, რომ არ გატყუებთ. მე გეუბნებით სიმართლეს და ძალიან მარტივ ენაზე ვამბობ ამას. რასაც გვთავაზობს უმრავლესობა, რომ ეს გადასანაწილებელი ხმები დემოკრატიულად ნაწილდება… აი, ეს არის ტყუილი! ეს არის დემაგოგია და ეს არის პოპულიზმი,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა გასულ არჩევნებზე ხმები მიითვისა.
„არჩევნების შემდეგ დარჩენილი ხმები გადაინაწილეთ თქვენ და “ნაციონალურმა მოძრაობამ” გვრიტებივით და ჩვენ კიდევ 4 მანდატი გვეკუთვნოდა და ამას ვასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ამ განცხადებების შემდეგ პოლემიკაში კომისიის სხვა წევრებიც ჩაერთვნენ, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.