ალადაშვილის კლინიკაში მოთავსებული ლაშა თორდია ღამით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოინახულა. გიორგი აბაშიშვილმა გენერალურ აუდიტორზე მომხდარ თავდასხმას ამაზრზენი და შემაშფოთებელი უწოდა. მისი თქმით, როდესაც უმაღლესი თანამდებობების პირები არ არიან დაცულები, რიგით მოქალაქეს უფრო მეტად აქვს დაუცველობის შეგრძნება. აბაშიშვილი მომხდარის დროულად გამოძიების მნიშვნელობასა და დამნაშავეების დასჯაზე საუბრობს.
„იმ დროს, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები არ არიან დაცული უსაფრთხოების ელემენტარული წესრიგისგან, იმ დროს როდესაც თურმე დედაქალაქში ბედავენ და აწყობენ გარკვეული ჯგუფები კრიმინალური თავდასხმებს, თავისთავად ცხადია, რომ რიგითი მოქალაქეები თავს უფრო მეტად დაუცველად გრძნობენ, შესაბამისად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს უსწრაფესად და ყველა ის პირი, რომელიც ამ კრიმინალურ თავდასხმაში მონაწილეობდა, დაისაჯოს უმკაცრესად,“-აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.