21 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი მოქალაქის თამაშებში დაშვება შესაძლოა დასჯადი გახდეს, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ Bpn ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შესაბამის ნორმას სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, ასევე სავალდებულო ხდება თამაშობის ადგილზე საქართველოს მოქალაქის დაშვება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. ონლაინ კაზინოში მოგებული თანხის გატანა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოთამაშის პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
„აიკრძალება სალაროდან თანხის გატანა, რაც გამოიწვევს არასრულწლოვანი პირების თამაშის შეზღუდვას, თანხის მოძრაობის კონტროლს, ობიექტში ელექტრონული თამაშობიდან მიღებული მოგების გასაცემი სალაროების გაუქმებას და ასევე, ობიექტების გარეთ არსებული სალაროების ცნების გაუქმებასაც“, – აღნიშნულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც შემოსავლების სამსახურმა მოამზადა.