ავტორი: ელზა პაპოშვილი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს ოთხი მოსამართლე უვადოდ დანიშნა. მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძე და ოთარ სიჭინავა, რომელთა მიმართაც სამოქალაქო სექტორში გარკვეული პრეტენზიები და კითხვები არსებობს. ისინი ოპოზიციასთან ერთად მათ უვადო მოსამართლეებად დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მიხეილ ჩინჩალაძე 11 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა სააპელაციო სასამართლოში.
მიხეილ ჩინჩალაძე 2004-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2007-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2007 წლიდან დღემდე კი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ასევე იყო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარე.
არასამთავრობო ორგანიზაციები – “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები” იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებდნენ, არ მიეღოთ გადაწყვეტილება კანდიდატ მიხეილ ჩინჩალაძის მოსამართელდ გამწესების თაობაზე.
მიხეილ ჩინჩალაძემ, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება 25 აპრილს გაიარა, ვინაიდან მას 10-წლიანი მოსამართლეობის ვადა ეწურებოდა და სურს, კვლავ განაგრძოს სამოსამართლეო საქმიანობა.
“კანდიდატი 2007 წლის 23 მაისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი. ჩვენ დავინტერესდით, თუ რამდენი საქმე ჰქონდა განხილული ბატონ მიხეილ ჩინჩალაძეს სამოსამართლეო საქმიანობის პეროდში 2007 წლიდან დღემდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის წერილიდან ირკვევა, რომ კანდიდატს ბოლო ათი წლის განმავლობაში განხილული აქვს: 2014 წელს 2 კერძო საჩივარი, 2015 წელს 1 კერძო საჩივარი, ხოლო 2017 წელს 17 საკასაციო საჩივარი, 1 კერძო საჩივარი და 2 გასჯადობის საქმე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამის მონაცემების მიხედვით, ბატონ მიხეილ ჩინჩალაძეს 2007 წლიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული, ჯამში, 250 საქმის განხილვაში (246 ადმინისტრაციული, 2 სამოქალაქო 2 სისხლი)”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ზემოთ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.
ამასთან, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩინჩალაძეს უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებზე ზეწოლასა და ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებდა, როდესაც ტელეკომპანიის საქმე განიხილებოდა.
მიხეილ ჩინჩალაძის შემდეგ, დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა. ის სამოქალაქო საქმეთა პალატაში იმუშავებს.
ოთარ სიჭინავა საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი იმით გახდა, რომ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და კაბელების საქმის განხილვის ნაცვლად, თბილისში ძაღლებს ასეირნებდა. სიჭინავა 2006-2016 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. შესაბამისად, იგი უვადოდ დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.
ოთარ სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სარჩელების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მოსამართლე ოთარ სიჭინავა ძაღლებს ასეირნებდა მაშინ, როდესაც სასამართლოში კაბელებისა და უგულავას საქმეები უნდა განხილულიყო, შესაბამისი კვორუმი ვერ მოგროვდა.
ოთარ სიჭინავა იყო ერთ-ერთი მოსამართლე, ვისაც „რუსთავი 2“-ისა და “კაბელების საქმის” ადვოკატები საქმეების გაჭიანურებაში ადანაშაულებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თებერვალში ძალაში შევიდა მართლმსაჯულების “მესამე ტალღის” რეფორმა, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისაგან ათავისუფლებს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედ, ისე ყოფილ წევრებს, თუ მათ საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვთ.
ამ წესით იუსტიციის საბჭოს შესაძლებლობა ეძლევა, უვადოდ დანიშნოს მოსამართლეებად ლევან მურუსიძე, მაია სულხანიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე და სხვები, რომელთა საქმიანობის მიმართ არსებობს მოტივირებული და საფუძვლიანი პრეტენზიები საზოგადოებაში.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილი ეწინააღმდეგება ამ მოსამართლეების უვადოდ ავტომატურად გადანიშვნას. მაგალითად, საიას განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭო ცდილობს, მოქმედი შემადგენლობის პირობებში მოასწროს რიგი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. TI-ის იურისტი, ოლიკო შერმადინი მიიჩნევს, რომ საბჭო ცდილობს, კონკრეტული პირის სასარგებლოდ გამოიყენოს დღეს შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობა.