ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად 14 მაისს სლოვაკეთს ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები – მამუკა ჩიქოვანი, რომან გოცირიძე, ადა მარშანია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში რევაზ გაჩეჩილაძე.

გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში 15 მაისს გაიმართება. რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები შედგება.

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ და სლოვაკი და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები ასევე, სლოვაკეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პრემიერთან და ეროვნული საბჭოს სპიკერთან.

ბრატისლავაში გიორგი მარგველაშვილი კომენიუსის უნივერსიტეტში ევროპის სტაბილურობის ჭრილში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით საჯარო ლექციას წაიკითხავს და უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას.

საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრატისლავაში ბავშვთა ფსიქოლოგიისა და პათოფსიქოლოგიის კვლევით ინსტიტუტს ეწვევა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს დაათვალიერებს. ასევე ეწვევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საწარმოს და საწარმოში დასაქმებულებს შეხვდება.

16 მაისს საქართველოს პრეზიდენტს პირველ ლედისთან ერთად სლოვაკეთის პრეზიდენტი ლევოჩაში, მშობლიურ ქალაქში უმასპინძლებს. პრეზიდენტები ტატრას მთაზე სამთო – სათხილამურო კურორტს დაათვალიერებენ და ანდრეი კისკა საქართველოს დელეგაციას ტურიზმის განვითარების მიმართულებით სლოვაკეთის გამოცდილებას გაუზიარებს.

გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტი სლოვაკეთში 17 მაისს დასრულდება.

იტვირთბა....