ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი: პოლიტიკურად, ტრადიციულად, ერთმანეთს აგრესიულად ვუპირისპირდებით

საარჩევნო სისტემა, რომელიც ჩადებულია საკონსტიტუციო ცვლილებებში, ვერ უზრუნველყოფს მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას, ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას და ამომრჩეველთა ხმების დაცულობას, -ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა:

“საარჩევნო სისტემაში პრობლემურია ბლოკების შექმნის უფლების აკრძალვა. ამის მერე ყველაზე უსამართლო ნაწილი, რომელსაც მე ვხედავ, არის გაუნაწილებელი ხმების საკითხია – როცა ყველა გაუნაწილებელი მანდატი მიაქვს არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას.
ასეთი ერთობლიობა, ჩემი აზრით, შექმნის ისეთ ვითარებას, როდესაც ასეთი სამი, ოთხი, ხუთი ძლიერი პოლიტიკური პარტიის შექმნა გაჭირდება, რაც გამოიწვევს ხელისუფლების დაპირისპირებას ოპოზიციასთან და ვიქნებით ისევ ამ დაპირისპირებაში – ხელისუფლება ოპოზიციას შორის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკური პროცესი არ უნდა იყოს დაპირისპირების შემქმნელი:

“სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ვართ მცირერიცხოვანი ერი და ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, პოლიტიკურად, ტრადიციულად, ვუპირისპირდებით ძალიან აგრესიულად ერთმანეთს, ყველაზე მეტად ალბათ ეს დაპირისპირება სწორედ სამეგრელოს ახსოვს.
ეს უნდა შეიცვლოს. არ შეიძლება, რომ ჩვენ ოპოზიციას არ მივცეთ საშუალება, რომ უფრო გაძლიერდეს და მითუმეტეს ეს გაძლიერება იყოს არა ერთი, არამედ მოხდეს რამდენიმე ოპოზიციური ძალის გაძლიერება, მოხდება არა ეს სამოქალაქო დაპირისპირება, არამედ იქნება მშვიდი კამათი და ვინ რამდენ პროცენტს აიღებს.
როდესაც გვაქვს უკვე ასეთი ტრადიცია, როდესაც ჩვენ, როგორც მოქალაქეები და ამომრჩევლები მივეჩვიეთ იმას, რომ პრეზიდენტს ვირჩევთ, თუ შენ ამას მე მიცვლი, თუ მართმევ არჩევანის უფლებას, ეს უნდა ამიხსნა რატომ აკეთებ ამას. რა პრობლემა იქნება იმაში, რომ ჩვეულებრივმა, რიგითმა მოქალაქემ, რიგითმა ამომრჩეველმა აირჩიოს პრეზიდენტი”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

იტვირთბა....