საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები კონსტიტუციის ახალ პროექტს მოსახლეობას ჩოხატაურში აცნობენ. შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა და დოკუმენტის ახალი რედაქცია გააცნო.
ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა და მაგალითად ევროპული გამოცდილება მოიყვანა.
„პრეზიდენტი ამ სისტემაში არ არის პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე, მას არ აქვს შესაბამისი ძალაუფლება და უფლებამოსილებები მინიჭებული და იმ პირობებში, როდესაც ამ სისტემაში პრეზიდენტს ირჩევ პირდაპირი წესით. ჩნდება ძალიან დიდი დისპროპორცია, დისბალანსი პრეზიდენტის მანდატს, ლეგიტიმაციასა და უფლებამოსილებებს შორის. ანუ პრეზიდენტს აქვს ძალიან შეზღუდული კომპეტენციები დღესაც და ხვალაც ასე იქნება და მას აქვს მინიჭებული ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და მანდატი. არის უზარმაზარი დისპროპორცია, რაც პრაქტიკაშიც აჩენს ხოლმე პრობლემებს. ეს ქართულმა გამოცდილებამაც დაადასტურა და ამასვე ადასტურებს ევროპული გამოცდილება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საორგანიზაციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობა 5 მაისს, ქუთაისიდან დაიწყეს. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა 15 მაისს თბილისში დასრულდება. იქამდე კი კომისია მოივლის ამბროლაურს, ოზურგეთს, ბათუმს, ზუგდიდს, ახალციხეს, გორს, თელავს, მცხეთასა და რუსთავს.
საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის ახლებურ დებულებების მიხედვით იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი. არჩევნების შედეგად გაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას მიკუთვნება. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებაა საარჩევნო ბლოკების აკრძალვაც.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს ხელმოწერით მხარი 108 დეპუტატმა დაუჭირა.