„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI-ის) შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) მიერ 1991 წელს იმდროინდელ საქართველოში არსებული ვითარებისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ მომზადებული ანალიტიკური მოხსენებების ქართულენოვან თარგმანს აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, დოკუმენტები, IDFI-ის შუამდგომლობით, მისი ამერიკელი პარტნიორის, ეროვნული უსაფრთხოების არქივის მოთხოვნით გასაჯაროვდა.
ტექსტის მიხედვით, ოპონენტები გამსახურდიას ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდნენ.
„დოკუმენტის მიხედვით, როდესაც გამსახურდიას მომხრეებს მისი გაპრეზიდენტება უხაროდათ, ოპონენტები აღნიშნავდნენ, რომ მისი გამარჯვება ავტორიტარიზმის დაბრუნების საფრთხეს შეიცავდა. ისინი ასევე ადანაშაულებდნენ პრეზიდენტს, სტალინის მსგავსი პიროვნების კულტის გაღვივებაში“, – ნათქვამია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში.
IDFI-ის ინფორმაციით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1991 წელს საქართველოში შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა მატულობს, ასევე უარესდება ეკონომიკური მდგომარეობა.
„დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად დამოუკიდებლობის პერსპექტივისა, საქართველოში შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა მატულობს. ოსებთან დაპირისპირებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა საქართველოს მთავრობის საზოგადოებრივ იმიჯს. გამსახურდიას კონფრონტაციამ მოსკოვთან გაამძაფრა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა: იზრდება უმუშევრობა, შეიმჩნევა საკვებისა და ელექტორენერგიის დეფიციტი და მატულობს სამომხმარებლო ფასები“, – აღნიშნულია ტექსტში.
ტექსტის თანახმად, CIA-ს დოკუმენტებში ზვიად გამსახურდიას ეკონომიკურ ხედვებზეცაა საუბარი და აღნიშნულია, რომ ის მხარს უჭერდა საბაზრო ეკონომიკაზე სწრაფ გადასვლას.
„გამსახურდიას აზრით, ეკონომიკური სიტუაცია გამოსწორდებოდა მაშინ, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის ეკონომიკური იზოლაციიდან გამოვა. გამსახურდია მხარს უჭერს საბაზრო ეკონომიკაზე სწრაფ გადასვლას და აღნიშნავს, რომ დასავლური ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა საქართველოს ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია“, – აღნიშნულია ტექსტში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გამსახურდია უკანასკნელ ინტერვიუში თავის აღფრთოვანებას აფიქსირებდა რონალდ რეგანისდამი, ხოლო შარლ დეგოლს თანამედროვე პოლიტიკოსის იდეალად მოიხსენიებდა.
IDFI-ის ინფორმაციით, დოკუმენტები ასევე შეიცავს გამსახურდიას ბიოგრაფიულ დეტალებს როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ, ასევე ინფორმაციას მისი ოჯახის შესახებ.