ერგნეთში, დღეს მიმდინარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ თემად უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი იქნება. ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ ამჯერად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან გარკვეულ საკითხებზე შეჯერდებიან.
“ქართული მხარისათვის დღის წესრიგში რჩება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება ზოგადად გადაადგილების თავისუფლებას, მოსახლეობის მხრიდან საკუთარ მიწებზე წვდომას. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ერგნეთში რამდენიმე შეხვედრის განმავლობაში დღის წესრიგში დგას გახლავთ უკანონო პატიმრობაში მყოფი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი.
რა თქმა უნდა, ამ საკითხების ირგვლივ ჩვენი პოზიცია, ისევე როგორც ბოლო წლების განმავლობაში, არის შედეგზე ორიენტირებული, საქმიანი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხდება საქმეების პოლიტიზირება, ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად შესაძლებელი იქნება გარკვეულ საკითხებზე შეჯერება. მითუმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტნიორების ურყევი მხარდაჭერა”, – განაცხადა ციხელშვილმა.